Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატუსის მოლოდინში მყოფი უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს


ფოტო არქივიდან: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2021 წლის 12 იანვარი
ფოტო არქივიდან: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2021 წლის 12 იანვარი

ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს შორის. ევროპული საბჭოს შეხვედრა, ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის მეთაურის მონაწილეობით დღეს, 23 ივნისს ბრიუსელში იწყება.

ზელენსკიმ წუხელ, ტვიტერზე დაწერა, რომ განიხილეს ევროპული საბჭოს შეხვედრა და მოუთმენლად ელიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ.

უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერზე წერს მოლდოვის პრეზიდენტიც. მაია სანდუს თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი ჰქონდა და განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაციები მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. სანდუს განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობას განამტკიცებენ.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ხაზს უსვამს, რომ ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ სანდუს ტელეფონით პირველად ესაუბრა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მოლდოვამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე და უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებლების, „მიგ 29“-ის მიყიდვაზე.

რუსეთისთვის ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებაზე უარი თქვა საქართველომაც, თუმცა, როგორც 14 ივნისს განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვამ შეძლო "გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში".

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

XS
SM
MD
LG