პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მომავალ კვირაში კიდევ ერთ სასამართლო პროცესზე წარდგება კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდის, რის შედეგადაც მის განაჩენს, შესაძლოა, კიდევ 10 წლით პატიმრობა დაემატოს.
ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმუშმა 8 თებერვალს ტვიტერით დაწერა, რომ მოსკოვის ლეფორტოვოს ოლქის მოსამართლეები ჩავლენ მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე კოლონიაში, რათა ნავალნი გაასამართლონ გაფლანგვის ბრალდების გამო, რომელიც უკავშირდება მის ამჟამად უკვე აკრძალულ ანტიკორუფციულ ფონდს (FBK). სასამართლოს განცხადებით, სხდომა 15 თებერვალს გაიმართება.
ნავალნის ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას თქმით, გადაწყვეტილება ნავალნის პროცესის კოლონიაში გამართვის შესახებ "სერიოზულად იმოქმედებს" მის შესაძლებლობაზე, თავი დაიცვას სასამართლოს წინაშე. კოლონია შეზღუდული სივრცეა და იქ არ დაიშვება ელექტრონული მოწყობილობები - ამბობს ადვოკატი. "ამდენად, არ მესმის როგორ წარიმართება სხდომა", - დასძენს მიხაილოვა.
ნავალნის ბრალად ედება $4.7 მილიონის ოდენობის შემოწირულებების პირადი მიზნებისთვის ხარჯვა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელია ათწლიანი პატიმრობა.
დაწერეთ კომენტარი