თურქმენეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მარტს გამოაქვეყნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა 72,97%-მა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად აირჩია 49 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვი, ავტოკრატი პრეზიდენტის შვილი.
ვადამდელ არჩევნებში სერდარ ბერდიმუხამედოვის გარდა, მონაწილეობდა 8 ყველასთვის უცნობი კანდიდატი. თუმცა, მეორე ადგილზე გასულ ხიდირ ნუნაევს ამომრჩეველთა ხმების 11,09%-ი ერგო წილად. 7,22% მიიღო მარის რაიონის ჰაკიმის (გამგებლის) მოადგილემ, აგაჯან ბეკმირადოვმა. დანარჩენი ექვსი კანდიდატი 1-2%-ს დასჯერდა.
მანამდე რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ერთ-ერთ რაიონში, სადაც სერდარ ბერდიმუხამედოვი არჩევნებს აგებდა, დიდი რაოდენობით ბიულეტენები შეცვალეს მოქმედი პრეზიდენტის შვილის სასარგებლოდ.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება თურქმენეთში თებერვალში გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზები უცნობია, მაგრამ გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თავისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ იმით ახსნა, რომ სურს "მთავრობაში ადგილი დაუთმოს ახალგაზრდებს."
12 მარტის არჩევნები, რომელიც მასიური დარღვევებით ჩატარდა, დამოუკიდებელი თურქმენეთის ისტორიაში შევიდა, როგორც სარეკორდოდ მოკლე დროში ჩატარებული არჩევნები.