Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის გამო გორის მაღალმთიან სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოძრაობს


გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ტანის ხეობის სოფლებში. ბოშურის მიმართულებით მიკროავტობუსები ვერ გადაადგილდებიან. გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. თოვლის საფარისგანი იწმინდება ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები.

გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც. გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის გიორგი ბარჯაძის ცნობით, მათ მოვალეობაში მხოლოდ ქალაქის გზების მოწესრიგება შედის.

რაც შეეხება სოფლებს, იქ კერძო კომპანიები მუშაობენ. ბარჯაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქალაქისთვის 8 ტონა მარილია მზად, ხოლო 10 ტონამდე მასალა დამატებით მზადდება (ქვიშის და ხრეშის შეზავებით) სოფლების გზებს ”საგზაო სამშენებლო სამმართველო“ ემსახურება. ეს სამსახური ნიქოზის, მეჯვრისხევის, უფლისციხის მიმართულებით მუშაობს.

დიდთოვლობის გამო ზამთრის არდადეგები გრძელდება ბოშურის სკოლაში. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში სასწავლო პროცესი დღეს ვერ განახლდა. ბოშურის სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან დადიან, თუმცა თოვლიანი და ყინულიანი გზების გამო მოსწავლეთა ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვრის ჩათვლით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG