Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხი იყო, მაგრამ არავის უცდია ჩარევა“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელსაც გარეგნობის გამო დაესხნენ თავს


24 წლის ნიკა [სახელი შეცვლილია], რომელსაც გუშინ, 29 ივნისს თბილისში, გარეგნობისა და თვითგამოხატვის გამო, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი უბნელები დაესხნენ თავს, რადიო თავისუფლებას უყვება, რა მოხდა და რატომ გადაწყვიტა ამაზე საუბარი.

მეგობართან მივდიოდი. გაჩერებამდე პარკი უნდა გამევლო. როგორც კი შევედი პარკში, გავიგე დამამცირებელი, ჰომოფობიური სიტყვები და გინება. რამდენიმე მეტრში 10-მდე ბიჭი იჯდა. ყველა ერთხმად მაყენებდა შეურაცხყოფას.

გაა*ვით-მეთქი, ვუთხარი. რაზეც კიდევ უფრო გაბრაზდნენ. ცხოველებს დაემსგავსნენ აგრესიისგან.

გავტრიალდი, ვეცადე გავცლოდი პარკს. უცებ ვიგრძენი თავში დარტყმა. ხუთჯერ. თავიდან უბრალოდ ხელი მეგონა. რომ შემოვტრიალდი, დავინახე, რომ ორი მათგანი წამომწევია და რკინის ხელკეტი ჩაურტყამთ. თეთრი პერანგი მთლიანად სისხლიანი მქონდა.

- იცნობდი მათ, ან თავად თუ გიცნობდნენ?

არა. უბანში დროს არ ვატარებ. ძირითადად, სახლი-სამსახური. მუზეუმში ვმუშაობ.

წინა დღეს, სახლისკენ გზაში იმავე ჯგუფს მარკეტთან გადავეყარე. წინა დღესაც იმავე რეპლიკებით მომმართეს, მაგრამ დავაიგნორე. ზოგადად, არ შევდივარ ეგეთ ადამიანებთან კომუნიკაციაში. მეორე დღეს, როცა იგივე გაიმეორეს, დღისით, ხალხის გარემოცვაში, უფრო გავბრაზდი და ვუპასუხე.

- ირგვლივ არავინ იყო, რომ დაგხმარებოდა?

ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არავის უცდია ჩარევა. მხოლოდ იმის შემდეგ მოვიდნენ ვიღაცები, რაც პოლიცია გამოვიძახე და ისინი გაიქცნენ. ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, არავის უნდა პრობლემაში თავის გაყოფა.

- პირველად გქონდა ასეთი შემთხვევა?

ბევრჯერ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც არაერთხელ გამიგია დამამცირებელი რეპლიკა ჩემი მისამართით. საყურის ან რაღაც ისეთის ჩაცმის გამო.

- რა შეიძლება იყოს „რაღაც ისეთი“?

განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ ჯინსები და შავი მაისური არა.

- რატომ გადაწყვიტე ამ ამბავზე ლაპარაკი?

ბულინგი ძალიან დიდი პრობლემაა. შეიძლება ძალადობაში არ გადადის, მაგრამ ასეთ შეძახილებზე და კომენტარებზე არავინ რეაგირებს, მაგრამ შემთხვევები შუქდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს უკვე სიკვდილის პირას მიიყვანენ.

ის ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ აქციებზე გამოდიან, მხოლოდ ერთი დღით კი არ აშავებენ რამეს, ჩვენ გარშემო ცხოვრობენ.

ისიც პრობლემაა, რომ არც დაზარალებულებს სურთ ამაზე ლაპარაკი. არავის უნდა მსხვერპლის როლში ყოფნა და მგონია, რომ ამიტომაცაა ბევრი ასეთი შემთხვევა.

- როგორ შეცვლის ეს ამბავი შენს ცხოვრებას?

7 ნაკერი დამადეს თავის ჭრილობაზე. ძალიან გამომფიტა ამ ამბავმა. დიდი სტრესი მივიღე.

საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 17 წლის არასრულწლოვნები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG