Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი რუსეთის 70 დიპლამატს აძევებს, სადავო რეპუტაციის ელჩი რჩება


რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა (საილუსტრაციო ფოტო)

თუკი ელჩების მოვალეობაა თავიანთ ქვეყანასა და მასპინძელ სახელმწიფოს შორის კეთილი ურთიერთობების გამყარება, მაშინ ელეონორა მიტროფანოვა საკუთარ ამოცანას თავს ვერ ართმევს.

მას შემდეგ, რაც ბულგარეთში რუსეთის ელჩის თანამდებობა დაიკავა 2021 წელს, მიტროფანოვამ ბულგარელთა დიდი ნაწილის განრისხება მოასწრო მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას რუსეთთან მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვს.

მან ბულგარელებს „დასავლეთის ლაქიები“ უწოდა მაშინ, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ამავე დროს მიტროფანოვას კავშირი აქვს ბულგარეთის ყოფილ პარლამენტართან, რომელსაც სოფია წარსულში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდა ბრალს.

69 წლის მიტროფანოვამ ასევე გაააქტიურა საელჩოს საქმიანობა სოციალურ ქსელებში, ძირითადად დეზინფორმაციისთვის მხარის დასაჭერად და ახალი დეზინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. ამის გამო უკვე რამდენიმე თვეა, ბულგარეთის პოლიტიკოსები მის გადაყენებას მოითხოვენ.

მარამ მიტოფანოვა არ იყო რუსეთის იმ 70 დიპლომატს შორის, რომელთა გაძევების შესახებაც გამოაცხადა 28 ივნისს სოფიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიმავალი პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ეს ნაბიჯი წარმოადგენს უკანასკნელ წლებში სოფიის მიერ რუსეთის დიპლომატების გაძევების ყველაზე მასშტაბურ შემთხვევას. ამის შედეგად ბულგარეთში რუსეთის დიპლომატიური კორპუსი ნახევარზე უფრო მეტით შემცირდა.

„ბულგარეთს გადაწყვეტილი აქვს გააძევოს რუსეთის 70 დიპლომატი... ჩვენმა [უშიშროების სამსახურებმა] დაადგინეს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ,“ განუცხადა 28 ივნისს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა.

„ეროვნული უსაფრთხოების მუქარად“ მიჩნეულმა ამ პირებმა ქვეყანა 3 ივლისამდე უნდა დატოვონ, განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გააძევა რუსეთის დიპლომატები მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 24 თებერვალს ჯარები გაგზავნა უკრაინაში.

პეტკოვმა რუსეთის მიმართ უჩვეულოდ მკაცრი პოზიცია დაიკავა. ბულგარეთს მოსკოვთან ჩვეულებრივ მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა კომუნისტურ პერიოდში და პოსტსაბჭოთა პერიოდშიც დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსი ტურისტების სასურველი დასასვენებელი ადგილი. თებერვალში პეტკოვმა თავდაცვის მინისტრი მოხსნა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა „ომი“ ეწოდებინა უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“, როგორც რუსეთი უწოდებს ამ ომს.

ბულგარეთმა მარტში უკვე გააძევა რუსეთის ათი დიპლომატი. სოფიამ მიზეზად დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა დაასახელა.

მართალია, ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მაგრამ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის ახლო მოკავშირე და დღემდე მჭიდრო კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან.

გამოცდილი დიპლომატი

მიტროფანოვა გამოცდილი დიპლომატია. ის ბულგარეთში რუსეთის ელჩად 2021 წლის იანვარში დაინიშნა. წარსულში 2009 წლიდან 2016 წლამდე იყო რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს კულტურის უწყებაში, იუნესკოში, ასევე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

სოფიაში თავისი პოსტის დაკავებამდე მიტროფანოვა ხელმძღვანელობდა „როსსოტრუდნიჩესტვოს“. 2008 წელს შექმნილი ამ უწყების მოვალეობაა რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა უცხოეთში, იმათი მოზიდვა და ორგანიზება, ვისაც მოსკოვი „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს უწოდებს“. უცხო ქვეყნებში ეთნიკური რუსების ჯგუფების ორგანიზება წარსულში არაერთი ქვეყნის ეჭვებს იწვევდა.

25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან სულ რაღაც ერთ დღეში, მიტროფანოვა შეხვდა ბულგარეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და ბულგარეთში მთავარი პრორუსული ლობისტური ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკოლაი მალინოვს. 2019 წელს მალინოვი მოსკოვში ჩავიდა, რათა პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიეღო ჯილდო.

2019 წელს ბულგარეთის პროკურატურამ მალინოვს ბრალი დასდო ფულის გათეთრებაში და სახელმწიფო საიდუმლოს გადაცემაში რუსეთში მოქმედი ორი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც კრემლთან და უშიშროების სამსახურებთან აქვთ კავშირები.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მიტროფანოვა მასმედიის ქარ-ცეცხლში მოყვა სოცქსელებში გაკეთებული კომენტარებისთვის, რომლებიც მრავალმა ბულგარელმა უხეშ შეურაცხყოფად აღიქვა.

„დასავლეთის ლაქიები“

ფეისბუკში, რუსეთის საელჩოს გვერდზე მიტროფანოვამ 28 თებერვალს დაწერა, რომ დიპლომატიურ მისიას ახლა Telegram-შიც აქვს საკუთარი არხი, რათა უფრო ეფექტიანად გაუწიოს წინააღმდეგობა „ვაშინგტონისა და მისი ევროატლანტიკური ბაზების მხრიდან საინფორმაციო აგრესიას“, რასაც, მისი თქმით, აწყდება რუსეთი.

ის ამაზე არ შეჩერებულა და ბულგარელებს ბრალი დასდო, რომ ისინი დასავლეთის ლაქიები არიან. თავის ბრალდებაში მან გამოიყენა სიტყვა „ღამის ქოთანი“.

ბულგარეთის განრისხებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მარტს რუსეთის საელჩოს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და მოითხოვა შეურაცხმყოფელი პოსტების მოშორება და ბოდიშის მოხდა. საელჩოს არცერთი არ გაუკეთებია.

მიტროფანოვამ ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეადარა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომს, რომელმაც ხელი შეუწყო ბულგარეთის გათავისუფლებას ოსმალეთის იმპერიის ხუთსაუკუნოვანი ბატონობის შემდეგ.

ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ ბულგარელი ხალხი მხარს უჭერს კრემლს განსხვავებით „აბსოლუტურად პროამერიკული“ მთავრობისგან. ეს განცხადება მან გააკეთა 3 მარტს, ბულგარეთის სახელმწიფო დღესასწაულზე, განთავისუფლების დღეს. ამ დღეს ქვეყანა ზეიმობს 1878 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებას რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ.

მიტროფანოვას ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა ბულგარეთის მოსახლეობის მზარდი უარყოფითი დამოკიდებულება პუტინისა და რუსეთის მიმართ.

სტაჟიანმა ბულგარელმა პოლიტიკოსმა, გაეროში ბულგარეთის ყოფილმა ელჩმა სტეფან ტაფროვმა მარტში ბულგარეთის მთავრობას მოუწოდა, ქვეყნიდან გაეძევებინა მიტორფანოვა. მისი თქმით, რუსეთის ელჩის მოქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას, რომლითაც, სხვათა შორის, გარანტირებულია დიპლომატების იმუნიტეტი ადგილობრივი კანონების მიმართ.

მიმავალი კოალიციის წევრმა, „დემოკრაიულმა ბულგარეთმა“, 6 აპრილს მოითხოვა, მიტროფანოვა პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ტეოდორა გენჩოვსკამ მას ბულგარეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დასდო ბრალი.

30 ივნისისთვის მიტროფანოვას ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული კომენტარი ბულგარეთიდან რუსეთის დიპლომატების გაძევების განკარგულებაზე.

პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა, რომლის პროდასავლური მთავრობა დამარცხდა მას შემდეგ, რაც 22 ივნისს პარლამენტმა მას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ, 29 ივნისს განაცხადა, რომ სოფიაში რუსეთის საელჩომ „დროებით შეწყვიტა მუშაობა“.

„ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი პირდაპირ მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურებში და მათი დიპლომატიური თანამდებობები მხოლოდ შირმა იყო,“ თქვა პეტკოვმა.

„როცა უცხოეთის მთავრობები ცდილობენ ბულგარეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, ჩვენ გვაქვს მკაფიო ინსტიტუტები, რომლებიც მზად არიან რეაგირებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კვირას (3 ივნისი) 70 ადამიანით სავსე თვითმფრინავე გაფრინდება მოსკოვში.“

სტატია ტონი ვესოლოვსკიმ დაწერა რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის მასალებზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG