Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: „სხვის მაგივრად ვერავინ მისცემს ხმას“


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა 13 სექტემბერს „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო სიები მოუწესრიგებელია და მასში კვლავ ირიცხებიან გარდაცვლილი მოქალაქეები.

„12 აპრილის მდგომარეობით, 25 მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იყო 1930 წლამდე დაბადებული 1311 მოქალაქე, რომელთაგან 683 პირი - კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული“, - ვკითხულობთ სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გიგისვანიძემ განაცხადა, რომ არარეალური და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ გარდაცვლილის ან თუნდაც სხვა პირის მაგივრად, რომელიმე მოქალაქემ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რადგან, მისივე თქმით, ამომრჩეველი ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა, რითაც ხდება მისი იდენტიფიკაცია საარჩევნო უბანზე.

„ცესკოს ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის წელიწადში 4-ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები წარუდგენენ სათანადო მონაცემებს. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შედგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის“, - განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ, რომლის განმარტებითაც, ხშირ შემთხვევაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები არ მიმართავენ შესაბამის უწყებას გარდაცვალების მოწმობის მოთხოვნით, რის გამოც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში დროულად არ აისახება ინფორმაცია პირის გარდაცვალების თაობაზე.

„თუმცა, პირი, რომელიც შეიძლება მოხვდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში და არის გარდაცვლილი, არ ნიშნავს იმას, რომ მის მაგივრად სხვა შეძლებს ხმის მიცემას. საარჩევნო ადმინისტრაციას დიდი ხანია საკანონმდებლო დონეზე აქვს შემუშავებული ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ამომრჩეველმა სრულიად გამჭვირვალე გარემოში განახორციელოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, პრობლემა თითიდან არის გამოწოვილი, რადგან, მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებზე ამ თემაზე ერთი საჩივარიც კი არ დაწერილა.

XS
SM
MD
LG