Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო სისტემა - გაფრთხილება ისმის, ქარავანი მიდის


პარლამენტში დაიწყო პროცესი, რომელიც, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის  მიერ 19 აპრილს ხელმოწერილ „შარლ მიშელის შეთანხმებას“. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენის პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და სახალხო დამცველი. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პროცესიდან გამოთიშვით ოპოზიციური პარტიები თავად არღვევენ „შარლ მიშელის შეთანხმებას“. კანდიდატების მოსმენის პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 ივლისს დაიწყო და ის 10 ივლისამდე გასტანს. ამ ეტაპზე პარლამენტმა სულ 9 კანდიდატზე უნდა იმსჯელოს.

6 ივლისს, საპარლამენტო კომიტეტში, შეკითხვებს პასუხობდა ორი კანდიდატი - გოჩა აბუსერიძე და გიორგი გოგიაშვილი.

გოჩა აბუსერიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე

ექმნება თუ არა რაიმე სახის დისკომფორტი იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად იბრძვის იმ ფონზე, როცა საერთაშორისო პარტნიორები, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერებას მოითხოვენ? - ამ შინაარსის შეკითხვა გოჩა აბუსერიძეს 6 ივლისს საკომიტეტო მოსმენაზე არაერთხელ დაუსვეს.

კანდიდატი აღნიშნავს, რომ „გარკვეული სახის დისკომფორტი არის“, რადგან განხილვის პროცესი „ბოიკოტის რეჟიმში“ მიმდინარეობს; თუმცა ასევე თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი გააგრძელა, მოსამართლეთა რიცხვის 17-დან 28-მდე გაზრდის მიზნით.

რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას - აბუსერიძე შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და რადგან პარლამენტში გასაუბრებაზე დაიბარეს, ამიტომ მივიდა.

„პარლამენტის უფლებამოსილებაზე ვერ ვისაუბრებ. შეაჩერებს თუ არა ამ პროცესს, ეს საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია. კანონს არ ეწინააღმდეგება და მიზანშეწონილობა ჩემი გადასაწყვეტი არ არის...“

შეაფერხებს თუ არა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში?

ამ შეკითხვაზე მოსამართლის პასუხია - „მომავალი გვიჩვენებს“.

გოჩა აბუსერიძე მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემას აბრალებს იმ ფაქტს, რომ დღეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა იმაზე დაბალია, რასაც „დღევანდელი სასამართლო იმსახურებს“. მისი აზრით, დღევანდელი სასამართლო რეფორმებს საჭიროებს, მაგრამ „სისტემა ახლაც აბსოლუტურად დამოუკიდებელია“ და საერთოდაც, პირადად მას ზეწოლა არც წინა ხელისუფლების დროს განუცდია.

გოჩა აბუსერიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არ არსებობს „კლანი“, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ უკვე ღიად ლაპარაკობენ საერთაშორისო პარტნიორები და ეს ტერმინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მარტის ანგარიშშიც მრავალჯერ არის ნახსენები. კანდიდატის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის:

„ამ მიმართებით სასამართლოსთან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უფრო მეტი კომუნიკაცია რომ ჰქონდეთ, ალბათ ასეთი მკაცრი ჩანაწერი არ იქნებოდა (ანგარიშში)“... „აღქმაა ისეთი, რომ სასამართლოში გავლენის ჯგუფები არსებობს... ჩემი პირადი აღქმაა, რომ არ არსებობს“.

გოჩა აბუსერიძის ბიოგრაფიიდან:

47 წლის გოჩა აბუსერიძე მოსამართლეთა კონფერენციამ სულ ახლახან, 26 მაისს აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. ის 2017 წლის ოქტომბრიდან უვადო მოსამართლედ არის გამწესებული და 2020 წლის მარტიდან ბოლო დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეა.

  • 2017-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2013-2017 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
  • 2012 წლის ოქტომბრიდან იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2009-2010 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  • მანამდე, 1999 წლიდან მუშაობდა შს სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში.

გიორგი გოგიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე

„ის კრიტიკა, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოდის... და როცა სისტემა მასობრივი საშუალებების მხრიდან ასეთი კრიტიკული წნეხის ქვეშ არის, ჩემზე, რასაკვირველია, მოქმედებს უარყოფითად“, - ასე პასუხობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საპარლამენტო კომიტეტში დასმულ შეკითხვას - ხომ არ უქმნის მას დისკომფორტს კონკურსში მონაწილეობა, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეკომენდაციების პირობებში?

უარყოფითი განცდების მიუხედავად, მისთვის გაუგებარია - რატომ უნდა მოხდეს ამ პროცესის „დაპაუზება“:

„მე ვერ მოვისმინე, რა რეფორმაზეა საუბარი, რა რეფორმა უნდა გატარდეს? ეს წინადადებები მე მოსმენილი არა მაქვს და თუნდაც ეს დრო (შეჩერების შემთხვევაში) რისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული?! ... თორემ დალოდებას რაც შეეხება, 11 წელი ვიყავი სასამართლო სისტემიდან წასული“.

გიორგი გოგიაშვილმა იცის, რომ სასამართლოს საქართველოში არ ენდობიან, მაგრამ ამჟამინდელ მდგომარეობას წარსულს ვერცკი ადარებს. ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ ვადის ამოწურვამდე უსამართლოდ გაათავისუფლა, ხოლო როცა 11-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ სასამართლო სისტემაში დაბრუნდა, მას ბევრად უკეთესი პირობები დახვდა - „2016 წლიდან, რაც დავბრუნდი, არ ყოფილა არანაირი ჩარევა, ძალიან კომფორტულია... მადლობა ღმერთს... სამუშაო პირობებიც გაუმჯობესებულია და მოსამართლის თვითრეალიზაციის შესაძლებლობებიც არის გაცილებით უკეთესი“.

„კლანის“ არსებობასთან დაკავშირებულ შეკითხვას ეს კანდიდატიც უარყოფითად პასუხობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირადად ის არავის ზეგავლენებს არ განიცდის - „არანაირი ჩარევა არ ყოფილა ჩემს საქმიანობაში“.

და მაშინ რატომ მოხვდა ტერმინი „კლანი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში? ამ შეკითხვაზე კანდიდატს ასეთი პასუხი აქვს: „ასეთი ინფორმაცია რომ მუსირებს ჩვენს საზოგადოებაში, ეს ფაქტია და მოხვდა (ანგარიშში)“.

გიორგი გოგიაშვილი ამბობს, რომ „სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ურთულესი საკითხია“, მით უმეტეს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, „სადაც სამართალცნობიერება არ მუშაობს სისტემის სასარგებლოდ“. ის ფიქრობს, რომ საქართველოში „როგორც ჩანს, 25 წელი არ არის საკმარისი მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად“ და ამიტომ „მუდმივი რეფორმირება და მუდმივი მხარდაჭერაა საჭირო“.

გიორგი გოგიაშვილის ბიოგრაფიიდან:

50 წლის გიორგი გოგიაშვილი დანიშნულია უვადო მოსამართლედ და 2016 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

  • 2006-2016 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი;
  • 2005-2010 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში;
  • 2001-2005 წლები - თბილისის საოლქო სასამართლოში იყო მოსამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
  • 1994-97 წლებში ის მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად.

საერთაშორისო რეკომენდაციების მიუხედავად

საერთაშორისო პარტნიორების არაერთი რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მოსმენა 6 ივლისს მაინც დაიწყო.

ბოლო პერიოდში აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პარლამენტს რამდენჯერმე შეახსენა, რომ ახალი კანონმდებლობის დამტკიცებამდე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილს ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებაა და ეს ვალდებულება შესრულებას მოითხოვს.

23 ივნისს, ამერიკის საელჩომ, ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში, ყვითლად მონიშნა „შარლ მიშელის შეთანხმების“ ტექსტის ის ნაწილი, სადაც, მაგალითად, ნათქვამია, რომ - „უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა“.

„ქართული ოცნება“ მაინც თავის ძველ პოზიციაზე რჩება. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 ივლისსაც გაიმეორა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის პარლამენტში გაგრძელება ზუსტად შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას.

„თუ რომელიმე პარტია არ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლეთა მოსმენის პროცესში, ეს პოლიტიკური ძალები დაარღვევენ „შარლ მიშელის დოკუმენტს“. არის ძალიან მარტივად ეს ყველაფერი. ჩვენ ვმოქმედებთ „მიშელის დოკუმენტის“ შესაბამისად... ოპოზიცია დღემდე მოქმედებს „მიშელის დოკუმენტის“ წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

6 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენაში, „ქართული ოცნების“ გარდა, მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პარტიებისა -„ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“.

კანდიდატების განხილვის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს ფრაქციებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. მათ შეუერთდა დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთო კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. კანდიდატების მოსმენის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური წესით მიიღეს ამ კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 6 ივლისს, საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობდა, მაგალითად - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 20-წევრიანი სიიდან.

როგორც საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 2019 წლის შემდეგ იმედგაცრუების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.

„წარსულს ჩაბარდა იმედი და მიდგომა, რომ კანდიდატებთან პარლამენტში გამართული გასაუბრების პროცესი რაიმე სახის შედეგს მოიტანდა. „კლანთან“ გასაუბრებას აზრი არა აქვს და შედეგს ვერ მოგვიტანს. 2019 წელს ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რადგან ეს იყო გასაუბრების პირველი პროცესი ქვეყნისთვის.

იმედი გვქონდა, რომ - გამჭვირვალობით, გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემითა და ფართო გაშუქებით, შესაძლოა, გაზრდილიყო საბჭოს წევრებისა და შემდეგ უკვე პარლამენტის ანგარიშვალდებულება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

მათ ისევ განაგრძეს იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ამ გამჭვირვალობისა და გაშუქების გარეშეც მიიღებდნენ... იმედს არ ვკარგავ, რომ, რეალური რეფორმის პირობებში, ყველა დანიშნული მოსამართლის საკითხი სამომავლოდ გადაიხედება“, - გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG