Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" არ აპირებს, გააკრიტიკოს გიორგი რურუას შესაძლო შეწყალება


ფოტო არქივიდან: გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე
ფოტო არქივიდან: გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს კრიტიკული პოზიციის გამოხატვას, თუ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მფლობელს, მსჯავრდებულ გიორგი რურუას.

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც მზადყოფნას ადასტურებს, განიხილოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი განახლებული დოკუმენტი, მმართველი პარტია პოზიციას აფიქსირებს გიორგი რურუას პატიმრობის საკითხზეც:

რურუა არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს. 2020 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

ოპოზიციური პარტიები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და „ქართულ ოცნებასთან“ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მუდმივად მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას. მმართველი პარტია გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას უარყოფს.

საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წევრების ნაწილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG