Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს დაიცავს


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანახმად, ვაშინგტონს მტკიცედ აქვს განზრახული დაიცვას ტაივანი, თუ ამ კუნძულოვან სახელმწიფოზე ჩინეთის მხრიდან თავდასხმა განხორციელდება.
ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბალტიმორში ტელეკომპანია „სიენენის“ მიერ ორგანიზებულ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა, როდესაც ამერიკის ლიდერს შეკითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, დაიცავს, თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. „დიახ, აშშ-ს აქვს ამის გაკეთების ვალდებულება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბოლო კვირებში პეკინმა ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონაში, ხოლო ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გარდაუვალი უწოდა ჩინეთისა და ტაივანის „შეერთებას“.

ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია ალბათობა ჩინეთიდან მომდინარე ესკალაციის საფრთხისა, მას არ აქვს ჩინეთთან მოსალოდნელი წინასწარგამიზნული სამხედრო კონფლიქტის შიში.

ოქტომბრის დასაწყისში ტაივანმა პეკინს რეგიონში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც მისი საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სარეკორდო რაოდენობის თვითმფრინავი შევიდა.

ე.წ. საჰაერო თავდაცვის ზონა არის ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გარეთ მდებარე არე. მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით მასში მაინც წარმოებს უცხოეთის თვითმფრინავებზე დაკვირვება.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ სეპარატისტულ პროვინციად თვლის, მაგრამ კუნძული, რომელშიც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს თავს.

ტაივანი ხშირად ჩივის მის საზღვრებთან ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენის გამო. ჩინეთი აცხადებს, რომ ასეთი სამხედრო მისიები ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება და მათი სამიზნეა ტაივანსა და მის მოკავშირეს, აშშ-ს შორის „გარიგება“.

XS
SM
MD
LG