სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ბოლო დღეებში ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი.
"გრძელდება საერთო სისუსტე, სიარულის პრობლემები აქვს, დაემატა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარდა ნეიროდეფიციტი და ანემია.
ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები... - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
პირადი ექიმის გარდა, სახალხო დამცველი მივიდა ჰოსპიტალში, სადაც 8 ექიმთან ერთად ამოწმებდა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი მკურნალობის მეთოდებს და მათ შესაბამისობას სააკაშვილის მდგომარეობასთან.
ომბუდსმენის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალმხრივი პრობლემა იკვეთება, რომელიც ერთიან სურათში დანახვას საჭიროებს.
სწორედ ამისთვის 12 დეკემბერს კონსილიუმის ჯგუფს ფსიქიატრიც შეურთდა, მარინე კურატაშვილმა თქვა, რომ:
„გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“.
ლომჯარიას ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს, რის მიხედვითაც იქნება გათვალისწინებული შემდგომი რეკომენდაციები და ნაბიჯები.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
საჯარო ბაღები ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ
13 დეკემბრიდან საჯარო ბაღები COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ, რომლის თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.
"გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);
დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: კარის სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, და ა.შ." - წერია რეგულაციებში.
აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის/ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულად ჩათვლის სხვა თანამშრომლებს, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
ბაიდენი და პუტინი უკრაინის გარშემო კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავენ
კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული სიტუაციის განსახილველად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თუ როდის არის მოსალოდნელი ასეთი პირდაპირი კონტაქტი, დმიტრი პესკოვს არ დაუზუსტებია, მან გაიხსენა, რომ მანამდე უკრაინაზე საგნობრივი საუბარი მათ ნდობით აღჭურვილ პირებს შორის გაიმართება.
"პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სწორედ ეს ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლები წაიმუშავებენ, მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ მოლაპარაკების გამართვა, რისთვისაც შესაძლოა გამოიყენონ ის ვიდეოფორმატი, რომელიც ორივე პრეზიდენტს მოეწონა", - უთხრა დმიტრი პესკოვმა სააგენტო ტასს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან შაბათს გამართული შეხვედრის დროს, კვლავ გაიხსენა ვლადიმირ პუტინთან გამართული პირდაპირი საუბარი და აღნიშნა, რომ რუსეთს მოუხდება „საშინელი ფასის“ გადახდა, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ საუბარია მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც რუსეთისათვის დამანგრეველი იქნება.
რატომ გადადგა მინისტრი - შიდა კარის ინტრიგები თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
გადადგომის მიზეზი? – ეკატერინე ტიკარაძეს თავის ექვსწუთიან გამოსვლაში ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ერთი სიტყვაც კი. ტრიბუნიდან გაბრუნებულ მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა მიაყოლეს, „ქალბატონო ეკა, ღარიბაშვილთან დაპირისპირებაზე რას იტყვით... კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით“... მინისტრს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.
იყო თუ არა ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება? - ეს კითხვა ისევ კულუარული თუ მოარული ხმების პასუხის ამარად რჩება. ბოლო დღეებია, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია მინისტრსა და პრემიერს შორის არსებული ღია დაპირისპირების, მათ შორის, ხმამაღალი კამათის შესახებ.
ვრცლად ამ თემაზე გაეცანით ნინო თარხნიშვილის სტატიას
"აშკარაა, რომ საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო სისტემა, რომელიც საქართველოშია, არაადეკვატურია" - ინტერვიუ სტივენ ჯონსთან
ცნობილმა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა სტივენ ჯონსმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თვალსაზრისი - "არასწორი მმართველობის ბატონები საქართველოში".
იგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პარტიებსა და ხალხს შორის დიდი უფსკრულია. თუ ხალხი არ არის დაკავშირებული პარტიებთან, პარტიები გააკეთებენ იმას, რაც უნდათ, რადგან არ აქვთ დიდი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე.
"ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ლიდერების გადაწყვეტილება და ა.შ., ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რადგან პარტიები სათანადოდ არ მუშაობენ.
მეორე პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ალბათ, საერთოდ საარჩევნო სისტემა საქართველოში არაადეკვატურია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებზე, ვიდრე, ვთქვათ, მხოლოდ წაქეზებაზე, რომ დიალოგი უნდა იყოს და ა.შ.
ეს არის პოლიტიკური პრობლემა, სისტემური პრობლემა და მე მგონი, თუ დიალოგი გვინდა, თუ სისტემაში ხალხის მონაწილეობა გვინდა, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე უნდა ვიფიქროთ ახლა", - ამბობს ის
ვრცლად სტივენ ჯონსის მიერ ქართული პოლიტიკის შეფასების მოსმენა შეგიძლიათ ნინო გელაშვილის ინტერვიუში
საქართველოში, COVID-19-ის პანდემიის დაძლევის და ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფომ და სხვადასხვა ორგანიზაციამ წამახალისებელი კამპანიები წამოიწყეს. როგორია ამ კამპანიების მიმდინარეობა, ეფექტიანობა და ვინ არიან მოწინააღმდეგეები? ფენოვანი 2.10 - დაკვირვება ვაქცინაციის წახალისებასა და პანდემიის გავრცელების პრევენციაზე.
დაწერეთ კომენტარი