ბოკერიას კლინიკაში გარდაიცვალა 19 წლის მელოგინე. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჭარაძის ინფორმაციით, 31 კვირის ფეხმძიმე, რომელსაც კორონავირუსი უკვე დადასტურებული ჰქონდა, კლინიკაში 30 ივლისს მოთავსდა და მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო.
„ყველა ასეთ პაციენტზე ვცდილობთ, რომ დედას მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ ფეხმძიმობა და ნაყოფს ვაძლევთ მომწიფების საშუალებას, მაგრამ შემოყვანიდან მეორე დღეს დაგვჭირდა სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარება. ნაყოფი ჯანმრთელია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსი ვაჭარაძემ.
მისივე ინფორმაციით, დედის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და 2 აგვისტოს რეანიმაციაში გადაიყვანეს:
„თავიდან CPAP აპარატით მოხდა დასტაბილურება, მაგრამ ვერ წამოგვყვა მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოიცვა ინფექციამ ორგანიზმი და ვენტილატორულ კონტროლზე გადაყვანა მოხდა. მიუხედავად პროტოკოლური მკურნალობისა, ვერ მოხდა გადარჩენა. გარდაცვალება დაფიქსირდა გუშინ“.
საქართველოში COVID-19-ით ორსულობისას დაავადებული 10-ზე მეტი ქალია გარდაცვლილი.