Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არარენტაბელურია ბოსლის აღდგენა” - ანგრევენ თუ არა ხელოვნების მუზეუმს


შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს, წერია კომპანია „კარიატიდას” მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში.

დასკვნა 1 ივლისით თარიღდება და მისი მომზადება 3 წლის წინ შექმნილ კომპანიას კულტურის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ პოსტზე დანიშვნიდან მალევე დაუკვეთა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა არაერთი წელია მძიმე მდგომარეობაშია და ეს სიახლე არავისთვისაა, პირველ რიგში იმ მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთი წერილი მისწერეს კულტურის სამინისტროს. პერსონალი წლებია შენობის გადარჩენას და კოლექციების უსაფრთხო ადგილას გადატანის ნებართვას ითხოვდა. პარალელურად, ეროვნული მუზეუმი, რომლის ნაწილიცაა ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობდა შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციის და ექსპონატების ევაკუაციის გეგმებზე. ორივე გეგმა თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნამდე არსებობდა, თუმცა კულტურის სამინისტრომ შენობის განახლებისთვის ვერც თანხები მოიძია და არც ხელოვნების ფონდების უსაფრთხო შენობებში გადატანის ნებართვა მისცა მუზეუმს. ამ სპეციფიკურ ფონდებში დაცულია ბევრი ხატი, რომელთა გადატანას სამინისტროს გარდა ეკლესიის თანხმობაც სჭირდება.

ჯერ კიდევ 2017 წელს, მაშინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე ამბობდნენ, რომ მუზეუმის რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო - მაშინ რომ ეს პირობა პირობად არ დარჩენილიყო, 2021 წლისთვის რეაბილიტაცია დასრულებული იქნებოდა. მუზეუმის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას ხელი პოლიტიკური ნების და შესაბამისი ფინანსების არარსებობამ შეუშალა.

ვიდეოგრაფიკაში სწორედ განახლებული ხელოვნების მუზეუმის დიზაინის კონცეფციაა ასახული.

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ზოგადი კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხედვისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქცია-კონსერვაციის კუთხით ცნობილმა არქიტექტორმა ჟან-ფრანსუა მილუმ (საფრანგეთი)/ studioMilou (საფრანგეთი-სინგაპური). ჟან ფრანსუა მილუ ასევე თბილისის მუზეუმების უბნის (Avenue of the Arts) გენერალური გეგმის ავტორია. იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან 2006 წლიდან თანამშრომლობს.

2021 წლის აპრილში ახლად დანიშნულმა მინისტრმა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი წარადგინა და გასცა განკარგულება, სამ თვეში მომზადებულიყო მუზეუმის აღდგენის გეგმა. დღეისთვის, გარდა ექსპერტიზის ორაზროვანი დასკვნისა, არსებობს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ამირანაშვილის მუზეუმი უკვე მართვის საგანგებო რეჟიმზე იმყოფება.

ამ გეგმის მიხედვით, შენობის დაცლა 5 აგვისტოდან, ანუ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. გეგმის ფორმალურად არსებობის მიუხედავად, მოქმედი თანამშრომლებისთვის ბუნდოვანია, როგორ არიან ისინი ჩართულები ექსპონატების გადატანის პროცესში, როგორ არის დაცული ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოება. გეგმის მიხედვით, პროცესს მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორი და სამინისტროს რწმუნებულები მართავენ, ასევე სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის და კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელები. ამირანაშვილის მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ექსპონატების გადატანა რთული და კომპლექსური ამოცანაა. პროცესი შესაბამის ცოდნას მოითხოვს და დაჩქარებულმა თუ ქაოტურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ექსპონატები დააზიანოს.

ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებისა და კულტურული მემკვიდრეობის გულშემატკივრების ნაწილი ეჭვობს, რომ ახალი მინისტრი და მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი, ნიკა ახალბედაშვილი მუზეუმის შენობისთვის ფუნქციის შენარჩუნებას არ აპირებენ, მათი აზრით, შემთხვევით არ გაჩენილა საინჟინრო დასკვნაში სიტყვა „არარენტაბელური”. ეს აღიქმება სიგნალად, რომ შესაძლოა შენობამ მუზეუმის ფუნქცია დაკარგოს და ამით დაირღვეს „მუზეუმების ქუჩის” კონცეფცია, რომელიც ჯერ კიდევ შალვა ამირანაშვილის იდეა იყო და რომლის განხორციელებასაც ეროვნული მუზეუმი ბოლო წლებში ცდილობდა. ამბობენ იმასაც, რომ მუზეუმის ახალი მმართველი თანამშრომლებთან დახურულ შეხვედრაზე ხელოვნების მუზეუმისთვის ალტერნატიულ სივრცედ ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამად თითქმის უმოქმედო შენობასაც განიხილავდა, მუზეუმის შენობა კი შესაძლოა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდეს.

კულტურის სამინისტრო გადაჭრით და ცალსახად არ ამბობს, გადაწყვეტილი აქვს თუ არა შენობის დანგრევა და ხელს წინა მთავრობისკენ იშვერს. „ქართული ოცნების” კულტურის მინისტრი ამბობს, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის ნგრევაში დიდი როლი ითამაშა „ძველი ხელისუფლების” დროს პუშკინის ქუჩაზე აშენებულმა ესტაკადამ, არადა, ეს გზა, 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს გაკეთდა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელს.

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა გაიხსნა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი მუზეუმის სიახლოვეს აშენებულ მასშტაბურ ნაგებობაზე, რომელმაც ესტაკადაზე არანაკლები ზიანი მიაყენა მეცხრამეტე საუკუნის ისტორიულ შენობას. „პანორამა თბილისის“ ერთ ნაწილსა და მუზეუმის კედლებს რამდენიმე მეტრი აშორებს. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე აშენებული შუშებიანი შენობა, სრულად არღვევს ისტორიული უბნის ხასიათსა და ესთეტიკას. მისი მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად დაზიანდა მის სიახლოვეს არსებული არაერთი ნაგებობა, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობაც.

„ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს.

კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის ივლისში კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუზეუმის შენობა არის უმძიმეს მდგომარეობაში. კერძოდ:

  • ლადო გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება ტექნიკურად რთულია და ხარჯიანი. მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
  • ალექსანდრე პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელის მზიდი კონსტრუქციებს აქვს დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
  • შესაძლებელია შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება;
  • შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან;
  • შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს”, - ასე პასუხობს კულტურის სამინისტრო ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით მუზეუმთან დაკავშირებულ შიშს. დამატებით მედიას არც მუზეუმის დირექტორი და არც სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი არ ელაპარაკება.

არარენტაბელური შეიძლება იყოს ავტოფარეხის აღდგენა, ან ბოსლის რესტავრაცია და ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს თქვენთვის არამატერიალური ღირებულება. რენტაბელური სიტყვა, რბილად რომ ვთქვათ, არის სრულიად უადგილო ერის საგანძურთან მიმართებაში, დიახ! მუზეუმის შენობა არის ერის, თბილისის საგანძური! იაფი გამოსავალი კი არ უნდა მოძებნოთ, არამედ მომავალ თაობას გადასცეთ ის, რაც წინაპრებმა შექმნეს და ჩვენამდე მოიტანეს”, - ასე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ფეისბუკზე ხელოვნების მუზეუმის შესახებ მომზადებულ დასკვნას.

ხელოვნების მუზეუმის შენობა 1830-იან წლებშია აშენებული. ეს არის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომლითაც თბილისში ევროპული არქიტექტურა შემოვიდა და ის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ნაგებობაა არა მხოლოდ მისი არქიტექტურის, არამედ იმ ფუნქციების გამოც, რასაც სხვადასხვა დროს ითავსებდა. ფასდაუდებელია მის საცავში დაცული კოლექციებიც, რაც უძველესი ხატების გარდა, ათასობით ქართველი და უცხოელი შემოქმედის ნამუშევრებს აერთიანებს.

„სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაცია! ეს ჩემი მოგონილი არ არის, მოქმედ კონსტიტუციაშივე გვიწერია, რომ სახელმწიფო ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე (მუხლი 5). სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთ ჩინოვნიკს აქვს უფლება უარი თქვას ძეგლის რეაბილიტაციაზე იმ მოტივით, რომ რეაბილიტაცია "არარენტაბელურია". და ბოლოს, თუ ყველაფერი ასე ცხადი და ნათელია, რა შეიძლება იყოს მაინც "არარენტაბელურობის" მიზეზი? თავს ვერ დავდებ, მაგრამ შესაძლოა ამის მიზეზი, შენობიდან რამდენიმე მეტრში არსებული "პანორამა თბილისის" ინტერესები იყოს”, - დაწერა ფეისბუკზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნის შესახებ დისკუსია დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა ვაჩეიშვილი კი სამინისტროს ახსენებს, რომ ხელოვნების მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მიიჩნევს, რომ შენობა გამაგრებადია, მისი „მძიმე მდგომარეობის გამო დანგრევა“ კი - სპეკულაცია.

„საჭიროა მოძრავ ძეგლთა საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიდრე მას ვინმე ახლებს ხელს. ასეთი ნივთები ბევრია და დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს.

ზედმიწევნით შეწავლილი და მომზადებული უნდა იყოს ის შენობა, სივრცე და სივრცეები - სადაც გადავა ექსპონატები. "შუალედური" გადატანები უნდა დავიდეს მინიმუმამდე, სასურველია სიძველეები ყველა შესაბამისი წესის დაცვით (მაგ. საკონსერვაციო "დასვენების" ჩათვლით) დაუნჯდეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პირობებში (მხოლოდ ეს პირობები ითხოვს მილიონობით ლარს, თანამედროვე ტექნოლოგიების უზრუნველყოფის და ნივთებთან შესაბამისობისთვის)“, - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.

თეა წულუკიანის მიერ დამტკიცებული ევაკუაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, 5 აგვისტოს დაწყებული პროცესი 2022 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება, შემდეგ კი დაიწყება ახალი მუზეუმის პროექტზე მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG