Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივი შიმშილობის შემდეგ - რას აპირებს ოპოზიცია?


ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საქართველოს პარლამენტის წინ. 21 დეკემბერი, 2021 წ.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საქართველოს პარლამენტის წინ. 21 დეკემბერი, 2021 წ.

21 დეკემბერს დაწყებული და 1 იანვარს შეწყვეტილი მასობრივი შიმშილობის შემდეგ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, რომ  „ბრძოლის შემდეგ ეტაპზე“ გადადის და სხვადასხვაგვარი პროტესტი მთელ საქართველოს მოედება.

ენმ-ისთვის ბრძოლის მთავარი მიზანი თუ არა, პრიორიტეტი მაინც, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა. სხვა ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი უფრო ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ამ ეტაპზე არც მათ შორის არის შეთანხმებული საერთო გეგმა.

3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებიც ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებდნენ საკანონმდებლო ორგანოს.

შიმშილობის შემდეგ

გულში ჩადგმული ოთხი სტენტისა და მედიკამენტების რეგულარულად მიღების აუცილებლობის მიუხედავად, გია (თენგიზ) მამფორია 8 დღის განმავლობაში შიმშილობდა და შედეგად, 7 კილო და 200 გრამი დაიკლო. ის ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატია და 12 იანვარს სხდომაზეც გეგმავს დასწრებას.

მამფორია გვეუბნება, რომ შიმშილობის შეწყვეტა, მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მიმართვის შემდეგ, ახალი წლის დადგომიდან პირველივე საათებში გადაწყდა. მანამდე კი, კარავში შეკრებილებმა, ზუსტად 12 საათზე შუშხუნა ღვინოები გახსნეს, მაგრამ, შიმშილობის გამო, არავის დაულევია. საახალწლო სუფრამაც ოჯახში მათ გარეშე ჩაიარა.

შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გია მამფორია რეაბილიტაციისთვის კლინიკაში არ გადაუყვანიათ. გვეუბნება, რომ იქვე, კარავში დარიგდა ექიმის რეკომენდაციები - თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პირველი სამი დღის განმავლობაში.

„ჩემებურად ჯერ არ მიჭამია. სამდღიან რეჟიმს ზუსტად ვასრულებ და მალე ალბათ სრულყოფილად შევუდგები ჭამას. დღეს უკეთესად ვარ უკვე... ნელ-ნელა ვიკრებ ძალებს. ეს დღეები თბილისში დავრჩი და წავალ მალე ზუგდიდში. ოჯახთან შეხვედრის ემოციები კიდევ წინ მაქვს... ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მთხოვდნენ, არ იშიმშილოო, მაგრამ ვერ დამიმორჩილეს... ძველი გვარდია ვარ მაინც, გამოვლილი მაქვს ბრძოლებიც, შიმშილობაც [1988-89 წლებში]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია მამფორია.

არ ნანობს, რომ შიმშილობა მიზნის მიღწევის გარეშე შეწყდა, რადგან შიმშილობას ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს და ფიქრობს, რომ ყველაფერი წინ არის:

„ამ შიმშილობის დროს მე უფრო კარგად ვიგრძენი, რომ ჩვენი გუნდი შეკრულია. დავრწმუნდი, რომ ბრძოლისთვის მზად ვართ და ყველანაირ ბრძოლას გავუძლებთ ერთად და ბოლომდე გავიტანთ ბრძოლას“.

კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება „ნაციონალურ მოძრაობას“?

კონკრეტული გეგმა ჯერ არ გამოცხადებულა. პარტიაში ამბობენ, რომ „ბრძოლის შემდეგ ეტაპზე“ გამოიყენებენ „ყველა სახის მშვიდობიან, არაძალადობრივ საშუალებებს“, იქნება ეს აქციები თუ სხვაგვარი პროტესტი. უცვლელია მთავარი მიზანი - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რასაც პარტია ცვლილებებისა და უკეთესი მომავლისკენ სვლის აუცილებელ პირობად განიხილავს.

1 იანვარს, შიმშილობის აქციის შეწყვეტის შემდეგ, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ბრძოლა გაგრძელდება „მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს; მანამ, სანამ ქვეყანაში მოქალაქეს არ გაუჩნდება განცდა, რომ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს და არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს“.

3 იანვარს,როდესაც რუსთავის ციხეში გადაყვანილმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა, ცხადი გახდა, რომ ამ პროცესის დაძვრა შეუძლებელი იქნებოდა ენმ-ის დეპუტატების გარეშე და, შესაბამისად, მიზნის მისაღწევად, ენმ-ის 30-ზე მეტმა დეპუტატმა პარლამენტის ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დღესვე დაადასტურა, რომ თუკი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში დადგება, ისინი პარლამენტში შევლენ.

ასევე მისი თქმით, უკვე აქვთ ფრაქცია „ლელოს“ თანხმობა, რომ მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. „ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, - თქვა დეკანოიძემ.

რა გეგმა აქვთ სხვა პარტიებში?

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხზე საუბრისას ყოფილ პრეზიდენტსაც გულისხმობენ.

მაგრამ ისინი საკუთარი პარტიების სახელით არასოდეს უერთდებიან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს და ამისკენ არც მხარდამჭერებს მოუწოდებენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით:

  • ოპოზიციონერ ლიდერებს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ძალების გაერთიანებაზე არც 15 დეკემბერს ულაპარაკიათ - ოპოზიციის მიერ განახლებული საკოორდინაციო ფორმატის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ შეხვედრაზე.
  • „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გაიმართა „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მორიგი სასამართლო პროცესის წინა დღით და ოპოზიცია მსჯელობდა ერთობლივ ზომებზე პოლიტიკური დევნის გაგრძელების წინააღმდეგ და ასევე, შესაბამის კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაიგეგმა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრები წელსაც გაგრძელდება.

აქვს თუ არა ოპოზიციას მოქმედებების საერთო გეგმა?

ამ შეკითხვაზე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ „არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ოპოზიციურ სპექტრში არის სრული თანხვედრა მოქმედების სტრატეგიასთან დაკავშირებით და ამ წელს ეს შეიძენს ახალი გეგმის სახესაც“. გეგელია ორ მიმართულებას ასახელებს:

  • საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა - „პარტნიორებთან ძალიან სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია“;
  • საზოგადოებასთან მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, „უპირველეს ყოვლისა, სიღარიბისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ... იმისათვის, რომ პრობლემატიკაც წამოვწიოთ და გადაჭრის დეტალური გზებიც დავსახოთ“.

„ლელოში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ ხალხს აუცილებლად უნდა შესთავაზოს სამომავლო კოალიციური მთავრობის მიერ შემუშავებული „განვითარების ალტერნატიული მოდელი“, რათა უკეთესად გამოჩნდეს - რა იქნება ხელისუფლების ჩანაცვლების შემდეგ.

ამ ეტაპზე „ლელოს“ არ დაუკარგავს იმედი, რომ პარლამენტში შესაძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, რაც სრულად პროპორციული არჩევნების დაბალი ბარიერით ჩატარების შესაძლებლობებს უკავშირდება.

ერთ-ერთ მთავარ მიზნად სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბრძოლას ასახელებენ „სტრატეგია აღმაშენებელშიც“. პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, პარალელურად, საპროტესტო აქციებისთვისაც.

„იგეგმება, რომ თებერვალს არ უნდა გადაშორდეს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გადაწყვეტა და ამისთვის საჭირო იქნება მეტი აქტიურობა და მათ შორის - პარლამენტშიც. მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის თემაზე [სამსახურის გაუქმება] მთელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო პარლამენტში და ყველას რომ ესარგებლა გამოსვლების დროით, უბრალოდ ასე სწრაფად ვერ შეძლებდნენ ისინი [„ქართული ოცნება“] ამ ცვლილების დამტკიცებას... თვეზე მეტის მოგება შეიძლებოდა და როცა ამდენ დროს იგებ, ამ დროში საზოგადოებრივი აზრისა და დასავლეთის მობილიზებაც უკეთესად შეიძლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე.

მისი სურვილია, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ენმ-მა განაახლოს საპარლამენტო ბრძოლა და „ყველა არსებული იარაღი იქნას გამოყენებული“.

არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე - რა იქნება თებერვლის შემდეგ, თუკი პარლამენტი ამ ვადაში არ მიიღებს სათუო საკონსტიტუციო ცვლილებებს?

შექმნილ ვითარებაში საპარლამენტო ბრძოლას ისევ უშედეგოდ მიიჩნევს „ევროპული საქართველო“, რომელმაც თავიდანვე უარი თქვა მიღებული მანდატების გამოყენებაზე.

გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე გვეუბნება, რომ პარტიის უცვლელი პოზიცია მან 15 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა და კოლეგებს პარლამენტის ბოიკოტზე დაფიქრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„პოლიტიკური პარტიები პარლამენტში „შარლ მიშელის შეთანხმების“ საფუძველზე შევიდნენ. ამ დოკუმენტის არცერთი პუნქტი არ სრულდება და ბუნებრივია, რომ სრული პოლიტიკური და იურიდიული უფლება გვაქვს, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეთ და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მოვთხოვოთ „ქართული ოცნების“ იძულების მექანიზმებზე მუშაობა...

პარტიები ამბობენ, რომ ელოდებიან, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ არ შეიძლება განუსაზღვრელი დრო მიეცეს „ქართულ ოცნებას“... თუ მანდატების დატოვებაზე ოპოზიციის მუქარა არ მოისმინა „ქართულმა ოცნებამ“, ისინი ამ დროსაც გაუთავებლად გაწელავენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძე.

მისი აზრით, ბოიკოტი წარმოადგენს ყველაზე ეფექტიან გზას საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მისაპყრობადაც, რადგან „არაორდინარული ნაბიჯების გარეშე“ საქართველოსკენ „არავინ გამოიხედავს“.

„ევროპულ საქართველოს“ „დროის გაყვანის ტაქტიკად“ მიაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული „ეროვნული შეთანხმების პროცესი“.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულმა „პერიპეტიებმა“ პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების „დაქუცმაცება“ გამოიწვია, რითაც „კარგად ისარგებლა ხელისუფალმა“.

თავის ფეისბუკპოსტში ანალიტიკოსი წერს, რომ ოპოზიციამ 2021 წელს ხელიდან გაუშვა შანსი, რეალურად გაერთიანებულიყო სამ საკითხთან დაკავშირებით და ესენია - „შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირება „ქართული ოცნების“ მიერ, „გაყალბებული არჩევნები“ და „ტოტალური მოსმენები“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG