Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისთან ერთად, ვის წინააღმდეგ? გახარიას გააქტიურების ორი ვერსია


პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ, მისი დუმილის დარღვევას პოლიტიკური ხმაური მოჰყვა. მან თქვა: არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდანო. პოლიტიკოსები და ექსპერტები ცდილობენ გამოიცნონ, ვისთან ერთად და ვის წინააღმდეგ ბრუნდება გახარია? 

მართალია, გახარიას გადადგომისადმი მიძღვნილ, 19 თებერვლის ფოტოს უკვე მეორე დღეს 160 ათასამდე მოწონება ჰქონდა, ხოლო დაბრუნებისადმი მიძღვნილი პოსტი დროის იმავე მონაკვეთში 60 ათასმა ადამიანმა მოიწონა, მაგრამ არავინ დავობს, რომ ექსპრემიერი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გულის მოგებას შეძლებს. პარალელურად, გაჩნდა კითხვები - გიორგი გახარია დამოუკიდებლად მოქმედებს თუ ის ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია?

აქ განვიხილავთ ორივე ვერსიას და იმ არგუმენტებს, რაც თითოეული ვერსიის მხარდამჭერებს აქვთ.

ვერსია #1 - გახარია ივანიშვილის პროექტია

ამ ვერსიის თანახმად, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა სამომავლოდ, ანუ „შავი დღისთვის შეინახა“, დასვენების უფლება „გამოძახებამდე“ მისცა, მაგრამ მალევე დასჭირდა და „ქართული ოცნების“ მომავალ ოპოზიციად გამოიხმო.

ასეთ სცენარს ხელისუფლების ოპონენტებიდან ბევრი იზიარებს და მათ შორის არის - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. მას ეჭვი არ ეპარება, რომ გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალის - ქართული ოცნება 2“-ის შესაქმნელად „შვებულებიდან“ გამოიყვანეს.

რატომ მაინცდამაინც ახლა? რატომ ააჩქარეს გახარია?

#1 ვერსიის მიმდევრები მიზეზად დასავლელი პარტნიორების გააქტიურებასა და ჰაერში რიგგარეშე არჩევნების სუნის დატრიალებას ასახელებენ. ამბობენ, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწიოს, თუ ასე მოხდა, მმართველი პარტია ამ არჩევნებს ვერ მოიგებს და ამიტომ გახდა საჭირო ზრუნვა ალტერნატიული ფრონტის ჩამოსაყალიბებლად.

22 მარტს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან სალაპარაკოდ ბრუნდება, გახარიამ ტვიტერის საშუალებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის „პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისა” და საქართველოს ევროპული მომავლისთვისრეალური დღის წესრიგის შექმნის“ მიზნებზე ლაპარაკობს. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს პოსტი სწორედ ევროპელი პარტნიორების საყურადღებოდ დაიწერა.

აქვეა საზოგადოების ერთი ნაწილის ეჭვი (ან სურვილი), რომ ევროპელების გულს გახარია ასე იოლად ვერ მოიგებს და მას პასუხის გაცემა მრავალ შეკითხვაზე მოუწევს, იქნება ეს 20 ივნისის მოვლენები, სადაც მან დემონსტრანტების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობა იტვირთა, თუ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებული საკითხები.

ოპონენტები აღნიშნავენ იმასაც, რომ გახარიას მოუწევს, ევროპელებსა და საერთოდ, დასავლელ პარტნიორებს დამაჯერებლად გაუქარწყლოს დამკვიდრებული მოსაზრებები რუსეთთან მისი საეჭვო კავშირების შესახებ.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ გახარიას პოლიტიკური გეგმები არა მაინცდამაინც ვადამდელ არჩევნებს, არამედ თვითმმართველობის არჩევნებსაც უკავშირდებოდეს და, „ივანიშვილის პროექტის“ ფარგლებში თუ დამოუკიდებელი მოთამაშის რანგში, „ძალების მოსასინჯად ანდა მხარდაჭერის დასადასტურებლად იბრძოლოს თბილისის ან საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის პირველი პირობისთვის“.

ვინ იქნება გახარიას ამომრჩეველი?

#1 ვერსიის თანახმად, გახარიას პირველ ეტაპზევე დაუჭერს მხარს დღევანდელი „ქართული ოცნების“ მიმართ სხვადასხვა მიზეზით და მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული წასვლით გულაცრუებული ამომრჩეველი, რომელიც ინერციითა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიშით, ჯერ ისევ და მაინც „ქართული ოცნების“ ახლოს ტრიალებს, ხოლო გახარიას კარგ მენეჯერად მიიჩნევს.

„ბიძინა ივანიშვილის პროექტობა სულ რომ მითი იყოს, გახარიას ეს ვერსია ჯერჯერობით აწყობს - ასე უფრო კარგად მოახდენს ზემოქმედებას „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე და მეტ ადამიანს მიიმხრობს... ოპოზიციის ხმების იმედი გახარიას ამ ეტაპზე არ უნდა ჰქონდეს. მისი პირველადი ელექტორატი „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ მხარდამჭერებს შორისაა, ხოლო სამომავლოდ ასათვისებელ ელექტორატად - ნეიტრალური ამომრჩევლები უნდა განვიხილოთ“, - გვეუბნება ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“.

პოლიტიკაში დაბრუნების (პოლიტიკიდან არწასვლის) შესახებ პირველ კომენტარში, 22 მარტს, გიორგი გახარია სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობდა. ვინ იგულისხმა მან ნაცვალსახელში „ჩვენ“, არ დაუზუსტებია.

რადგან #1 ვერსიის მომხრეები მის უკან ბიძინა ივანიშვილს უკვე ხედავენ, ახლა ყველას აინტერესებს, კიდევ ვინ იდგება მის უკან და ვინ იდგება მის გვერდით.

„მთავარი არხი“ ჯერ კიდევ 20 მარტს ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ გახარიას პარტიას ბიძინა ივანიშვილი მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით დააფინანსებს. ამ ვერსიას „ბოდვები“ უწოდა თავად ჩხარტიშვილმა, თუმცა შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

ჩხარტიშვილის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ, როგორც „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება ერთ დროს „ქართული ოცნებისა“ და ამჟამად „ლელოს“ წარმომადგენელი, ანი მიროტაძე, მისი ინფორმაციით, გახარიას უკან სხვა ბიზნესმენებიც მრავლად დგანან და მათი ერთი დიდი ნაწილი ებრაელი ინვესტორების მიერ დაფინანსებულ გადამზიდავ კომპანიებს წარმოადგენს.

ზოგადად, მიროტაძე უფრო იმ ვერსიას იზიარებს, რომ გახარია პოლიტიკაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს და „შვებულებიდან შეიძლება გამოიყვანეს, მაგრამ გააჩნია, ვინ გამოიყვანა“.

თუკი მისი გადადგომის დროს „ქართულ ოცნებაში“ ძირითადად უარყოფითი შეფასებები ისმოდა და დარჩენილთაგან მას მადლობა თითქმის არავინ გადაუხადა, პოლიტიკაში გააქტიურების განაცხადის კვალდაკვალ მმართველი პარტიის რიგებში კეთილგანწყობილი და რბილი კომენტარებიც გაკეთდა. #1 ვერსიის მომხრეები ამ მოვლენას ორი ფაქტორით ხსნიან: 1. „ქართულ ოცნებაში“ დაბნეულობაა - ზუსტად არ იციან, რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი და 2. შესაძლოა, ზოგი პოლიტიკოსი „ოცნებიდან“ უკვე ემზადება გახარიასთან გადასაბარგებლად.

თუკი ამ ვერსიას მივყვებით, პრემიერის პოსტიდან გახარიას გადადგომაც წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლის ნაწილად უნდა განვიხილოთ. მაგრამ აქვე ჩნდება ერთი, ლოგიკური კითხვა - რამდენად აძლევდა ხელს მას პოსტიდან გადადგომა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებული მიზეზით?!

ვერსია #2 - გახარია დამოუკიდებლად მოქმედებს

თუკი გახარია პოლიტიკაში მართლაც დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ბევრის აზრით, ეს მისი გააქტიურების შემდეგ მალევე გამოჩნდება.

#2 ვერსიის მომხრეებისა თუ #1 ვერსიის ბოლომდე არგამზიარებელთა ერთი ნაწილის აზრით, პირველი ტესტი იქნება ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ გახარიას რეალური და არა მოჩვენებითი დაპირისპირება; ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ რეალობა „ქართული ოცნების“ რეაქციებსა და გახარიასთან ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირებაში უფრო გამოჩნდება.

„თუკი მისი და მისი მომხრეების მიმართ გაიხსნება ცეცხლი, მაშინ დადასტურდება, რომ ის არ არის „ქართული ოცნება - 2“. ცეცხლის გახსნაში კონკრეტული საქმეების წამოწევას ვგულისხმობ. გახარიას შესაძლოა არაერთი საკითხი გაუხსენონ“, - გვეუბნება ანი მიროტაძე.

ეს ვერსია ბოლო დღეებში კიდევ არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ექსპერტმა გამოთქვა. კონკრეტულ საქმეებში ისინი გულისხმობენ, მაგალითად:

  • ისევ 20 ივნისის მოვლენებს და გახარიას როლს მომიტინგეთა სასტიკ დარბევაში;
  • „ანაკლიის პორტის“ მშენებლებისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის, ე.წ. მუქარის წერილის გაგზავნის ბუნდოვან ისტორიას;
  • საეჭვო კონტრაქტს ნამახვანჰესთან დაკავშირებით;
  • უკანონო თვალთვალის საქმეს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება პროკურატურამ 22 მარტს დაიწყო და რომლის გამოც თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარიას ყოფილი მოადგილე შს სამინისტროში, კახაბერ საბანაძე.

თუკი „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა დაიწყო, ის შეიძლება ამჟამინდელი ოპოზიციის დასაცავიც გახდეს, - ამ ვერსიას ჩვენთან საუბრისას არაერთი რესპონდენტი გამოთქვამს. ასევე ფიქრობენ, რომ გახარიას აჩქარება შესაძლოა სწორედ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოლოდინს უკავშირდებოდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გახარიას მხოლოდ „ლაიქები“ არ უშველის და პოლიტიკაში გააქტიურების შემთხვევაში, ხალხს ყველაფერი გულახდილად უნდა აუხსნას; ხოლო რაზეც პასუხისმგებლობას მოიხსნის, იქვე ალტერნატიული დამნაშავეები დაასახელოს. „გახარიას ძალიან ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და 20 ივნისის გარდა, ამ საქმეებს შორის არის, მაგალითად - ია კერზაიას გარდაცვალებასთან თუ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებასთან დაკავშირებული საქმეები“, - გვეუბნება ხატია დეკანოიძე.

როგორც #1, ასევე #2 ვერსიის თანახმად, გახარიასთან შეჭიდებისას არჩევნებში დაზარალდება ამჟამინდელი „ქართული ოცნება“ და ამიტომ ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამჟამინდელი მმართველი გუნდიდან გახარიასთან ბევრი სწორედ ამ მოლოდინის გამოც გადაბარგდეს. საქმე იქამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ პარლამენტი დაიშალოს და რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდეს.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, რომ ეს რთული სულაც არ იქნება:

„ეს შესაძლებელია, თუკი პარლამენტში მთავრობის მიმართ ნდობის საკითხი დაისმება და მინიმუმ 76 მხარდამჭერი დეპუტატი აღარ მოიძებნება. ახლა, როცა პარლამენტში ერთი ფრაქციაა, მოქმედი პრემიერისთვის და მისი მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის ინიცირება შეუძლია ნებისმიერ დეპუტატს. თუ უნდობლობა გამოცხადდა, ხოლო პრემიერობის ალტერნატიულმა კანდიდატმა და მისმა გუნდმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ამ შემთხვევაში დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - ამბობს ალაფიშვილი. *

როგორც ანი მიროტაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ასეთი სურათის მისაღებად, პარლამენტში გიორგი გახარიას ამ ეტაპისთვის მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს. თუმცა, თუკი ამას მივამატებთ, მისი თქმით, „ოცნებაზე“ ასევე განაწყენებული თბილისის მერის, კახა კალაძის მომხრე დეპუტატებსაც, მაშინ პროცესი შესაძლოა მივიდეს რიგგარეშე არჩევნებამდე.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების ვერსიას ანი მიროტაძე პრაქტიკულად გამორიცხავს და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ, ევროკავშირის აქტიურობისა და დანიელსონის დაბრუნების ფონზე, სწორედ რიგგარეშე არჩევნებზე დაიწყო გათვლა. „გახარიამ შესაძლოა თავისი ძველი არხებითაც მიიღო ამ ტიპის ინფორმაცია ანდა უბრალოდ იგრძნო, რომ ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ერთადერთი გამოსავალია“, - გვეუბნება მიროტაძე.

კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას, „ქართულ ოცნებაში“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობად სულაც არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პირიქით, კომპრომისებზე წასვლა ოპოზიციას მოუწევს.

* კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG