Accessibility links

site logo site logo

„შანტაჟი და ისტერიკა“ - რუნეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობაზე


ჯერაც აქტუალურია თემა რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. ვლადიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს თანამემამულეებს მიმართა: „ამოისუნთქეთ და დამშვიდდით! ნუ გაიქცევით წიწიბურას და ასანთის მოსამარაგებლად. რა გააკეთოთ? მხოლოდ ერთი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ცივი გონება, საკუთარი ძალების რწმენა, რწმენა საკუთარი ჯარის, ჩვენი უკრაინის!“

იური ტკაჩევი: „რაც ზელენსკიმ განაცხადა, ომი ნამდვილად არ იქნებაო, მას შემდეგ მეც კი მეშინია“.

თავდასხმის შესაძლებლობაზე პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმაც ილაპარაკა. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტის ნათქვამი ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო.

ვლადიმირ კორნილოვი: „Go in and occupy Ukraine“ (მიდი და დაიპყარი უკრაინა). მე სიტყვასიტყვით ვიმეორებ ბაიდენს. ანუ მაინც ნებას რთავს? თან ამბობს, რუსეთს ეს ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგი, როგორც ხედავთ, არაა. საერთოდ მისი სიტყვა იმდენად არეული და ალაგ-ალაგ წინააღმდეგობრივი იყო, რომ ნათქვამი ყველამ სხვადასხვაგვარად გაიგო“.

ვიქტორ მარახოვსკი: „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ის [რუსეთი]. ერთია, თუ ეს იქნება უმნიშვნელო შეჭრა“, - ჯო ბაიდენის ამ ისტორიულმა სიტყვებმა რუსეთისთვის მომზადებულ სასჯელთან დაკავშირებით, ამერიკულ მედიაში ტონგის ვულკანზე მძლავრი აფეთქება გამოიწვია.

ამერიკელ პარტნიორებს უკვე კითხვა გაუჩნდათ, რა კომპრომატი აქვს პუტინს ამერიკის პრეზიდენტზე ასეთი, რომ მან მოულოდნელად ნება დართო პუტინს [უკრაინაში] შეიჭრას.

„რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“

„ბაიდენმა ყველა შეაშფოთა, პუტინის უკრაინაში „უმნიშვნელო შეჭრა“ რომ ახსენა. „უმნიშვნელო შეჭრას“ აშშ-ისა და დასავლეთის მხრიდან მკაცრი პასუხი შეიძლება სულაც არ მოჰყვეს. სრულმასშტაბიანი დაპყრობისგან განსხვავებით, ის „ისეთ სანქციებს გამოიწვევს, როგორიც პუტინს ჯერ არ უხილავს“. თეთრმა სახლმა მიზანმიმართულად დაიწყო იმის განმარტება, რომ პრეზიდენტს მხედველობაში ის არ ჰქონია, რომ თუნდაც „უმნიშვნელოს“ დაუშვებს, და რომ პასუხი ყველაფერს მოჰყვება. თუმცა, გულში ხინჯი მაინც ყველას დარჩა“.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ალექსანდრ მოროზოვი: „სულ ახლახან ფართო პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ, მისი ფიქრით, პუტინი ჯარებს გადაიყვანს. მას სთხოვეს, დაეზუსტებინა: თუ პუტინი ჯარებს გადაიყვანს, უკრაინა კი ნატოს ესაზღვრება, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაიწყება? ბაიდენის პასუხი ასეთი იყო: ვფიქრობ, პუტინს ესმის, რომ თუ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებით ომი იქნება და არა ბირთვული ომი, ის დამარცხდება... ბაიდენი ისე ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ აშკარაა, ყველაფერი გააზრებული აქვს. ახლა ამერიკელები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან (სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ბაიდენმა და მისმა მექანიზმმა პუტინი მიიმწყვდიეს დერეფანში, რომელშიც ის „პერმანენტული აგრესორია“, ბლინკენმა კიევში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არის ორი ვარიანტი: ან შეუტიე, ან დაიწყე დეესკალაცია. მესამე გზა არ ჩანს)“.

სტანისლავ ბელკოვსკი: „დემოკრატებმა კონგრესის 2022 წლის შუალედური არჩევნები საერთოდ რომ არ წააგონ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მსოფლიო ომი უნდა შეაჩეროს. ეს აგრესორ ქვეყანასთან მძიმე კომპრომისის შედეგად შეიძლება გაკეთდეს“.

კირილ შულიკა: „გასაგებია, რომ რუსეთის შეჩერების გარდა, ამერიკელებს ეშინიათ ნატოში განხეთქილებისაც, რაც ფაქტია. ავიღოთ თუნდაც გერმანიის პოზიცია. სწორედ ამის გამო წამოაყენა კრემლმა ულტიმატუმი. მართალია, არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ნატო არ გაფართოვდება, მაგრამ ისიც სრულიად შესაძლებელია, ალიანსში განხეთქილება მოხდეს. ეს კი ხარისხობრივად სხვა სიტუაციაა.

ბაიდენის განცხადება იმასაც ეხება, რომ აშშ განიხილავს სანქციების შესაძლებლობას არა ნატოს მხრიდან, არამედ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ამიტომაც არის საუბარი, რომ რუსულ ბანკებს დოლარებით მუშაობა აეკრძალებათ. პროცესები უკრაინის გარშემო ძალიან რთული და არაერთგვაროვანი იქნება. ყველა ფსონის აწევაზე თამაშობს“.

კირილ როგოვი: „ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც დაზვერვის ანალიზს ეყრდნობიან, დარწმუნებულები არიან (ან სხვებს არწმუნებენ), რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია; რომ იმდენი ხანია ემზადებიან და კრემლის ულტიმატუმებიც ისეთი ხისტი და მიუღებელია, რომ პუტინს მანევრირებისთვის ადგილიც აღარ დარჩა.

რუსეთს არ შეუძლია მოითხოვოს, ნატო არ გაფართოვდესო. ის ძალიან სუსტია კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური კუთხით.

არ მიყვარს „გეოპოლიტიკა“. ნორმალური პოლიტიკა სახალხო პოლიტიკაა, სოციალური პროცესები. „გეოპოლიტიკა“ „პოლიტიკის“ ანტონიმია. ეს ცნება თავს გვახვევს აზრს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არაა, როგორც არის; რომ სინამდვილეში არსებობს „დიდი ბიძების“ წრე, რომლებიც - საჯაროდ რაც არ უნდა ითქვას - თავიანთ ნეტარ ჩრდილში სხედან და მთელი მსოფლიოს ბედს წყვეტენ. სასიამოვნოა ამის დაჯერება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ხშირად „დიდი ბიძები“, რომლებიც მსოფლიოს ბედს განაგებდნენ, უეცრად უსარგებლო ნივთები ხდებიან (ავიღოთ თუნდაც ნურსულთან ნაზარბაევი. ძლიერი, დაუმარცხებელი, ბრძენი და გამჭრიახი მელა იყო. ახლა კი კამერის წინ ზის, თითებს იმტვრევს და საკუთარ თავს პენსიონერს ეძახის).

„ძალების რეალური ბალანსის“ მიხედვით, კრემლის ულტიმატუმი, რომ ნატო არ გაფართოვდეს, არათუ შესასრულებლად შეუძლებელი, სტრატეგიულადაც მცდარია. ასეთ გარანტიას ვერავინ მისცემს და რომ მისცენ, მაინც დაირღვევა. ისევე, როგორც რუსეთმა დაარღვია უკრაინისთვის მიცემული გარანტია ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების აღიარების შესახებ. რუსეთს არ შეუძლია მოითხოვოს, ნატო არ გაფართოვდესო. ის ძალიან სუსტია კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური კუთხით. ერთადერთი, რაშიც ის დასავლეთს მეტოქეობას უწევს, ეს „ურთიერთგანადგურება“ და ბირთვული ომის გაჩაღების შესაძლებლობაა. მაგრამ უნდათ რუსებს „ურთიერთგანადგურება“ იმისთვის, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს? ამ მიზნისთვის უღირს ბირთვული ომი?“

გრიგორი იუდინი: „უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები დიდი ხანია მეკითხებიან: „რატომ აკეთებს პუტინი ამას, რად უნდა თავს დაესხას. მას ყველაფერი კარგად აქვს, რა არ მოსწონს?“ რა ხანია უშედეგოდ ვპასუხობ: „ის თავს კი არ ესხმის, თავს იცავს“.

პუტინის მოტივაციის გასაგებად, შესაძლო მოქმედებას (საომარი ოპერაცია) ადარებენ ამჟამინდელ სიტუაციას, ანუ ამ ოპერაციის არარსებობას. თითქოსდა არჩევანი მხოლოდ ესაა: ჩაატარო ოპერაცია ან დატოვო ყველაფერი ისე, როგორც არის. ამგვარად გამოაქვთ დასკვნა, რომ პუტინს ყველაფერი რიგზე აქვს, ოპერაციამ კი შეიძლება ბევრი ცუდიც მოიტანოს და კარგიც.

მაგრამ პუტინი - იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ის და მისი გარემოცვა ლაპარაკობენ - ოპერაციას ამჟამინდელ სიტუაციას კი არ ადარებს, არამედ მოსალოდნელს. მისი მდგომარეობა უარესდება და უახლოეს მომავალში ამ ოპერაციის გარეშე ის გაცილებით ცუდი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა პუტინს აქვს დრო, როდესაც ამ ოპერაციის განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდეგ მისი ჩატარება ან საერთოდ შეუძლებელი გახდება, ან ძალიან წაგებიანი.

არსებობს სამი ფაქტორი, რომლებიც ამ ეფექტს ქმნის, პირველი: ქვეყნის შიდა მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია - ხალხი პუტინისგან დაიღალა და იმის ალბათობა, რომ ის დღის წესრიგს კიდევ ერთხელ „გადატვირთავს“, დაბალია. ამის უკვე ნაკლებად სჯერა ვინმეს. ახალგაზრდა და შუა ასაკის თაობა გაცილებით მეტად დაიქანცა პუტინისგან. მისი ელექტორატი ობიექტური მიზეზების გამო მცირდება, მით უფრო, პანდემიის პირობებში. მისი მედიის ეფექტურობაც შემცირებულია, რადგან ხალხი მიეჩვია, რომ ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს არ უნდა ენდოს.

მეორე, შიდაპოლიტიკური ვითარება უარესდება. როგორც ჩანს, მინსკის შეთანხმებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. უკრაინა ნატოსკენ მიიწევს და ეს მის ტერიტორიაზე შექმნილმა არასტაბილურობამაც კი ვერ შეაჩერა. რუსეთს დასავლეთში მხარდამჭერები თითქმის აღარ დარჩა. ჩანს, რომ პუტინი მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს: ან ეკონომიკური მარწუხების გამოისობით კიევში პრორუსული ძალა მოვა ხელისუფლებაში და უკრაინა რუსეთის პროტექტორატქვეშ მოექცევა, ან პრობლემას სამხედრო ძალით გადაჭრის. პირველი ვარიანტი უპრიანია, მაგრამ ნაკლებად შესაძლებელი. ამასთან, უკრაინის რაღაც ნაწილი მაინც უნდა აკონტროლოს რუსეთმა, სხვა არცერთი ვარიანტი პუტინსა და რუსეთთან შესაბამისობაში არ მოდის.

უეჭველია, რომ ნატოს მოახლოება და ხალხის უკმაყოფილების ზრდა პუტინის მიერ აღიქმება არა როგორც ორი სხვადასხვა რამ, არამედ როგორც ერთი და იგივე - მტერი მოიწევს და მოახლოებასთან ერთად ისეთ სამუშაოებსაც ატარებს, რომ მას ფეხქვეშ მიწა გამოაცალოს.

და კიდევ ერთი, პუტინის ზოგიერთი განცხადებიდან ჩანს, რომ მას მიაჩნია, რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს, რომელიც მალე განეიტრალდება. ეს ნიშნავს, რომ თავისი პირობების მიღება მან ახლა უნდა აიძულოს, რადგან მერე ამას ვერ შეძლებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ყველაფერი ჩაწყნარდეს, თუკი პუტინი მაინც გადაწყვეტს, რომ ეს მისთვის წაგებიანია? ერთი მხრივ, რა უშლის ხელს, თქვას: „არ უნდათ ჩვენი პირობების მიღება და ჯანდაბას, რამე სხვას გავაკეთებთ“. მეორე მხრივ, მოსალოდნელი რისკები შეუქცევადი ალბათ პუტინს კი არ ჰგონია, არამედ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ასეთი პრაქტიკა სავარაუდოდ კოლექტიური დაგეგმარების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ იმ ჩიხიდან გამოძრომა, რომელშიც პუტინმა თავი შერგო, ადვილად არ გამოვა. მოუწევს ახსნას, რა შეიცვალა და რატომ. თუ ახლანდელი დაძაბულობა რამე სახის ომით არ დასრულდა, ეს ელიტას შეაზანზარებს და ისიც გაურკვეველია, ისევ დარჩება თუ არა იქ [ელიტაში] პუტინი, რომლის გამძლეობაში დაეჭვების საბაბი აქამდე არ არსებობდა.

ამიტომაც, ის რასაც ახლა პუტინი აკეთებს, არა თავდასხმა, არამედ თავდაცვაა და ამის გამო ვითარება გაცილებით სახიფათო ხდება“.

იგორ იაკოვენკო: „მოდი წარმოვიდგინოთ: პუტინი არანაირ მსოფლიო დებოშს არ აწყობს; არც იარაღს აჩხარუნებს უკრაინის საზღვართან; არ ითხოვს აშშ-ისა და ნატოსგან, ახლავე დამნებდითო. მე არ ვლაპარაკობ ყირიმიდან გამოსვლასა და დონბასის დატოვებაზე, ეს უკვე წარმოდგენა კი არა, ფენტეზი იქნება. უბრალოდ, სტატუს-კვოს ინარჩუნებს.

კითხვა ჩნდება: რას იზამს პუტინი, ასეთ ნორმალურ ვითარებაში? მოღალატეებს შეებრძოლება და ოპოზიციას გაწმენდს? გასაწმენდიც აღარაფერი დარჩა. ლუკაშენკოს ინტეგრირებას დაიწყებს? ძნელია. ის საიმედო არაა. წელიწადში ორჯერ თავი თოვლის ბაბუად მოჰქონდა და მთელი ქვეყნიდან მასთან სხვადასხვა თხოვნით მოსულებს უსმენდა. თუ დააკვირდით, როგორი ზიზღით უყურებდა მათ, ვინც თავიანთი ხელმძღვანელობის დავალებით მივიდნენ და საავადმყოფოებისა და გზების მშენებლობისთვის ფულს ითხოვდნენ? ეკონომიკას მიხედავს და მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს? მოსაწყენია, მას არ გამოსდის. სცადა ფასებისთვის ზრდა აეკრძალა, მაგრამ არ უსმენენ, იზრდებიან, ოხრები.

ისტერიით შეპყრობილი შანტაჟისტის გონზე მოყვანა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ეტყვი: „გადახტი, გადახტი, ბოროტო, და ჩვენ დაგეხმარებით, რომ სასიკვდილოდ დაენარცხო“. მხოლოდ ასე თუ შეაჩერებ მის სიშლეგეს“.  

პუტინის რუსეთი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხრივ საბოლოოდ მარცხდება, თან არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ ჩინეთთან და კიდევ მთელ რიგ ქვეყნებთან. ეს სულ უფრო თვალნათელი ხდება, მათ შორის რუსეთშიც.

პუტინის ავანტიურის შედეგია ჩავარდნა რუსეთის საფონდო ბირჟაზე, საფონდო ინდექსი (MCX: RTSI), რომელიც რუსეთის საფონდო ბაზრის ძირითადი მაჩვენებელია, 7.29%-ით დაეცა. საშუალოდ 10%-ით დავარდა აქციები აუმსხვილესი რუსული კომპანიებისა: „სბერი“ და „იანდექსი“.

პუტინი ხვდება, რომ ნორმალურ სიტუაციაში ის წააგებს. ამიტომ არანორმალური სიტუაცია უნდა შექმნას, ომი ან „საომარი ფსიქოზი“. ოსტაპ ბენდერმა, როცა ხედავდა, რომ ჭადრაკის ყველა პარტიას აგებდა, ფიგურები ოპონენტს შეაყარა, დაფა კი ლამპას მიალეწა. პუტინიც იმავეს აკეთებს, ოღონდ გლობალური მასშტაბით“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

იგორ ეიდმანი: „პუტინი დასავლეთს საკუთარი თვითმკვლელობით უწევს შანტაჟს, დასავლელი პოლიტიკოსი-ფსიქოთერაპევტები კი ცდილობენ დაარწმუნონ, აივნიდან არ გადახტე და გამვლელებს არ დაენარცხოო.

ამერიკელები და ევროპელები მართლა რუსოფობები რომ იყვნენ, არ შეეცდებოდნენ რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება საჭირო არ არის. უბრალოდ სიამოვნებით დააკვირდებოდნენ, როგორ მოიტეხდა რუსეთი ამ ომში კისერს.

თანამედროვე პაციფიზმი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ეფექტური არ არის. ხელისუფლების სათავეში მყოფი შეშლილი ფიქრობს, რომ მისი ნამდვილად ეშინიათ. ეს მას „გმირობისკენ“ უბიძგებს. დასავლელი პოლიტიკოსები ცუდი ფსიქოლოგები არიან. ისტერიით შეპყრობილი შანტაჟისტის გონზე მოყვანა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ეტყვი: „გადახტი, გადახტი, ბოროტო, და ჩვენ დაგეხმარებით, რომ სასიკვდილოდ დაენარცხო“. მხოლოდ ასე თუ შეაჩერებ მის სიშლეგეს“.

სერგეი მარკოვი: „როდის შეიძლება, რამე სერიოზული მოხდეს? 2022 წლის 3 თებერვალს? მიიჩნევა, რომ თუ ინიციატივა ამერიკელებისგან წამოვიდა, მოვლენები ჩინეთის ოლიმპიადას დაემთხვევა. ეს მათი სტილია.

  • 2008 წლის 8 აგვისტოს, სწორედ ჩინეთის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვაშინგტონიდან მოსული ბრძანების თანახმად, აშშ-ის მარიონეტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ოპერაცია წამოიწყო. თან ჩინელებს დღესასწაულიც ჩაუმწარეს. ყველა საინფორმაციო გამოშვება ჩინეთის ტრიუმფზე კი არა, კავკასიაში გამოჩენილ ტანკებზე ლაპარაკობდა.
  • 2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს აშშ-ის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. გათვლა ზუსტი აღმოჩნდა. პუტინმა არ მოინდომა, სამხედრო მოქმედებებით სოჭში რუსეთის ტრიუმფი გაეფუჭებინა, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდა.
  • 2022 წლის 4 თებერვალს ჩინეთში ოლიმპიური თამაშები იწყება. ანტიჩინური კომპონენტი ამ წლების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკაში კიდევ უფრო მოცულობითი გახდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩინეთის დღესასწაული მორიგი ომით გააფუჭონ. ომი დაურთონ დიპლომატიურ ბოიკოტს, რომელსაც აშშ ჩინეთის თამაშების წინააღმდეგ ამზადებს. ამასთან, აშშ-ში დარწმუნებულები არიან, რომ პუტინი უფროს ძმას ზეიმს არ ჩაამწარებს და სამხედროების ღიად გამოყვანას მოერიდება.

რა თქმა უნდა, სცენარები ხშირად გაცილებით რთული აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, მაინც, თუკი ინიციატივა აშშ-ის ხელთ იქნება - ყველაზე მოსალოდნელი თარიღი თებერვლის დასაწყისია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG