Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დანაშაულის მოწმეები ბუჩიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 აპრილს


„ზოგს ყურები მოაჭრეს, ზოგს კბილები დააძვრეს, მათ შორის იყვნენ მოზარდები“ - რას ჰყვებიან ომის დანაშაულის მოწმეები?

ბუჩიდან გავრცელებული კადრების შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღება ისევ კიევის მახლობლად მდებარე ამ პატარა ქალაქისკენაა მიპყრობილი. მოსახლეობის ხოცვის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს გუშინ „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. უკრაინამ ომის დანაშაულის ფაქტებზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა და გათავისუფლებულ ბუჩაში პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა. რუსეთი კი ამ დროს ამბობს, რომ გავრცელებული კადრები, სადაც გვამები პირდაპირ ქუჩებში ყრია, „დადგმულია“.

ერთმანეთზე საშინელ ისტორიებს ჰყვებიან ქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც რუსული არმიის სისასტიკეს გადაურჩენ. მათმა ნაწილმა ოჯახის წევრები დაკარგა. ქალაქში ახლაც ნაღმებია.

53 წლის სერგეი ტოროვიკი, ტერიტორიული დაცვის ძალების ჯარისკაცი, რომელიც ომამდე მებაღე იყო და ბუჩის მკვიდრია, The Times-ის ჟურნალისტს აღუწერს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების რამდენიმე ფაქტს. ის ჰყვება ერთ-ერთი სახლის სარდაფში ნაპოვნი ქალების, არასრულწლოვნებისა და კაცების დახვრეტილი გვამების შესახებ.

ომის დანაშაულის ფაქტები გროვდება - ირპენში, ხარკოვში, გოსტომელში, ჩერნიგოვსა და სხვა ქალაქებში. რას ჰყვებიან თვითმხილველები, ფოტოგრაფები, უფლებადამცველები უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თბილისის პასუხი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

4 აპრილს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ხდება რუსული საომარი პროდუქციის კონტრაბანდული გზით გატარება.

„ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“.

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი ფეისბუკზე დაწერა, რომ ამ ბრალდებაზე დათანხმება „ომის პარტიის ლიდერებისა და ჰიბრიდული ომის ჯარისკაცების“ ლუსტრაცია იქნება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები გამტყუნდნენ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება

„არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა. რომ გვდომებოდა, ამის საშუალება გვქონდა. ხელს არავინ შეგვიშლიდა“, - თქვა განაჩენის გამოცხადებამდე, 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე, ტვ „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა ოთარ გელაშვილმა. 5 ივლისის საქმეზე ის და კიდევ 19 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამ ოცი ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაჯარიმდა 5000 ლარით. დანარჩენებს ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმრობა შეეფარდათ. თუმცა ნაწილს მოეხსნა ორგანიზებული დანაშაულის მუხლით წარდგენილი ბრალდება და ისინი პასუხს აგებენ ჯგუფური ძალადობისთვის.

9 თვის მერეც, ისევე როგორც დაკავების პირველ დღეებში, 2021 წლის ივლისში, ისინი აცხადებენ, რომ არც „პუტინისტები“ არიან და არც „მოძალადეები“.

სასამართლოზე თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ ისინი „ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები და ძალადობა მათგან შორსაა“ და რომ მათ უბრალოდ ქვეყნის „ნათელი მომავალი სურთ“. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი უარყოფს, რომ ძალადობის ამსახველ კადრებში ჩანს.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის რეპორტაჟში საქალაქო სასამართლოდა.

აშშ მოითხოვს რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან

აშშ აპირებს მიმართოს გაეროს გენერალურ ასამბლეას, რათა რუსეთს შეუწყდეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა. ამის შესახებ ბუჩაში მომხდარი სავარაუდო ომის დანაშაულის ფაქტების გავრცელების შემდეგ აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ყოფნა საბჭოს შემადგენლობაში ახლა „ფარსია“. აშშ-ის ელჩის განმარტებით, ის ითხოვს, რომ კენჭისყრა ამ კვირაში გაიმართოს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია მიიღო 140 ქვეყნის მხარდაჭერით. ბუჩიდან გავრცელებული კადრების შემდეგ აშშ-ის ელჩს იმედი აქვს, რომ ეს 140 ქვეყანა ისევ ერთ მხარეს დადგება მომავალ კენჭისყრაზე.

თუმცა რუსეთის ელჩი გაეროში გენადი გატილოვი ამ მოლოდინს არ იზიარებს და ამბობს, რომ ასეთი ინიციატივა დიდ უმრავლესობას ვერ მოაგროვებს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

გრძელდება რუსი დიპლომატების გაძევება ევროპიდან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნიდან გააძევოს ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა „მნიშვნელოვანი რაოდენობა“.

ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენ ბერბოკის განცხადებაში, რომლის ტექსტიც „უკრაინსკა პრავდას“ მოჰყავს. განცხადებით ირკვევა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ბუჩაში რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ ენით აუწერელ სისასტიკეს“, რამაც ბერლინი იძულებული გახადა, რომ არაადამიანურობას წინ აღსდგომოდა „თავისუფლებისა და ადამიანურობის ძალით“.

ლიეტუვამ და ლატვიამ კი გუშინ რუსეთის ელჩების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს. რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების შესახებ ჯერ უცნობია. ეს ჯერ არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, როგორც ცნობილია, ელჩების არყოფნის დროს მათ მოვალეობას ასრულებს დროებითი რწმუნებული.

წაიკითხე მეტი.

რიგები უკრაინის საკონსულოსთან - ათეულობით უკრაინელი საქართველოში "გაიჭედა"

საქართველოში უკრაინის საკონსულოსთან რიგები დგას. ათეულობით ადამიანს ომის გამო ისე მოუწია ქვეყნიდან გამოქცევა, რომ საბუთები წესრიგში არ ჰქონდა.

ახლა მათი ნაწილი, ვინც საქართველოში მხოლოდ გავლით იყო, ქვეყანას ვერ ტოვებს. ვერც საკონსულო ახერხებს მათთვის ისეთი საბუთების გაცემას, რომელიც საზღვრის კანონიერი გადაკვეთის საშუალებას მისცემდა.

უკრაინელი ლტოლვილების დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე რადიო თავისუფლება უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჩვენი კითხვების ადრესატი უკრაინის საკონსულო იყო, თუმცა მათგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საზღვრის კვეთის დეპარტამენტის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ და დაგვიკავშირდებიან.

რას ამბობენ საკონსულოსთან დილიდან შეკრებილი უკრაინის მოქალაქეები, წაიკითხე ვრცლად ლანა კოკაიას სტატიაში.

„დარბიხარ, ეძებ და არ არის“ - როგორ უმკლავდებიან რუსეთში ჰიგიენური საფენების დეფიციტს

ქალის ჰიგიენის საშუალებები, პირველ რიგში ერთჯერადი საფენები, რუსეთში დეფიციტი გახდა. არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდა, ფასები კი გაიზარდა. ეს იმ ეკონომიკური სანქციების შედეგია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს.

8 მარტს კომპანია Procter & Gamble-მა გამოაცხადა, რომ რუსეთში თავის საქმიანობას შეზღუდავს, რუსეთის ბაზარში ინვესტიციას აღარ ჩადებს. მან სარეკლამო კამპანია შეაჩერა და ფასები გაზარდა. Procter & Gamble-ი არის მწარმოებელი რუსეთში პოპულარული საფენებისა Always, Tampax, Naturella და Discreet. მის კვალდაკვალ თაროებზე შეთხელდა Kotex-ისა და Libresse-ის პროდუქციაც.

„დარბიხარ, ეძებ და არ არის. ფასებიც ძალიან გაიზარდა, საშინლად“, - ამბობს რუსეთის სუპერმარკეტის ერთ-ერთი კლიენტი. მისი თქმით, შეკვრა, რომელიც ადრე 1,6 დოლარი ღირდა, ახლა 5 დოლარამდე ღირს. ფასები შოკის მომგვრელია, მაგრამ ერთჯერად საფენებზე უარის თქმას რუსეთის მოქალაქეები ჯერ არ აპირებენ.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ბამბის გამოყენებაზე გადავიდე. შეუძლებელია. ეს ისეთი აუცილებლობაა, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ. როგორც ტუალეტის ქაღალდი, ისეა“, - ამბობს კიდევ ერთი.

მოდურ რუსულ ჟურნალებში ახლა „ალტერნატიულ“ საშუალებებზე წერენ. ურჩევენ ყურადღება მიაქციონ მენსტრუალურ ჭიქებს, თეთრეულს შეწოვის უნარით, ღრუბლის სტრუქტურის მქონე ტამპონებს და მრავალჯერად ნაჭრებს - ამ უკანასკნელზე გაზრდილი მოთხოვნა რუსი მეწარმეებისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი.

„ჩვენ გავიქეცით, ჩვენ წავაგეთ ეს ქვეყანა“.

რატომ არ აიმაღლეს ხმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად უკრაინაში ომის წინააღმდეგ? რატომ ვერ გაერთიანდა რუსული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში უკმაყოფილო იყო ხელისუფლებით? როგორ გარდაისახა პუტინი „რაციონალური გარეწრიდან“ „ირაციონალურ რომანტიკოსად“? სამართლიანია, როცა, იმისთვის, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა, პასუხს რუსეთიდან გამოქცეულებს სთხოვენ?

ჟურნალისტი ანდრეი ლოშაკი - 2000 წლების რუსული ტელეჟურნალისტიკის ვარსკვლავი, რამდენიმე გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ავტორი - ამ შეკითხვებს თბილისში უპასუხებს.

XS
SM
MD
LG