Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ან ეს ადამიანები აღიარებენ, საქართველო არის სახელმწიფო, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ";

კობახიძის ეს განცხადება იმ ვრცელი წერილის დასკვნაა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 13 ნოემბერს, მას შემდეგ გამოაქვეყნა ფეისბუკზე, რაც იუსტიციის მინისტრმა უარი უთხრა ანა ფოტიგას და ევროპარლამენტისა და ლიეტუვის პარლამენტის სხვა წევრებს, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.

წერილი სრულად წაიკითხეთ აქ

„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსისმატარებელია“- წერს კობახიძე.

კობახიძის თქმით, „საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ვრცელ პოსტში მიმოიხილავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბრალეულობისა და მსჯავრდების საკითხებს, ასევე მის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის დეტალებს, და ამბობს, რომ ყველა ეტაპზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა და გადაყვანის ამსახველი კადრები 11 ნოემბერს გაავრცელა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

კობახიძეს წერს, რომ „მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის - გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებსქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს."

პოლიტიკოსების ნიკა მელიას და გიგი უგულავას და "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას განთავისუფლების პროცესი იყო ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ამ პროცესის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ე. წ. მიშელის დოკუმენტს, რომელსაც ბოლო უნდა მოეღო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისთვის. მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

2021 წლის 28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მაშინ მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი წერდა რომ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, "რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ”

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი იყო 2016 წლიდან 2019 წლის 21 ივნისამდე. თანამდებობის დატოვება 20-21 ივნისის მოვლენების გამო მოუწია, მას შემდეგ რაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG