Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალიან მძიმე" შეხვედრა თბილისში და გზავნილები ბრიუსელიდან


3-დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და თითქმის 2-დღიანი პაუზის შემდეგ, ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პროცესში, 17 მარტს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პირველად დასხდნენ ერთ მაგიდასთან.

ამ შეხვედრის დაწყებას დროში დაემთხვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომ ევროპელი პარტნიორები პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გაგრძელებას ემხრობიან და 2020 წლის არჩევნების შედეგებს აღიარებენ. წითელ ხაზებზე ლაპარაკობდა პრემიერი 16 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეც. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან აბსოლუტურად ყველა საკითხი განიხილება. ევროკავშირში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დღის წესრიგში დგას ერთგვარი ამნისტიის კანონის მიღებისა და არჩევნებამდე მისასვლელი გზის გამონახვის საკითხები.

იყო ძალიან რთული და ძალიან მძიმე მოლაპარაკებები - ასე დაახასიათეს ხელისუფლებასთან დიალოგის შინაარსი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. შეთანხმება მიღწეული არ არის. დეტალები ისევ არ კონკრეტდება, მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დატოვებული გეგმის ყველა პუნქტს და მათ შორის არის პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემებიც.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი აბსოლუტურად ყველა პუნქტზე არ შეთანხმდებიან, შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება.

  • „ყველა პუნქტზე იყო დღეს საუბარი. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით“ - ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“;
  • „არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული გადაწყვეტილება. რა იქნება შიგნით ჩაწერილი, ამას ვერ გეუბნებით“ - გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • „ვმუშაობთ იმაზე ორიენტირებულად, რომ ყველა საკითხზე შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება დარჩეს შეუთანხმებელი. მაშინ ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ იქნება“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედია დიდხანს ელოდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოხატა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და უკვე 18 მარტს წარმატებით დასრულდება. დეტალებზე არ ლაპარაკობს, თუმცა მაგალითად, გეგმის ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნავს რომ "საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს". მისი კომენტარების ძირითადი ნაწილი კვლავ ოპოზიციონერების კრიტიკას დაეთმო. მან თქვა, რომ ოპოზიციამ გაუთქმელობის პირობაც დაარღვია.

"მათთვის ევროპა არის უცხო და დასავლეთი არის უცხო. ეს მათი ბუნებაა და არ სცემენ პატივს დასავლურ ინსტუტუტებს და მათ შორის იმ პირობას, რომელსაც ისინი დებენ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე... დღეს ისაუბრეს მათ წითელ ხაზებზე, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა" - განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. "ტექსტი იღებს ისეთ სახეს, რომ სამართლიანად გამოხატავს არსებულ პოზიციებს" - განაცხადა მან და ილაპარაკა საჭიროებაზე, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ნათელაშვილის პროტესტი

შეხვედრიდან ტრადიციულად ყველაზე ადრე გამოვიდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. თუმცა ამჯერად მისი ნაადრევი გამოსვლა პროტესტის დემონსტრირებას ემსახურებოდა. ნათელაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნები არასათანადოდ არის წარმოდგენილი.

„მედიატორებმა კონსულტაციების შედეგად მოამზადეს დოკუმენტის სქემა და დაგვირიგეს... სქემა იწყებოდა განცხადებით, რომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ასეთი პრეამბულის პირობებში, მაპატიეთ და... ვერ დავიწყებ დიპლომატიური ფრაზებით იმის შენიღბვას, რაც ჩემი თვალით ვნახე... ხელახალ არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე ზოგადად და მორიდებით მეოთხე-მეხუთე პუნქტებშია საუბარი“ - განაცხადა ნათელაშვილმა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებელ პირობად ამ ორი უმთავრესი პუნქტის წინა პლანზე წამოწევა დაასახელა.

მოგვიანებით, შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილმა პროცესი ნაადრევად დატოვა და დარჩენის შემთხვევაში, ის უფრო მეტს გაიგებდა.

ღარიბაშვილი ბრიუსელიდან

17 მარტს, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში შესახვედრად იკრიბებოდნენ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შეჯამება გადაწყვიტა.

„(ბრიუსელში) ყველას კონსოლიდირებული რჩევაა შემდეგი: პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად“ - უთხრა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა ასევე, რომ ევროკავშირში ეჭვქვეშ არ აყენებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც აღიარებულია OSCE/ODIHR-ის მიერ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველა პუნქტზე შეთანხმების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში სამუშაოდ შევლენ. თუმცა ღარიბაშვილი ამას არ გულისხმობს.

ის ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისი „ხელოვნურია“ და კონსტრუქციულმა ოპოზიციამ "გაბედული" ნაბიჯი უნდა გადადგას:

  • „კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო რეპორტი ვნახეთ ეუთო/ოდირის, მოვისმინეთ ჩვენ გუშინ განცხადებები ევროკავშირის, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს“;
  • „მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი - რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალური ნაწილის ზრახვებსა და იდეებს - მე მჯერა იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების გადაწყვეტენ და გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“.

ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში - თქვა პრემიერმა 16 მარტს, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თუმცა OSCE/ODIHR-ის ანგარიშის ტექსტში გამოყენებული არ არის უმაღლესი შეფასება - „თავისუფალი და სამართლიანი“.

16 მარტს პრემიერმა ევროკავშირის ტრიბუნიდან წითელ ხაზებზეც ილაპარაკა და მკაფიოდ მანიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აპირებს და არც დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას.

იმ პირობებში, როცა დიალოგი თბილისში ჯერ ისევ მიმდინარეობს, ღარიბაშვილის ეს სვლა ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ჩათვალა მოლაპარაკებების დასრულების სურვილის გამოხატულებად და ასევე ევროკავშირის რეაქციების მოსინჯვად.

თავის კომენტარში ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია ბოლო ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში გამართული სამი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, რომელმაც თბილისში ჩამოსვლისას, პირადად იტვირთა პოლიტიკური დიალოგის მეურვეობა და 12 მარტს საქართველოში პირადი წარმომადგენელი, კრისტან დანიელსონიც გამოგზავნა. სწორედ დანიელსონი უძღვება მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თბილისში.

სხვა გზავნილები ბრიუსელიდან

ბოლო დღეებში განცხადებები არც თავად შარლ მიშელს გაუკეთებია. ხოლო ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენელთა განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ მათ პრეტენზია არა აქვთ 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, პოლიტიკური დაპირისპირების პარლამენტის კედლებში გადატანის მომხრეებად რჩებიან და მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შემდგომი დახმარება შეთანხმების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

ასევე, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების მთავარი აქცენტების თანახმად, ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის წინსვლის გზაზე; თუმცა კონსტრუქციულობისკენ მოწოდებები ისმის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მხოლოდ საქართველოს მიერ გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნევენ.

წყარომ ევროკავშირიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ჯერ კიდევ გუშინ, 16 მარტს უთხრა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ მხოლოდ ნახევარ გზაზეა და ეს იქნება „რთული გზა“. ამავე წყაროს ცნობით, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი ორ პუნქტამდე „ვიწროვდება“ და დღის წესრიგში სავარაუდოდ დადგება შემდეგი საკითხები:

  • „გარკვეული სახის ამნისტიის კანონი’, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან მიმართებით;
  • „გარკვეული გზის აღწერა არჩევნებისკენ“, რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკის ნაცვლად.

ევროკავშირის წარმომადგენელი ანონიმურად ლაპარაკობს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას გამოვლენილ წნეხზე, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ წნეხი არც ოპოზიციას მოაკლდება.

სახიფათო პროცესი

მართალია, „ქართული ოცნება“ კრიზისის არსებობას არ აღიარებს და მას ხელოვნურს უწოდებს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის ცხადია, რომ პროცესი ქვეყანაში სახიფათო გზით მიდის.

ვითარება თანდათან სულ უფრო სახიფათო სახეს რომ იღებს, ამის დასტურად კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ჩვენთან საუბრისას მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი, რომლის შესახებაც 17 მარტს გახდა ცნობილი. ანალიტიკოსს ეს ვითარება სულ უფრო ახსენებს გასული საუკუნის 90-იან წლებს.

როგორც ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შექმნილ სახიფათო სიტუაციაში გამოსავლის ძიება ხელისუფლების მოვალეობაა და აქ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი რეგიონში არსებული ვითარებაც.

„ცხადია, შეიძლება ხელისუფლებამ პრინციპულად უარყოს ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ითხოვს და თავისი გაიტანოს, მაგრამ ეს სახიფათო იქნება ქვეყნისთვის.

როცა ოპოზიციას უპასუხისმგებლოს უწოდებს, მაშინ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ და გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს. რადგან ქვეყანა ამ ვითარებამდე მივიდა, ერთ-ერთ რეალისტურ გამოსავლად მიმაჩნია პლებისციტის ჩატარება შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად და თუ ხალხის გადაწყვეტილება იქნება, ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს.

ეს იქნებოდა ოპტიმალური გამოსავალი. ვითარება სახიფათოა, რადგან ეს არის რეგიონი, სადაც ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, რუსეთმა გაიმყარა პოზიციები“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, არარელევანტურია ხელისუფლების სიმშვიდე და იმედი, რომ ოპოზიცია ქუჩაში ხალხის კრიტიკულ მასას ვერ გამოიყვანს, რადგან არანაკლებ სახიფათოა „დიდი და მცირე პერმანენტული აქციები“ და მუდმივი დაძაბულობა.

„ამან შეიძლება გამოიწვიოს ოპოზიციის განულება, მაგრამ არც ხელისუფლებასა და ქვეყანას დაადგება კარგი დღე. იქნება მუდმივი დაძაბულობა და ამ მუდმივ დაძაბულობაში ვინ რა როლს ითამაშებს და რა დოზით ჩაერთვება, კაცმა არ იცის... ეს იქნება ასევე ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლის შეფერხება და ჩვენ დავკარგავთ დიდ დროს“ - ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრითაც „ქართული ოცნება“ უკან დახევას აპირებს.

2020 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით ევროკავშირის ჩამოყალიბებული პოზიციის მიუხედავად, ექსპერტები ხშირად ლაპარაკობენ დამატებით ფაქტორებზე, რაც შესაძლოა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობად განიხილებოდეს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების გამართვის წინაპირობად იქნებოდა მიჩნეული თუნდაც მხოლოდ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომრისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა, როგორც ეს გიორგი გახარიას შემთხვევაში მოხდა. მათი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის შეიცვალა ის მოცემულობა, რის გამოც მან 2020 წლის ოქტომბერში მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG