უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა.
დაზვერვის სამსახურის თანახმად, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსეთის კონტროლს ექვემდებარება და ისინი შეეცდებიან მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ.
დაზვერვის განმარტებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი ნგრევის უკრაინელი სამხედროებისთვის მისაწერად, რუსული მხარე ცდილობს ცრუ „მტკიცებულებების“ შექმნას, რითაც მისი ვერსიის დადასტურებას შეძლებს.
„იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო სამხედრო ოპერაციისა და პირდაპირი მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, პუტინი მზადაა, მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით დათმობების მისაღწევად", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
ამჟამად ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან ინფორმაციას ვერ იღებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA). სადგურს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დიზელის გენერატორების მომსახურების ვადა, უკრაინის დაზვერვის ცნობით, გათვლილია უსაფრთხოების სისტემების მუშაობაზე 48 საათის განმავლობაში.
„პუტინის მსგავს ქმედებებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის. როგორც ჩანს, სწორედ ამის იმედი აქვს რუსეთის დიქტატორს, რომელიც მიუღებელ დათმობებს ითხოვს“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
არსებულ ვითარებაში ინფორმაციის სხვა წყაროებთან გადამოწმება ვერ ხერხდება.
1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.
3 მარტს, ღამით, რუსი სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.
უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ენერგობლოკია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მზად არის უკრაინაში ჩავიდეს და დაეხმაროს ბირთვული ობიექტების დაცვაში.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.