Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ისტორიის სახელმძღვანელოზე: აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი


მმართველი პარტიის წარმომადგენლები კვლავ აკეთებენ კომენტარებს საქართველოს ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოების შესახებ, რომლების შინაარსმაც საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია, უახლესი წლების შესახებ გაკეთებული ჩანაწერების გამო. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერები მხოლოდ ფაქტების კონსტატაციაა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კი ინფორმაცია ფრაგმენტულია.

“ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ეს არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში საქართველოში. ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის, კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასე კონკრეტული ადამიანებისგან, აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით მიიღებენ პასუხს.

ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი. ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სახელმძღვანელოებს გამოეხმაურა კიდევ ერთი დეპუტატი, სოზარ სუბარი, რომელმაც კობახიძის მსგავსად, აქცენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯულ 3 მილიარდ ლარზე გააკეთა. სუბარის თქმით, ივანიშვილს 900-ზე მეტი ეკლესია აქვს აღდგენილი და გადარჩენილი. სუბარი, კობახიძის მსგავსად, თვლის, რომ სააკაშვილის შესახებ ცნობები ისტორიის წიგნში ფრაგმენტულია - მესამე პრეზიდენტს მოქმედი დეპუტატი სამშობლოს მოღალატეებთან ერთად განიხილავს.

„ისტორიკოსი ვარ, ეს არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი. ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, სახელმძღვანელოები მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელო ყველაფერს უნდა ასახავდეს – დადებითსაც და უარყოფითსაც. ჩვენ არ გვეცოდინებოდა სერგო ორჯონიკიძის სახელი, კახაბერ ყორღანაშვილის და სხვა მოღალატეების სახელები, რომ არა, ისტორია. ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს, მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია.

სტრასბურგში არა მხოლოდ ის დააბრალეს საქართველოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არამედ დააბრალეს, რომ საქართველომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაარღვია და გამოიყენა აკრძალული იარაღი, მათ შორის კასეტური ბომბი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ეს დააბრალეს სტრასბურგის რეზოლუციაში. „ქართული ოცნების“, თეა წულუკიანის და მისი გუნდის დაუღალავი შრომა რომ არ ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოვიგებდით, იმდენად მძიმე დოკუმენტი იყო დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს. ისტორიის სახელმძღვანელოში ეს უნდა შედიოდეს ყორღანაშვილის, ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეების მსგავსად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციამ. ერთ-ერთ სახელმძღვანელოში სადავოა აგვისტოს ომის აღწერაც, რომელიც მსგავსია რუსული პროპაგანდისტული ნარატივისა, რომლის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შესახებ ბრძანება საქართველოს პრეზიდენტმა არა რუსული სამხედრო აგრესიის, არამედ ოსი სეპარატისტების გახშირებული თავდასხმების გამო დაიწყო. ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირთა ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა არასწორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG