Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წლის პოლიტიკური მემკვიდრეობა - რას ელოდნენ და რა მიიღეს - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ?


საშობაო ნაძვის ხის დეტალი ენმ-ის მოშიმშილეთა კარავში. დეკემბერი, 2021 წ.
საშობაო ნაძვის ხის დეტალი ენმ-ის მოშიმშილეთა კარავში. დეკემბერი, 2021 წ.

კრიზისიდან კრიზისამდე - ამ ორ სიტყვაში ეტევა 2021 წლის პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. კრიზისის ყოველი გადაჭრა ან მოჩვენებითი იყო, ან დროებითი.

ბევრი რამ ისე არ მოხდა ან იმის საპირისპიროდ მოხდა, როგორც ეს ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ საერთაშორისო პარტნიორებს წარმოედგინათ. ქვეყანა პოლიტიკური (როგორც მმართველი პარტია ირწმუნებოდა - ხელოვნური) კრიზისიდან ვერ გამოვიდა. ამასთან, წლის განმავლობაში იცვლებოდა პოლიტიკური განცხადებების შინაარსი, ალიანსები, პოზიციები თუ მოქმედებების ტაქტიკა.

2020 წლის ბოლო დღეს ოპოზიციის საპროტესტო კარვები პარლამენტის წინ ხელისუფლებამ საახალწლო ატრაქციონებით ჩაანაცვლა, 2021 წლის ბოლო დღეებში საპროტესტო კერა - „ნაციონალური მოძრაობის“ "მასობრივი შიმშილობის აქცია" - აეროპორტის გზაზე, პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებშია კონცენტრირებული, მომხრეები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, მეხუთე პრეზიდენტს კი „ეროვნული თანხმობის", ჯერჯერობით ბუნდოვანი მომავლის პროცესი აქვს წამოწყებული.

რას ელოდა და რა მიიღო „ოცნებამ“ ?

2020 წლის დეკემბერში, როცა ოპოზიციის საყოველთაო ბოიკოტის ფონზე, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ ეულად დარჩა და დისკომფორტიც აღიარა, პარტიის ლიდერები აქტიურად წინასწარმეტყველებდნენ, რომ მათ მალე სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებოდნენ და საკანონმდებლო ორგანო „ნორმალურ ფუნქციონირებას“ შეძლებდა.

„ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავდა, რომ პარლამენტში სურათი „უახლოეს მომავალში“ შეიცვლებოდა, საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული აღარ იქნებოდა და სავარძლებს „ჯანსაღი ოპოზიციის“ წარმომადგენლები შეავსებდნენ.

„ჯანსაღში“ კობახიძე არ გულისხმობდა მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს და არც სხვა პარტიებს, ვინც, მისი თქმით, სწორედ ენმ-ის „ბულინგისა და შანტაჟის ქვეშ“ მოექცეოდა.

  • პირველი ასეთი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ აღმოჩნდა - „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული 4 დეპუტატის შემადგენლობითა და ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით;
  • თებერვალში პარლამენტს ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ 2 დეპუტატიც შეუერთდა;
  • აპრილში კი (სხვა პარტიებზე ადრე), პარლამენტში შევიდა იაგო ხვიჩიას „გირჩი“, 3 დეპუტატით. მათ, ახლახან კიდევ ერთი დეპუტატი დაემატა, მათგან გამიჯნული ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად.

ამის შემდეგ, „ოცნება“ ალაპარაკდა, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ იყო და მისი „გამართული მუშაობა“ ეჭვებს აღარ გამოიწვევდა.

მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები მიანიშნებდნენ, რომ ეს არ იყო საკმარისი საქართველოს დემოკრატიისთვის და რომ პარლამენტში ხალხის არჩეული ყველა პარტია უნდა შესულიყო.

ივნისში საქართველოს პარლამენტში ეტაპობრივად უკვე შესული იყო ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილი. მეტოქეების ყოველ ახალ ნაკადს "ქართული ოცნების" დეპუტატები კმაყოფილებასთან ერთად ცინიკური რეპლიკებით ხვდებოდნენ.

2021 წელს პარლამენტი ძირითადად შენობაში ხმაურისა და შენობის გარეთ პროტესტის ფონზე განაგრძობდა არსებობას და ის დღემდე ვერ იქცა საერთო მშვიდობიან სამუშაო სივრცედ პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეებისთვის.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ძირითადად იმაზე უწევთ ლაპარაკი, თუ როგორ არ ასრულებს დაპირებებს „ქართული ოცნება“ და როგორ არგებს ის საკუთარ ინტერესებს კანონმდებლობას.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი მათ მუდმივად დესტრუქციასა და რადიკალიზმში ადანაშაულებენ.

„ხელოვნური კრიზისის“ დასასრული?

იმისათვის, რომ პარლამენტში ხალხის მიერ არჩეული ყველა პარტია შესულიყო და მათ ერთად დაეწყოთ მუშაობა აუცილებელ რეფორმებზე, დაპირისპირებულ მხარეებთან 6 თვის მანძილზე დაუღალავად მუშაობდნენ საერთაშორისო პარტნიორები და გარკვეულ შედეგს 2021 წლის აპრილში მიაღწიეს.

ხანგრძლივი მწვავე კამათის შემდეგ, 19 აპრილს „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ხელი „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა და სწორედ ამის შემდეგ შეუერთდა პარლამენტს კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მათ შორის არ იყო ენმ-ი (რომელმაც ამ შეთანხმებას არა აპრილში, არამედ სექტემბერში მოაწერა ხელი).

შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ის „ხელოვნურს“ უწოდებდა, საბოლოოდ დასრულებულად გამოაცხადა.

მაგრამ, თანდათან გამოიკვეთა, რომ „ოცნების“ მიერ დემონსტრირებული კმაყოფილების უკან უკმაყოფილება იმალებოდა.

  • „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ მალევე პოსტიდან გადადგა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. ექსპერტებმა ეს სწორედ „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსთან დაკავშირებული უკმაყოფილებით ახსენეს. თავად თალაკვაძემ კი თქვა, რომ პარლამენტი წარმომადგენლობითი გახდა და ამიტომ ახლა მისი ადგილი დარბაზშია (!).
  • 24 აპრილს, როცა ეს მოხდა, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ღიად არ აკრიტიკებდა „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსს; მკაფიო უკმაყოფილება თანდათან გამომჟღავნდა;
  • ივლისის დასაწყისში მმართველი პარტია ცდილობდა დაერწმუნებინა საერთაშორისო პარტნიორები, რომ შეთანხმების ყველა პირობას ასრულებდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება არ ეწინააღმდეგებოდა 19 აპრილის შეთანხმებას;
  • 16 ივლისს, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე დეპუტატები - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი, თავიანთ ვრცელ განცხადებაში, საერთაშორისო პარტნიორებს მოტყუებაშიც ადანაშაულებდნენ და თითს სავარაუდოდ აშშ-ის ელჩისკენ, კელი დეგნანისკენ იშვერდნენ;
  • 28 ივლისის შემდეგ კი, როცა დოკუმენტი ცალმხრივად „ანულირებულად“ გამოაცხადეს, მმართველი პარტიის ლიდერები უკვე იმასაც ღიად აცხადებდნენ, რომ ამ შეთანხმებას ქვეყანა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაჰყავდა, და ახლა ყველაფერი ისეც კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნდებოდა.

„შეთანხმება არის ანულირებული და მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე... მეორედ ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, - აცხადებდა ირაკლი კობახიძე.

მოსამართლეთა დანიშვნის სადავო პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ივლისის შემდეგ კიდევ არაერთხელ განაახლა და თანდათან, „შარლ მიშელის შეთანხმების“ მოთხოვნების მიხედვით უკვე ნაწილობრივ შესრულებული პუნქტების გადახედვაც დაიწყო.

მაგალითად, ცესკოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები - პირველი მოსმენით შეთანხმებული დოკუმენტის შემდგომ დამტკიცებას დღემდე ელოდება საპარლამენტო ოპოზიცია.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა „ქართულ ოცნებას“, ცესკოს მონაცემებით, 46.74%-მა დაუჭირა მხარი, პარტიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. 43%-იანი „რეფერენდუმიც“ მოიგო; შესაბამისად, "წერტილი დაესვა" 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივასაც და, "ოცნების" განცხადებით, ქვეყანას წინ 3-წლიანი მშვიდობიანი და სტაბილური აღმშენებლობის პერიოდი ექნება.

წლის ბოლოს მმართველ პარტიას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ უთხრა, რომ ქვეყანა ისევ ღრმა კრიზისშია და წინსვლაზე ლაპარაკი ფუჭია, პოლარიზაციის დაძლევისა და „ეროვნული თანხმობის“ გარეშე.

„პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარია. ე.ი. შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სანამდე მიგვიყვანს ეს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს, როცა ის პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკოსებს და მათ შორის - "ოცნების" ლიდერებს მასპინძლობდა.

სააკაშვილის დაბრუნება

მრავალი თვის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა ამ თემაზე დისკუსიები ახლდებოდა, „ოცნების“ ლიდერები ძირითადად ცინიკური განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ და ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტი დაბრუნებას ვერ გაბედავდა, რადგან მას ციხე ელოდა.

ასეთივე იყო მათი განწყობა 2021 წლის 1 ოქტომბერსაც, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს იმ დღეს მიხეილ სააკაშვილი არა ბათუმში, არამედ, სრული დარწმუნებით, უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში ეგულებოდათ.

გვიან საღამოს კი, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობაში სიმართლე თავიდანვე იცოდნენ, მაგრამ თანაგუნდელებს შეგნებულად დაუმალეს.

დღემდე სადავოდ რჩება, თუ რა ეტაპზე გაიგო ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მალულად ჩამოსვლის ამბავი.

50-დღიანი შიმშილობისა და ხანგრძლივი, ხმაურიანი პროცესების შემდეგ, 20 ნოემბერს, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

30 დეკემბერს გამთენიისას გავრცელდა ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ისევ რუსთავში, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაადასტურა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

ამ დრომდე არ მართლდება „ქართულმა ოცნების“ ლიდერების პროგნოზი, რომ არჩევნების შემდეგ, მალევე, მიხეილ სააკაშვილზე აღარავინ ილაპარაკებდა და „ნაციონალური მოძრაობაც“ დავიწყებას მიეცემოდა.

  • „ქართული ოცნების“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
  • თავად ზურაბიშვილმა თავის გამოსვლებში ორჯერ გაიმეორა - „არა და არასდროს!“; მაგრამ, როდესაც „ეროვნული თანხმობის პროცესი“ წამოიწყო, სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ „არაფერი არ არის გამორიცხული", რაც ენმ-ის მხარდამჭერებმა საიმედო სიგნალად აღიქვეს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ პროცესში ჩართულია თითქმის ყველა პარტია და მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობა“. მათი უპირველესი ამოცანა სწორედ სააკაშვილის გათავისუფლებაა და ამ მიზნით პარტიამ წლის ბოლოს „მასობრივი შიმშილობაც“ გამოაცხადა.

რას ელოდა ოპოზიცია და რა მიიღო?

როცა 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ქუჩაში აპროტესტებდა და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა, ოპოზიციის ძირითადი ნაწილის ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო.

ოპოზიციის ძირითადი, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, ნაწილი ბევრს ლაპარაკობდა პოზიციური ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და „არალეგიტიმურ პარლამენტში“ შესვლასაც გამორიცხავდა.

„მე-10 მოწვევის პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, პუფი, უბრალოდ რაღაცა ნივთი. ვინმე თუ შევა და, პრაგმატულობას თავი დავანებოთ, პოლიტიკურ პრაგმატულობას, ვინმე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს და შევა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი, მით უმეტეს“, - აცხადებდა ნიკა მელია 2020 წლის დეკემბერში.

აპრილიდან გზებიც გაიყო და პოზიციებიც შეიცვალა.

  • 2021 წლის 19 აპრილს, როცა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა „შარლ მიშელის შეთანხმებას“ მოაწერა ხელი, ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ჯერ ისევ ციხეში იყო და ხელმოწერის შესახებაც წინასწარ არაფერი იცოდა.
  • იყო გულისწყრომაც. „არც ნიკა მელია და არც ჩვენ ასე არ მოვიქცეოდით... ასეთ პოლიტიკურ დევნაში რომ იყოს რომელიმე კოლეგა პოლიტიკოსი, ნიკა მელია მას ხელმოწერის შესახებ ასე ტელევიზიის საშუალებით არ შეატყობინებდა“, - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა.​

ენმ-ში ამის შემდეგაც აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ არც „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერას და არც პარლამენტში შესვლას. ენმ-ის პოლიტსაბჭომ 30 მაისს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღო, 10 მაისს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ.

პარტიაში აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ, შეიქმნა ახალი რეალობა და პარლამენტს მიღმა დარჩენა მათ საერთაშორისო იზოლაციას უქადდა.

ენმ-ი პარლამენტში ისე შევიდა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“ ხელი არ ჰქონდა მოწერილი. მან ამ დოკუმენტს თვეების შემდეგ, სექტემბერში მოაწერა ხელი.

ოპოზიციის ხელახალ გაერთიანებაზე მუშაობა ისევ ნიკა მელიამ დაიწყო, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მალევე. მისი გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი ძალებით მომზადება გახდა.

ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა შეთანხმებული კანდიდატებიც დაასახელა.

  • ერთმანეთთან შეთანხმებული თუ ცალკე მოქმედი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მომავალ არჩევნებს განიხილავდა რეფერენდუმად, „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ჩადებული დათქმის შესაბამისად.
  • ამ დათქმის თანახმად, თუკი მმართველი პარტია არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარებულიყო.

რა მოიტანა „რეფერენდუმის“ იდეამ?

როგორც პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების ნაწილის აზრით, რეფერენდუმზე დასმულმა აქცენტმა ამომრჩევლები დააბნია და ნაწილობრივ გააუცხოვა კიდეც, რადგან ისინი ოპოზიციური პარტიებისგან კონკრეტულ დაპირებებს უფრო ელოდებოდნენ.

მეორე ტურში ე.წ. რეფერენდუმზე ლაპარაკი უკვე არარელევანტური იყო და სტრატეგიაც შეიცვალა. გამოჩნდა კონკრეტული დაპირებებიც და ოპოზიციამ, ერთიანობის დასტურად, თვითმმართველ ქალაქებში ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობებიც წარადგინა.

ოპოზიციურმა პარტიებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწიეს და წალენჯიხის მერი ენმ-ის წარმომადგენელი გახდა, მაგრამ, ექსპერტების აზრით, მეორე ტურის მსგავსი მობილიზაციის პირობებში, შედეგი პირველ ტურშიც უკეთესი იქნებოდა.

ერთად თუ ცალ-ცალკე, არჩევნების შემდეგ?

არჩევნების წინ კოალიციური მთავრობის იდეის გარშემო გაერთიანებულმა პარტიებმა მჭიდრო კოორდინაცია არჩევნების შემდეგაც განაგრძეს; თუმცა ნოემბრიდან წლის ბოლომდე, საპროტესტო აქციის სცენაზე ისინი ერთად აღარ გამოჩენილან.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ ერთობლივ აქციაზე გამოცხადდა შემდგომი აქციების გამართვის გეგმაც - მმართველი პარტიის მიერ „მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნებისა" და "სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით. თანდათან, ეს მუხტი ჩაქრა.

  • ოპოზიციონერების ჯგუფმა აქციები ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში გამართა; მაგრამ უკვე 6 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართა.
  • იმის გამო, რომ მოშიმშილე პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა, აქცია ენმ-მა 6-დან 8 ნოემბრისთვის რუსთავის ციხესთან გადაიტანა და მთავარ მოთხოვნად - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დაასახელა.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და ამის გამო „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ იშიმშილა კიდეც. მაგრამ ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების პირდაპირი მოთხოვნა საბოლოოდ მაინც მხოლოდ ენმ-ის მთავარ პრიორიტეტად დარჩა.

სხვა პარტიები პატიმარი ექსპრეზიდენტის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისა და „უსამართლო სასამართლოს პირობებში“ პოლიტიკური დევნის დასრულების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მხოლოდ ინდივიდუალური წესით შეუერთდნენ 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას.

მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს, გამართულ აქციაზე ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ „მასობრივი შიმშილობის“ გეგმა გაახმაურა - პერმანენტული პროცესი, ექსპრეზიდენტის გათავისუფლებამდე.

პარტიის ინფორმაციით, შიმშილობის სურვილი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გამოთქვა. შიმშილობა პარტიის ცენტრალური ოფისის წინ გაშლილ კარვებში დაიწყო.

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოპოზიციამ 15 დეკემბერს განაახლა ერთობლივ გეგმებზე მსჯელობისა და კოორდინაციის ფორმატი.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეიქმნება ე.წ. საორგანიზაციო შტაბი, „ერთიანი პროტესტის“ ორგანიზების მიზნით. დეტალების დაკონკრეტების გარეშე, იმ დღეს აღინიშნა, რომ დაისახა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.

დატოვებენ თუ არა სადეპუტატო მანდატებს ოპოზიციის წარმომადგენლები, თუკი გონივრული ვადები ამოიწურება და პარლამენტში საბოლოოდ დაესმება წერტილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს?

ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ეს საკითხი, სხვა გადაუჭრელ გამოწვევასთან ერთად, 2022 წლისთვის გადაცემული „პოლიტიკური მემკვიდრეობის“ ნაწილია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG