Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება შეტაკებები ყაზახეთში - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 იანვარს


ყაზახეთსა და საქართველოს შორის ფრენები შეფერხებულია - ვინ ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას

ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სისხლიანი გამოსვლების შედეგად შეჩერებულია ავიარეისები და იქ მყოფებს ინტერნეტიც არ მიეწოდებათ სრულყოფილად. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გააქტიურებულ ცხელ ხაზს უკვე მიმართა 8 მოქალაქემ.

„9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტიურადგავიჭედეთ“ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში, გთხოვთ შეგვეხმიანეთ, - ამბობს ახალგაზრდა კაცი, ბაჩანა მელაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც 5 იანვარს გავრცელდა.

ბაჩანას ვიდეოს გამოქვეყნებიდან 12 საათის შემდეგ, 6 იანვარს, თბილისის დროით დღის პირველ საათზე მისმა მეგობარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩანა და ალმათიში ჩარჩენილი კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე ქალაქიდან მოშორებით არიან გადაყვანილი და საფრთხე არ ემუქრებათ.

სამშობლოში გაფრენის მოლოდინში იყვნენ გუშინ ყაზახი ტურისტებიც, რომლებმაც ქუთაისის აეროპორტში გაიგეს, რომ მათი რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.

ყაზახეთის ყველაზე დიდ ქალაქში, ალმათიში გუშინ სროლისა და აფეთქების ხმები ისმოდა. დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას მერე, რაც ქალაქში რუსეთის მეთაურობით მოქმედი სამხედრო ალიანსის ჯარები შევიდნენ, სისხლიანი ამბოხების ჩასახშობად და ობიექტების დასაცავად.

რას უყვებიან რადიო თავისუფლებას ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა საქართველოში არიან? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გადაწია

რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადას ახანგრძლივებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ციხეში მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს", - თქვა შოთა თუთბერიძემ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

3 იანვარს სააკაშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ იმის გამო, რომ მასთან ვერ შედიოდა ექიმთა დამოუკიდებელი ჯგუფი და არ იყო დაცული კონფიდენციალურობა ციხეში მასთან საუბრის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას გეგმავდა. ამ პირობების შესასრულებლად სააკაშვილი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევდა.

წაიკითხე მეტი.

პატრიარქის ეპისტოლე: ტექნიკის სფეროში საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ეპისტოლე წაიკითხეს. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ყურადღება შეაჩერა ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე ადამიანების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, განსაცდელის დაძლევაზე, პანდემიასა და სხვა საკითხებზე.

„დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი ... ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი.

მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა“,- წერია ეპისტოლეში.

პატრიარქი შეეხო პანდემიის თემასაც. მისი თქმით, თითოეულ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს სატარებელი, თუმცა არის საერთო განსაცდელიც და ასეთია პანდემია.

„ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს”, - ვკითხულობთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

დღეს, 7 იანვარს, პანდემიის გამო თბილისში „ალილო“ არ იმართება. დაგეგმილია მხოლოდ მანქანებით მსვლელობა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება 14:00 საათზე და 16:00 საათზე სამების ტაძართან დასრულდება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ვის გაეზარდა დენის გადასახადი 1 იანვრიდან და რატომ

2022 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობის დიდი ნაწილს, ვინც 300 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარდა, ელექტროენერგიის გადასახადი ეზრდება. საუბარია მოსახლეობის 95%-ზე, 1,6 მილიონ ოჯახზე - გასული წლის ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამდენი ოჯახი მოიხმარდა ამ მოცულობის ელ.ენერგიას.

ტარიფები, ოფიციალურად, 2022 წლის 1 იანვრიდან არ გაზრდილა. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დენის გაძვირების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გაზრდილი საფასური მოსახლეობას 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა გადაეხადა, თუმცა მთავრობამ ბიუჯეტიდან გაზრდილი გადასახადის სუბსიდირება გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, (300 კვტ.სთ-მდე), თბილისში დენის საფასური ყოველ 100 კვტ.სთ-ზე 3,5 ლარით ძვირდება, რეგიონებში კი, დაახლოებით, 6 ლარით.

საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში:

  • 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 14,544 თეთრის ნაცვლად 18,041 თეთრი ხდება;
  • 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18,556 თეთრის ნაცვლად 22,053 თეთრი ხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.

წაიკითხე მეტი.

ავსტრალიის სასამართლო ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელს განიხილავს მისთვის ვიზის გაუქმების გამო

ავსტრალიის სასამართლო 6 იანვარს განიხილავს ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელს მისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე. მსოფლიო რეიტინგით პირველ ჩოგბურთელს ავსტრალიამ უარი უთხრა ქვეყანაში შეშვებასა და ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ჯოკოვიჩის სარჩელის განხილვა ადგილობრივი დროით 16 საათისთვის არის ჩანიშნული.

5 იანვარს ავსტრალიის სასაზღვრო დაცვამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა ჯოკოვიჩს. როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, 34 წლის სერბმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ორჯერ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ ან რომ მისთვის დაშვებულია გამონაკლისი სამედიცინო მოსაზრებებით.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო კომისიამ გამონაკლისი დაუშვა და მას ნება დართო, არ გაიკეთოს ვაქცინა.

წაიკითხე მეტი.

"ყაზახეთის აღება" - როგორ შევიდა და რა ამოძრავებს რუსეთს?

ათობით მოკლული, ასობით დაჭრილი და ათასობით დაკავებული - ასეთია ბოლო ორ დღეში ყაზახეთიდან გავრცელებული ცნობები. 6 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათიში. ვრცელდება ცნობები, რომ თვითმხილველებმა ქალაქის მთავარ მოედანზე დაჭრილი და მოკლული არაერთი ადამიანი ნახეს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო დანაყოფები ამბოხებული ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისინი 6 იანვარს ყაზახეთში შევიდნენ. რუსეთი ირწმუნება, რომ ყაზახეთის უსაფრთხოებას გარე ძალები უტევენ და ე.წ. სამშვიდობოების შეყვანაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

ОДКБ ყაზახეთში ამ ორგანიზაციის სხვა წევრების - რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებით შევიდა; თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობისთვის ეს ყაზახეთში რუსეთის შესვლას ნიშნავს და არც იმას გამორიცხავენ, რომ მზარდი პროტესტით შეშინებულ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს დასახმარებლად მოწვევის იდეაც სწორედ მოსკოვიდან უკარნახეს.

ექსპერტებს საეჭვოდ ეჩვენებათ გაურკვეველი მოძალადე ჯგუფების თარეში ალმათიში, მაშინ როდესაც პროტესტი თავიდანვე მშვიდობიანი მოწოდებებით გამოირჩეოდა.

რა გეგმა აქვს რუსეთს ყაზახეთში და რა შეიძლება მოითხოვოს მოქმედი პრეზიდენტის დახმარების სანაცვლოდ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

უფრო ხშირად მას ნახევარმთვარის ფორმით აცხობენ. ხან მრგვალია, ხან ოთხკუთხედი, ხანაც ოვალური და საკმაოდ მოზრდილი - სადღესასწაულო. თუმცა მთავარი, რაც გურულ და როგორც მეორენაირად ვუწოდებთ, საშობაო ღვეზელს ახასიათებს, ეს ყველთან ერთად მასში ჩადებული, მოხარშული კვერცხებია. ესმა კუნჭულიას ოჯახში გურული ღვეზელი - ოღონდ არა მთვარის ფორმის, არამედ სწორედ და სადღესასწაულო, მრავალი წელია ცხვება მისი დიდი ბებიის, ესმას რეცეპტით და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს რიტუალი ესმასთვის დროის გაჩერებაცაა, მეხსიერების შემონახვაც, რაღაც საკრალურის გადარჩენა თუ წარსულისთვის ყურის მიგდება. იმ საწყისების კვლევაც, თუ ვინ ჩადო პირველად კვერცხი ცომში ან ვინ როგორი ცომი მოზილა, ვინ რა ფორმა მისცა გურულ ღვეზელს და რატომ ან როგორ დაერქვა მას საშობაო, რატომ აცხობდნენ მას კალანდობას გურულები... ამ ვიდეოში ესმა სწორედ ამბებს გვიყვება და მისი ოჯახის წლობით გამოცდილ რეცეპტსაც გვასწავლის.

XS
SM
MD
LG