Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახადოს სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენები


თბილისის საქალაქო სასამართლომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადაცემაზე.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს, უარი კი, 18 ოქტომბერს მიიღეს. განაჩენი, რომელსაც იურისტთა ჯგუფი ითხოვდა, ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებას, რომლის გამოც სასამართლომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის განცხადებით, სასამართლოები სისტემატურად ამბობენ უარს კონკრეტული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებაზე, მათ შორის, ისეთ საქმეებზე რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. იურისტების შეფასებით, სასამართლოს უარი უკანონო და დაუსაბუთებელია:

„საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტციურად იქნა ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას".

ადვოკატების, ყოფილი მოსამართლეების და სამართლის ექსპერტების დამოუკიდებელ ჯგუფს მიაჩნია, რომ იურისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და საქართველოს მოსახლეობას აქვთ სრული უფლება იცოდნენ, რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, სასამართლომ ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG