საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტია და რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებისგან სრული მხარდაჭერა იგრძნო.
საქართველოსა დ უკრაინის თავდაცვის მინისტრები, ჯუანშერ ბურჭულაძე და ოლექსი რეზნიკოვი ნატოს შტაბბინაში 17 თებერვალს მიიწვიეს. თუმცა, როგორც ტვიტერზე დაწერა, რეზნიკოვმა ამჯერად მხოლოდ დისტანციურ-ვირტუალური მონაწილეობა შეძლო. ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატის ფარგლებში შედგა.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ტვიტერზე წერს, რომ მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელეს „რუსეთის აგრესიის განგრძობად საფრთხეზე და ორივე ქვეყნის [უკრაინისა და საქართველოს] ძლიერ მხარდაჭერაზე“.
უკრაინისა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა. მან თქვა, რომ რუსეთის მიერ ევროატლანტიკურ რეგიონში შექმნილი საფრთხეების ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შავი ზღვა, რომლის აუზშიც ნატოს „ორი ძალიან ახლო პარტნიორი ქვეყანა - საქართველო და უკრაინა“ ეგულება.
„მჭიდრო მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ეს მკაფიოდ დადასტურდა დღესაც“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის დროს, ოფიციალური ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა „შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობაზე“. თუმცა საქართველოს კონკრეტული როლისა და ფუნქციის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა.
17 თებერვალს ალიანსის სახელით არაერთხელ გაესვა ხაზი: ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებასა და ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების ხელშეწყობისთვის მზადყოფნას. ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის აგრესიის დიპლომატიური გზით შეჩერების მცდელობები მომავალშიც შეთანხმებული იქნება ორ პარტნიორ ქვეყანასთან - საქართველოსა და უკრაინასთან.
„არ იქნება გადაწყვეტილებები უკრაინაზე, უკრაინის გარეშე და არ იქნება გადაწყვეტილებები საქართველოზე, საქართველოს გარეშე“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ილაპარაკა ნატოს წევრების მხრიდან უკრაინისა და საქართველოს დახმარებაზე როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში. თუკი, რუსეთის თავდასხმის საფრთხის ფონზე, უკრაინის შემთხვევაში, ყურადღება მახვილდება შეიარაღებით, ფულითა და ექსპერტული ცოდნით დახმარებაზე; საქართველოს შემთხვევაში, „მჭიდრო მუშაობის“ დასტურად სახელდება, მაგალითად, საქართველოში წელს დაგეგმილი ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნები.
წინასწარი ინფორმაციით, ნატოს ქვეყნების მონაწილეობით მრავალეროვანი სამხედრო წვრთნები, უკვე მესამედ, მარტში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც ილაპარაკა 17 თებერვალს გამართულ შეხვედრებზე.
ნატოს შტაბბინაში ჯუანშერ ბურჭულაძე პირისპირაც შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანსა და, ასევე, კოლეგებს აშშ-დან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან თუ შვედეთიდან. მინისტრმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია არის უცვლელი და „ძალიან მკაცრი“, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ და ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას... რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ და მხარი დავუჭირეთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა“, - უთხრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიას 17 თებერვალს, ამ შეხვედრების შემდეგ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა „უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს“, „მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობასა“ და „ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს“.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მინისტრ ბურჭულაძეს საუბარი ჰქონდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთანაც და მას მადლობა გადაუხადა „აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის“. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი.
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16-17 თებერვალს გაიმართა. ალიანსი ხაზს უსვამს ერთიანობასა და სიმტკიცეს რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების პირისპირ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ მას არასდროს უნახავს ალიანსი „უფრო აქტუალური, უფრო ერთიანი და უფრო ქმედითი“.
ნატოს წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად განუმარტავენ, რომ დეესკალაციისთვის გადასადგმელი პირველი აუცილებელი ნაბიჯი უკრაინის სიახლოვეს მობილიზებული არმიის უკან გაყვანაა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, უკრაინის მისადგომებთან მოსკოვს უკვე 130-150 ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.
რუსეთი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან, თუმცა დასავლეთის ქვეყნები ამის დასტურს ვერ ხედავენ.
დაწერეთ კომენტარი