Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი "საშინელ ფასს" გადაიხდის


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებთან შაბათს გამართული შეხვედრის დროს, კვლავ გაიხსენა ვლადიმირ პუტინთან გამართული პირდაპირი საუბარი და აღნიშნა, რომ რუსეთს მოუხდება „საშინელი ფასის“ გადახდა, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ საუბარია მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც რუსეთისათვის დამანგრეველი იქნება.

პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში „არასოდეს არ განხილულა“ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკის სამხედრო ძალის უკრაინაში გაგზავნის საკითხი. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვაშინგტონი და ნატო, საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის გასაძლიერებლად შეძლებენ დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე .

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას და კიევსა და ვაშინგტონს ვითარების შეგნებულ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების დამატებით გარანტიას, რაც კრემლის აზრით, იქნებოდა უარის თქმა ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკრაინას და საქართველოს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატოს რიგებში გაწევრიანებას ჰპირდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა დასავლეთისადმი, არ დაუშვას უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და შეახსენა მოსკოვს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს მისი წევრი ქვეყნები და თავად უკრაინა წყვეტენ.

„ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 11 დეკემბერს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ს ლიდერის გამოსვლა შაბათს ძირითადად დაეთმო დამანგრეველი ტორნადოს შედეგების ლიკვიდაციის საკითხებს. ამ დღეებში აშშ-ს თავსდატეხილი სტიქიის შედეგად კენტუკის შტატში სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. სერიოზული ნგრევა და ზარალი გამოიწვია ტორნადომ არკანზასის, ტენესის, მისოურისა და ილინოისის შტატებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG