Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჩხარტიშვილი: საჭიროა შენობა-ნაგებობების ინსპექტირება და პასპორტიზაცია


ლაშა ჩხარტიშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“, ბათუმში შენობის ნგრევის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის საკითხზე საუბრისას, ზოგადად მშენებლობების წესების დარღვევისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

„პრობლემურია როგორც მიშენებები, პრობლემურია ასევე ისტორიული ნაწილი ქალაქების, რომლებიც დაძველდა“, - აღნიშნა „დილის საუბრებში“ ლაშა ჩხარტიშვილმა, რომლის თანახმადაც, პრობლემურია ახლად აშენებული შენობებიც. გადაცემაში მან ისაუბრა როგორც შენობა-ნაგებობების ინსპექტირების და ახალ მაღლივ მშენებლობებზე ორწლიანი მორატორიუმის დაწესების, ისე პასპორტიზაციის აუცილებლობაზე:

„პასპორტიზაცია გასაგებია, რომ რესურსებს მოითხოვს, მაგრამ ეს საკითხი არის ის, რომელიც უნდა მოაგვაროს ქალაქმა. იყო ცალკე ინიციატივები და თუ ვინმე შეძლებს კერძო ინიციატივებით რამის გაკეთებას, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ეს იმხელა მასშტაბია, რომ ქალაქსაც კი შეიძლება გაუჭირდეს. მაგრამ არის უამრავი მიმართულებით არაეფექტური, მფლანგველობითი, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, კორუფციული ხარჯი, რომელიც უნდა შემცირდეს და, პირველ რიგში, მოხმარდეს ამ მიმართულებებს, რასაც ჰქვია სამშენებლო უსაფრთხოება, შრომითი უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და რანჟირება“, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, შენობების პასპორტიზაცია ანუ შეფასება პირველ რიგში იმ შენობებით უნდა დაიწყოს, რომელთა მდგომარეობის შესახებ შეტყობინებები უკვე არსებობს:

„მათგან შეიძლება დაწყება და თანდათანობით განაწილება დროში, ოღონდ ძალიან უსასრულოდ ვადებში არა. შემდგომ უკვე გამოვლენილი სურათის მიხედვით, გარკვეული ძალისხმევა უნდა ჩაიდოს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სავალდებულო იყოს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაც, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ინვესტორის ჩართვა და ასე შემდეგ, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა პრაქტიკულად არ არის. არის კიდევ ერთი ნაწილი, სადაც უკვე არის დასკვნები, საჩივრების საფუძველზე მომზადებული, მაგრამ რეაგირება არ არის. რა თქმა უნდა, მათი საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა „დილის საუბრებში“.

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 8 ოქტომბერს, ბათუმის ცენტრში, 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი.

პოლიციის მიერ დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დანაშაული - სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG