Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვამენ ბევრს და ვაჭრობენ საწვავით - ასე ახასიათებენ რუს სამხედროებს ბელარუსში


რუსი სამხედროები ბელარუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში. 2022 წლის 25 იანვარი.

„საკუთარი თვალით ვნახე მუხლუხიანი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ქალაქის ქუჩებში“, - თქვა ბელარუსის ქალაქ ჰოინიკის მკვიდრმა, როდესაც მას ჰკითხეს რუსეთის არმიის ყოფნის შესახებ ბელარუსში, სადაც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.

ქალაქი ჰოინიკი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

რესპონდენტი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ასევე აზუსტებს, რომ „სამხედროები მიმდებარე ტყეებში განთავსდნენ“.

„ისინი ბევრს სვამენ და მუდმივად ჰყიდიან თავიანთ დიზელს. ისინი კარვებში ცხოვრობენ“, - ამბობს ჰოინიკის მკვიდრი

გამოცხადებული წვრთნების ("Союзная решимость - 2022") ფარგლებში, რუსეთის არმიის პირველი შენაერთები ბელარუსში 18 იანვარს გამოჩნდნენ. წვრთნების დასრულების თარიღად გამოცხადებული იყო 20 თებერვალი და წინასწარი ინფორმაციით, მათში მონაწილეობა უნდა მიეღო 30 ათას რუს სამხედროს.

პარალელურად, მთელი ამ ხნის მანძილზე შეინიშნებოდა სამხედროების რიცხვის ინტენსიური ზრდა უკრაინის საზღვრებთან, რაც დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის რეალურ საფრთხედ აღიქმება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბელარუსში მიმდინარე სამხედრო სწავლებას უწოდა „რუსეთის ყველაზე ფართო გაშლა ცივი ომის შემდეგ“.

ქალაქი ჰოინიკი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, თავდაპირველად არ იყო აღნიშნული ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ წვრთნებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების რუკაზე. მაგრამ შემდეგ, როდესაც რუსეთის სამხედრო შენაერთების გადაადგილება უფრო შესამჩნევი გახდა, 15 თებერვალს გამოქვეყნდა ახალი რუკა, დამატებითი ტერიტორიების ასახვით.

„ტელეგრამ-არხის“ ცნობით, რუსებმა რკინიგზის საშუალებით შეზიდული სამხედრო ტექნიკის ჩამოტვირთვა, ბელორუსის ქალაქ ჰოინიკში, 14-15 თებერვლის ღამით დაიწყეს. ამავე წყაროს ცნობით, რუსმა სამხედროებმა ლიანდაგებზე დიდი რაოდენობით ნაგავი დატოვეს.

რუსეთის ხელისუფლება ბოლო დღეებში აცხადებდა, რომ სამხედრო შენაერთები, რომლებმაც წვრთნებში მონაწილეობა დაასრულეს, თანდათან უბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილებს.

თუმცა მსგავსს ვერაფერს ხედავს დასავლეთი. დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთის მიერ მობილიზებული სამხედროების რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG