Accessibility links

site logo site logo

რეისი კიევი-თბილისი და 2 ოქტომბრის საღამოს გეგმები - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 სექტემბერს


8 წლის შემდეგ, არჩევნების დღეს - სააკაშვილის ჩამოსვლის დილემა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს თვითმფრინავის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში არაერთი დაპირების შემდეგ ახლა უკვე ნამდვილად ჩამოდის.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც დაანონსებულია:

  • ბორტი, რომელზეც ექსპრეზიდენტი იქნება, თბილისში 2 ოქტომბრის 23:05 საათზე დაეშვება.
  • სააკაშვილთან ერთად იქნება მისი დედაც, გიული ალასანია.
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გეგმავს მომხრეების მობილიზაციასა და აეროპორტში მიყვანას. ეს მათ რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს.
  • და ბოლოს, თუ ყოფილი პრეზიდენტი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ. ასე გამოეხმაურა გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს და არა მხოლოდ მას დაჰპირდა დაკავებას, არამედ მათაც - ვინც მისი დაკავების პროცესში წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს.
  • პრემიერ-მინისტრი უფრო შორსაც წავიდა - თქვა, რომ სააკაშვილს მხარდამჭერები ვერ დაიცავენ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაზე მეტი ადამიანის მობილიზებას შეძლებს და სააკაშვილს დახვდება ასობით ათასი გამწარებული ადამიანი.

ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ცნობა „ნაციონალური მოძრაობის“ მეტ მხარდამჭერს მიიყვანს არჩევნებზე. თუმცა არის ასევე მოსაზრება, რომ მისი ჩამოსვლის იმედით, მხარდამჭერები - არა არჩევნებზე, არამედ უფრო აქტიურად მის დასახვედრად, აეროპორტში მივლენ.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გზავნილი კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე პრეზიდენტისგან მმართველი გუნდის უკმაყოფილების მიზეზი გახდა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ქართული ოცნების“ წევრებისგან უკმაყოფილო განცხადებები მიიღო. ამის მიზეზი კი მისი ინტერვიუ გახდა ფრანგული გამოცემისთვის „კვირის ჟურნალი“.

„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამის პასუხად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თქვა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტისა და არც მისი გადასაწყვეტი არაა, როგორი მთავრობა ეყოლება საქართველოს.

ამავე საკითხის კომენტირებისას უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საპარლამენტო არჩევნებზე.

„მონა აღარ არის პრეზიდენტი, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მონას, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, ეს ერთი. მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბარში.

ბოლო დროს დაგროვდა არაერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ პოზიციას იკავებს.

მაგალითად, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება დასავლური გზიდან გადახვევის საფრთხეებზე. პირველად ეს აქცენტი სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს დასაწყისში დასვა „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირების შემდეგ.

სექტემბრის დასაწყისში კი მან "გაუგებარი ნაბიჯი" უწოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირიდან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც სასამართლო რეფორმის გატარება იყო. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბიშვილს შეახსენა, რომ სესხის აღების საკითხს მთავრობა წყვეტს და არა პრეზიდენტი.

წაიკითხე მეტი.

თამარ გაბუნიას თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის ვადასთან დაკავშირებული მღელვარება უსაფუძვლოა

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გაბუნიას მტკიცებით, ვაქცინაციის ნელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაშიც იქნება ათვისებული „ფაიზერის" ვაქცინის მარაგი.

„გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია. „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც ქვეყანაში არის, ვადა აქვს დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს - დეკემბრის ბოლომდე. ვფიქრობთ, საკმაოდ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ჩვენ მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ რამდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, „ფაიზერის“ ვაქცინებს, თუ მათ ინახავდნენ -90, -60 გრადუს ტემპერატურაზე, კიდევ დამატებით სამი თვე აქვთ მოქმედების ვადა. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულოა ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

როგორ გადაკიდა რუსულმა გაზმა უნგრეთი და უკრაინა ერთმანეთს

უკრაინასა და უნგრეთს შორის, რომლებსაც მანამდეც არ ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, ნამდვილი დიპლომატიური კონფლიქტი გაჩაღდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ ხელი მოაწერა გრძელვადიან გარიგებას უკრაინის გვერდის ავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას შესახებ.

რუსეთის გიგანტურ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომსა“ და უნგრეთის ენერგეტიკულ ჯგუფ MVM-ს შორის ხელი მოეწერა გრძელვადიან შეთანხმებას, რომლითაც უნგრეთი რუსეთიდან ყოველწლიურად შეიძენს 4,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს.

გარდა იმისა, რომ ეს გარიგება ფინანსურად დააზარალებს უკრაინას, დამოუკიდებელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა ამ ნაბიჯით ზურგში ლახვარი ჩაასო უკრაინას, რომელიც ევროპის ფორპოსტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ფლანგზე.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

„ეს ქვეყანა … ტრიალებსო“ - აკრძალული წიგნები

თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში 25-მდე „მოუთვინიერებელი წიგნი“ გამოფინეს. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროს აკრძალული იყო. რეჟიმის მოწინააღმდეგე, „რასისტული“ და „გარყვნილი“ ტექსტები, რომლებსაც ებრძოდნენ, დღეს მსოფლიო შედევრებადაა აღიარებული.

„უზომო ჯაფისა და ცუდი კვების შედეგად თორმეტი მეზღვაური მოგვიკვდა; გადარჩენილებიც მეტად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ნოემბრის 5-ს, რაც დედამიწის იმ ნაწილში ზაფხულის დასაწყისია, მეტად ნისლიანი დარი იდგა, უცებ მეზღვაურებმა ნახევარი კაბელიტოვის მანძილზე მეჩეჩი შენიშნეს, მაგრამ ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი პირდაპირ მეჩეჩისკენ გააქანა და ზედ შეალეწა“...

ამ აბზაცის შემდეგ იწყება ცნობილი ამბავი მეზღვაურისა, რომელიც ხმელეთზე გამოირიყა და ძალიან პატარა ადამიანების ქვეყანაში მოხვდა. შეიძლება ახლა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თავის დროზე „გულივერის მოგზაურობა“ აკრძალულ წიგნებს შორის იყო. გულივერთან ერთად აკრძალულებს შორის მოხვდა ტომ სოიერის მაწანწალა მეგობარი ჰეკიც, ანუ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“. აკრძალეს შეყვარებული მექსიკელი გოგონა, რომელიც სადილს ვარდის ფურცლებისგან ამზადებდა. ეს არცთუ შორ წარსულში მოხდა, ლაურა ესკიველის „როგორც წყალია შოკოლადისთვის“, ამერიკის ერთ-ერთი შტატის უმაღლეს სასწავლებელში მშობლის ინიციატივით აიკრძალა - მას მიაჩნდა, რომ წიგნში სექსუალური აღგზნება მეტისმეტად ნატურალურად იყო აღწერილი.

ვრცლად წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

ცოტა ხნის წინ, ქვებით აწყობილ ნაგებობაზე მოგიყევით, რომელიც კუს ტბის ახლოს, ზედ კლდოვან მთის ფერდს მიჰყვება - კონსტრუქცია მთლიანად ქვების ბალანსირებით არის აწყობილი. როგორც აღმოჩნდა, ბოლო სამი თვეა მას პროფესიით არქიტექტორი, ვლადიმერ (ვოვა) გოვაზოვი აკეთებს.

სანამ ვლადიმერი ქვების ბალანსირებისათვის ამ ადგილს აირჩევდა, ამ ადგილის ახლოს, პირველი ქვა ანზორ თხილაიშვილმა დადო, კუს ტბის კიდევ ერთმა მოყვარულმა, მან ფერდობზე ქვებისგან გადასახედი და პატარა სალოცავი მოაწყო. კუს ტბის ბილიკებზე მოსეირნე ადამიანები ხშირად ხედავენ, როგორ იქმნება ქვებისგან ახალი ფიგურა, დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ხმაურიან თბილისს გადაჰყურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG