თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორის სამუშაო კაბინეტი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ამ შინაარსის გაცხადება თსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები... ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, არ კმაყოფილდება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩაბარების შესაძლებლობას შეეხება.
"სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციები 20 აპრილს დაიწყო. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დისტანციური სწავლება სრულდებოდა და 2 მაისიდან სტუდენტები ისევ აუდიტორიებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და უნივერსიტეტმა მათ სწავლების ჰიბრიდული მოდელი შესთავაზა.
დღეს სტუდენტების მოთხოვნები ასეთია:
- გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!
- დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!
- აშენდეს საერთო საცხოვრებელი!
- შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!
თსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული:
- გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო;
- თუ რომელიმე სტუდენტი, ობიექტური გარემოებების გამო, ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.
საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტების ნაწილი 10 ივნისიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეიჭრა. ამ დროს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას დაშავდა დაცვის 4 თანამშრომელი.
ამ დღიდან სტუდენტები რექტორის კაბინეტს არ ტოვებენ.