Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე მუშაობას იწყებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 მარტს


96 დეპუტატი, 90-ზე მეტი კანონპროექტი - "ამ პარლამენტის არევის საშუალებას არავის მივცემთ"

პარლამენტი საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დასაწევად მუშაობას იწყებს. ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო, თუმცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არაა. ბარიერის შემცირებაზე მუშაობას „ქართული ოცნება“ იმ იმედით იწყებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს დაასრულებს და აუცილებელი მინიმუმის, 113 დეპუტატის მხარდაჭერის შეგროვება მოხერხდება. ცნობისთვის, ახლა პარლამენტში 96 დეპუტატია.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერების დიდი ნაწილისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთი ცვლილებისა თუ მთლიანად საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ, გვერდზე გადადონ მთავარი მოთხოვნები - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მოთხოვნები აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დაიწყო რეგისტრაცია Pfizer-ის ვაქცინაზე

25 მარტს საღამოს 6 საათიდან დაიწყო რეგისტრაცია იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტარონ. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ იმ სამიზნე ჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე, რომლებიც ახლა აცრას ექვემდებარებიან. ესენია: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელს გადაცილებულები.

შესაძლოა, მომავალში ქვეყანაში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ თქვა.

„მასიური, ასეთი ფართო ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მე-3-მე-4 კვარტალში, თუმცა მანამდე, ახლა დღევანდელი მდგომარეობით მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ამ ვაქცინების“, - თქვა გაბუნიამ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს სრულდება ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი

დღეს ჟენევაში სრულდება საერთაშორისო დისკუსიის 52-ე რაუნდი. საქართველოს სამთავრობო დელეგაციისთვის მთავარ საკითხებად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობა, ჰუმანიტარული კრიზისი, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება, ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას.

თბილისის დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

52-ე რაუნდის წინ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ კონსულტაცია გამართა აფხაზური და ოსური დელეგაციების წარმომადგენლებთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხარეებმა საერთო პოზიცია დაადასტურეს და პრიორიტეტებად ისევ განსაზღვრეს საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმებების ხელმოწერა და „საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის უსწრაფესად დაწყება და შემდგომი დემარკაცია“.

აშშ და ევროკავშირი ერთობლივ რეაგირებას მოახდენენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიაზე

აშშ-ს და ევროკავშირს განზრახული აქვთ, ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მტრულ ზრახვებს, მათ შორის, აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეპ ბორელის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვეს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მომავალში კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის გამომწვევ ქმედებეზე, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ასევე დეზინფორმაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, ბოროტგანზრახულ კიბერსაქმიანობასა და სამხედრო ძალის დემონსტრირებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ირინოლა - ხელისუფლების აგენტი პროვოკატორი

წარმოიდგინეთ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმე, სადაც მთავარი მოწმე ერთი და იგივე პირია. ასეთი საქმე პროკურატურაში ათეულობითაა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში პირის დასაპატიმრებლად გამოძიება აგენტ-პროვოკატორს იყენებს. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო თავისუფლება აღწერს, როგორ აკავებს პროკურატურა მათ, ვის მიმართაც ხელისუფლებას პოლიტიკური, ან ხელისუფლების წარმომადგენლებს - პირადი ანგარიშსწორება აქვთ გადაწყვეტილი.

ეს არის ამბავი ირინოლაზე - აგენტ-პროვოკატორ ქალზე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელით ათეულობით საქმეში შეგხვდებათ.

ირინოლა - საინტერესოდ მოსაუბრე ქალი, ვულგარული ჩაცმულობით, ძვირფასი აქსესუარებით და უცნაურად მოხატული ფრჩხილებით, მსხვერპლს მახეში ინტიმური ურთიერთობით აბამს.

როგორ მუშაობს ირინოლა და როგორ უნდა მუშაობდეს აგენტი ევროპული სტანდარტებით? რას ამბობენ ისინი, ვინც მისი მსხვერპლები გახდნენ და რას ამბობს თავად აგენტი-პროვოკატორი სასამართლოს წინაშე? წაიკითხე, ნახე და მოისმინე მეტი გიორგი მგელაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ აქვს შაქრიანი დიაბეტი და დაუდასტურდა კორონავირუსი?

რატომ აღენიშნებათ დიაბეტის მქონე პაციენტებს როგორც კოვიდით ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი?

ამ კითხვებზე გვიპასუხებს ენდოკრინოლოგი ქეთევან ტაბატაძე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG