Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ბერაზე მუქარაზე რეაგირება მისი "პირდაპირი მოვალეობა" იყო


სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი უფროსი, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ "TV პირველის" გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობენ, 2010-2011 წლის პერიოდს ასახავს. მან ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, როგორ რეაგირებდა ბერა ივანიშვილის მიმართ მუქარაზე, როცა ის იყო ივანიშვილების დაცვის სამსახურის უფროსი.

"[2010-2011 წლებში] ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზეიმით აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

XS
SM
MD
LG