Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების პასუხი „შინ, ევროპისკენ“ აქციის მოთხოვნებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივნისს


"შინ, ევროპაში" 20 ივნისამდე და შემდეგ - რას უპასუხებს ხელისუფლება

20 ივნისამდე ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ საზოგადოება არ მოტყუვდებოდა და ნაცმოძრაობის დაგეგმილ „პროვოკაციულ“ აქციაზე არ გამოვიდოდა. „ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 21 ივნისს თქვა, რომ აქციაზე გამოცხადებული მანიფესტი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა, რომელიც ბაკურიანის შეხვედრაზე შემუშავდა.

ცალკეული საპარლამენტო განცხადებების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ არ უარყოფს, რომ აქციაზე ბევრი ხალხი იყო და იქ ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად მივიდნენ. მმართველი გუნდის მესიჯბოქსი არეული და დაბნეული ეჩვენათ პარლამენტს მიღმა.

EECMD-ს ხელმძღვანელსა და „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელ ლევან ცუცქირიძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებაში“ „არ იციან რა თქვან“ და „ვერ ჩამოყალიბდნენ, რადგან ქუჩაში ხალხის მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობა გამოვიდა“.

რისკენ მიუთითებს „ქართული ოცნების“ ახალი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები და ქმედებები? რა მოითხოვეს „შინ, ევროპისკენ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და როგორ უპასუხებს მათ ხელისუფლება?

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღეს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ისევ სასამართლო დავა წარმოიშვა. ამჯერად პარტია „ლელოს“ დამფუძნებლებს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იან მალქოლმ ჰოქი, რომელიც თიბისი ბანკის აქციონერია.

მან უკვე მიმართა ქართულ სასამართლოს. სასამართლომ კი, უზრუნველყოფის სახით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 15 ივლისს თიბისი ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა.

იან მალქოლმ ჰოქის ინტერესების დამცველმა დიმიტრი ტორაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „დავის საგანი არის ამ გაცემული და ჩამოწერილი სესხის, 16 664 000 აშშ დოლარის დაბრუნება თიბისი ბანკის კაპიტალში. სესხი, რომელიც გაიცა კომპანიებზე „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდზე“, ოღონდ ამ კომპანიების ანგარიშზე მოხვედრისთანავე ეს თანხები იმწუთშივე მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. შემდეგ ეს სესხები ჩამოიწერა ისე, რომ დაბრუნების მცდელობაც კი არ ყოფილა“.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სარჩელს იურიდიულად აბსურდულსა და ნონსენსს უწოდებს. მისი თქმით, ეს დავა საქართველოს იურისდიქციასაც არ ეკუთვნის.

წაიკითხე მეტი.

„არ არის აუცილებელი, მთელ საქართველოში ერთდროულად გათხრები ტარდებოდეს” - არქეოლოგები გათხრის უფლებას ვერ იღებენ

2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი რამდენიმე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩაიშალა - მეცნიერებმა გათხრების ნებართვა ვერ მიიღეს.

არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ახლა დასავლეთ საქართველოში ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს უნდა იკვლევდეს. წელს მან ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა, თუმცა გათხრების მაგივრად ის თბილისში, ეროვნული მუზეუმის წინ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს.

ნიკოლოზი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარეა და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ეროვნული მუზეუმიდან „არაკომპეტენტურობის” გამო გაათავისუფლეს. მას და მის კოლეგებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ აძლევს ნებართვას არქეოლოგიური გათხრებისთვის, ეროვნული მუზეუმი უარს ეუბნება ფონდებში მუშაობაზე. ასეთია ათამდე არქეოლოგი, ანუ თითქმის ყველა, ვინც ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე გვეუბნება, რომ რიგ შემთხვევებში ნებართვები იმიტომ არ გაიცა, რომ დოკუმენტაცია იყო არასრული, რიგ შემთხვევაში იმიტომ, რომ სააგენტოში ახლა რეორგანიზაციაა.

„არ არის აუცილებელი, მთელ საქართველოში ერთდროულად გათხრები ტარდებოდეს… ესენი მიეჩვივნენ, რომ რაღაც ხარვეზები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ მაინც იღებდნენ ნებართვებს. მე მომისმენენ. ჩემს აზრს გაითვალისწინებენ”, - ამბობს ვახტანგ ჯაფარიძე.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

რუსეთი ლიეტუვას „სერიოზული პასუხით“ ემუქრება

მას მერე, რაც ლიეტუვამ, რუსული ექსკლავის, კალინინგრადის მიმართულებით სახმელეთო ტრანზიტი დაბლოკა, ლიეტუვის ელჩი რუსეთში მარკუს ედერერი მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გუშინ კალინინგრადიდან დაემუქრა ლიეტუვას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.

„მსგავს მტრულ ქმედებაზე რუსეთი, უდავოდ, მოახდენს რეაგირებას. შესაბამისი ზომები მზადდება უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს ხანში იქნება მიღებული. მათი შედეგი სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, - თქვა პატრუშევმა.

რუსეთი 2003 წლიდან სარგებლობდა გამარტივებული სატრანზიტო პროგრამით, რომლის მარშრუტიც ლიეტუვაზე გადიოდა. თვეში კალინინგრადში დაახლოებით 100 სატრანზიტო მატარებელი მიემართებოდა.

ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყების წინ, ორშაბათს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განმარტა, რომ მისმა ქვეყანამ ამ ტრანზიტის აკრძალვით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეასრულა.

რას ემსახურება პატრუშევის ვიზიტი კალინინგრადში და რას გეგმავს რუსეთი? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ენდობა თუ არა პუტინს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მას ეს კითხვა კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე დაუსვეს, რომელზეც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც იყო საუბარი.

დისკუსიაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა რუსეთის შემოჭრასა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაზე, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და სანქციებზე. დისკუსიის ერთი ნაწილი საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივასაც დაეთმო.

სწორედ ამ დროს დისკუსიის წამყვანმა, „ბლუმბერგის“ მთავარმა რედაქტორმა ჯონ მიკლტვეიტმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობაზე დასვა კითხვები.

ჯონ მიკლტვეიტი: „რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარება მოითხოვს პუტინთან შეთანხმებას. თქვენ რას ფიქრობთ პუტინზე? შეგიძლიათ მას შორიდან ენდოთ მას შემდეგ, რაც გაუკეთა უკრაინას?”

ირაკლი ღარიბაშვილი: „რუსეთთან ტერიტორიული პრობლემის გადაჭრას პუტინთან ურთიერთობა სჭირდება თუ არა, - დიახ. საუბარი დავიწყე ჩვენი გამოცდილებით. ხომ ასეა? 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ორი ომი გამოვიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. რუსები 30 წლის წინ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს ეხმარებოდნენ. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ ვიბრძოლეთ. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთია: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”.

წაიკითხე მეტი.

ყირიმის ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა

„ჩერნომორნეფტეგაზის“ ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება მანამდე იტყობინებოდა, რომ პლატფორმაზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის ჯარებმა. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ განუცხადა სენატორმა ყირიმიდან, ოლგა კოვიტიდიმ.

მან ასევე თქვა, რომ შვიდი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება.
20 ივნისს ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს „ჩერნომორნეფტეგაზის“ სამ საბურღ პლატფორმას. მისი თქმით, მათზე საერთო ჯამში იმყოფებოდა 109 ადამიანი, ხუთი დაიჭრა, შვიდი კი დაკარგულია. პლატფორმებზე ნავთობის მოპოვება შეწყვეტილია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

წაიკითხე მეტი.

როგორ შიმშილობდნენ და იხოცებოდნენ მარიუპოლში

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი შიმშილს იარაღად რომ იყენებს, ამის შესახებ ბევრი ითქვა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) უკრაინის პორტების ბლოკადაზე, ასევე უკრაინის კუთვნილი ხორბლისა და სიმინდის მარაგების მიტაცებაზე, განადგურებასა და შიმშილის გლობალურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას.

ადამიანის უფლებების დამცველთა შეშფოთებას კი იწვევს შიმშილისა და საკვების მწვავე დეფიციტის გამოყენება წამების ან ბრძოლის იარაღად, რომელიც მიმართულია ცალკეული ინდივიდის ან რომელიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობის წინააღმდეგ.

უკრაინა შეძრა ტყვეობიდან გათავისუფლებული მოხალისისა და პარამედიკოსის, იულია პაევსკაიას („ტაირა“) ფოტომ. მას „აზოვსტალის“ ყოფილმა დამცველმა დაურთო არანაკლებ მძიმე ტექსტი, რომელშიც სამხედრო მედიკოსმა ქალმა ტყვეობაში ყოფნის პირობები აღწერა (დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ტაირა“ გაცვალეს „უცნობ რუსზე“ - ერთი ვერსიით, ადამ გრიცენკოს, ყირიმში რამზან კადიროვის მუდმივი წარმომადგენლის, შვილზე).
როგორ იყენებს რუსეთი შიმშილს იარაღად?

წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ერთ დღეს აკაკი მაქაცარიამ გადაწყვიტა, ჯაჭვის პერანგის ქსოვა და ქართული საბრძოლო აბჯრების დამზადება ესწავლა. მჭედლებს მიადგა, მაგრამ მაშინ უარით გამოისტუმრეს, ახალგაზრდა ხარ, მალე მოგწყინდება და სხვა საქმე ნახეო. თუმცა ისტორიის, კულტურის, მითებისა და ლეგენდების მოყვარულმა აკაკიმ თავის ოცნებაზე უარი არ თქვა და ხელობა თავად ისწავლა. ასე იქცა მეაბჯრედ 21-ე საუკუნეში და მე-5 საუკუნისდროინდელი საბრძოლო ტანსაცმლის შესწავლა და მზადება დაიწყო.

ეს ინტერესი არ ყოფილა შემთხვევითი. ძველებური იარაღის და საბრძოლო ხელოვნების, ჩაცმულობის, ისტორიის და, ზოგადად, თავგადასავლების მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, როცა ბაბუას, ცნობილ მსახიობ ელგუჯა ბურდულს დაჰყვებოდა ხოლმე გადაღებებზე - ის კი სულ მეფეების, გმირების, განგსტერების თუ თავგადასავლების მაძიებლების როლებს ასრულებდა.

18 წლისამ გაიგო, რომ არსებობს როლური თამაში „ლარპი“, რომელიც ერთი ინტერესის ათობით ადამიანს აერთიანებს, ისინი შუა საუკუნეების ამბებს აცოცხლებენ - აცვიათ იმ დროის ტანსაცმელი, ყველას აქვს თავისი გამოგონილი როლი და ლეგენდა, ხელნაკეთი სათამაშო იარაღი, შესაბამისი გრიმი... აკაკი, მაგალითად, შუა საუკუნეების ვაჭარია, სახელად ბორდო, რომელსაც დიდ ბრძოლებში ჩაბმაც უწევს ხოლმე...

„ლარპის“ და მეაბჯრეობის გარდა, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტს კიდევ ბევრი გატაცება აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ქართველი გმირების გათანამედროვება და მათი პოპულარიზაციაა ყველგან და ყველაფერში, სადაც ეს შესაძლებელია. აკაკი მაქაცარიას სადიპლომო ნაშრომის თემაც, რომელზეც ახლა მუშაობს, ქართული ზღაპრების გმირების გაცოცხლებას უკავშირდება. ის და მისი მეგობრები სამაგიდო თამაშსაც ქმნიან, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ქართული კულტურის, მითების, თქმულებების, ზღაპრების გმირები იქნებიან.

XS
SM
MD
LG