თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რამდენიმე კვირის წინ, 22 თებერვალს, ბოლო სასამართლო პროცესზე მურსაკულოვმა დანაშაული აღიარა და ოჯახს ბოდიში მოუხადა.
პროკურორმა თქმით, რაფაელ მურსაკულოვმა ჩადენილი დანაშაულის დღესვე მოუყვა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს, ძმას და რძალს და გააფრთხილა ისინი, თუკი მკვლელობაზე ვინმეს შეატყობინებდნენ, მოკლავდა მათ მცირეწლოვან შვილს. ბრალდებულს მტკიცებულებების გაქრობის მიზნით განზრახული ჰქონდა მოკლულის გვამის დაწვაც, რისთვისაც გვამი მკვლელობის ადგილიდან მოშორებით, ხევის პირას გადაათრია და ფოთლებით დაფარა.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობდა:
- 179-ე მუხლი - ყაჩაღობა;
- 109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
დაწერეთ კომენტარი