Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს - რას ფიქრობენ თბილისელები მეტროში გამოჩენილ ბანერებზე


ერთ-ერთი ბანერი რუსთაველის მეტროსადგურზე
ერთ-ერთი ბანერი რუსთაველის მეტროსადგურზე

რამდენიმე დღეა თბილისის მეტროს სადგურებში გამოჩნდა "კოალიცია ინფორმაციის სანდოობის" მიერ დამზადებული ბანერები "რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს". 

რადიო თავისუფლებამ მეტროში მგზავრებს ჰკითხა, რას ფიქრობენ ბანერების გამოჩენასა და მათ შინაარსზე. 20 გამოკითხულიდან 8-მ თქვა, რომ ბანერის შინაარსს ეთანხმება, 4-მა პირიქით თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში ომის დაწყებითაა დაინტერესებული და კიდევ 8-მ საერთოდ არ ისურვა აზრის გამოთქმა.

"მაღიზიანებს ეს ბანერი. სიტყვა რუსეთის ხსენება არ უნდა იყოს საქართველოში, რადგან დამპყრობელია. პუტინი თუ ომს მოინდომებს, ვინ გადაუდგება წინ. დასავლეთს არაფერში აწყობს, ან საერთოდ ომი რა საჭიროა. რუსის ჯარში ვიმსახურე, მაგრამ მაგენმა იმდენი ცუდი გაუკეთეს საქართველოს, არც უნდა გავიხედოთ იმათკენ", - ამბობს 63 წლის ომარ მაღრაძე.

"ვეთანხმები ამ ბანერის შინაარსს. რუსეთია დაინტერესებული [საქართველოში ომის დაწყებით]. რუსეთი იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც ადრე 1990-იანი წლებიდან დაიწყო. დასავლეთი როგორც გვიჭერდა მხარს, ისე გვიჭერს", - ამბობს 29 წლის ზურაბ წამალაიძე.

"ზღაპარია. არ გვითრევს დასავლეთი ომში. ჩვენი გზა ევროკავშირია, სხვა გზა არ გვაქვს. ესენი [საქართველოს მთავრობა] რუსების მონები არიან და როგორი მესიჯებიც უნდათ, იმას ავრცელებენ", - თქვა ირაკლი აბულაძემ.

"ომი საქართველოში დასავლეთს და ამერიკას აწყობს. ასე ფიქრობს ბევრი ჩემსავით. უნდათ, რომ ჩვენც ჩაგვითრიონ და აქ გაჩაღდეს კიდევ მეორე კერა", - ფიქრობს მანანა ჭანტურიშვილი.

"რუსეთს რომ ნდომოდა ომი, აქამდე ათასჯერ დაიწყებდა. რუსეთს არა და დასავლეთს კი უნდა ომი. რაც უფრო მეტი ქვეყანა დაიწყებს რუსეთთან ომს - ყაზახეთი, ჩვენ, ყარაბაღი, უკრაინა, მოლდოვა…, მით უფრო დაკარგავს რუსეთი ძალას, ფულს, იარაღს და ყველაფერს, ამიტომ უნდათ ომი", - მიაჩნია არაიკა გაბრიელიანს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული კოალიციის "ინფორმაციის სანდოობისთვის" ერთ-ერთი წარმომადგენელი და "სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ კამპანიის მიზანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ მტერი.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და თითქოს შეხსენება არ გვჭირდება, რომ ჩვენი მტერი არის რუსეთი, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ოკუპაცია ორჯერ მოახდინა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც, პრორუსული ძალები იქნებიან თუ ანტიდასავლური, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

მათ შორის უკავშირდება აგვისტოს ომის 14 წლისთავს. გვგონია, რომ იმ გმირების შეურაცხყოფაა ეს დეზინფორმაცია, რომლებიც აგვისტოს ომს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ", - ამბობს ნინო დოლიძე.

ბანერების გარდა, კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის" მსგავსი შინაარსის ვიდეოების გამოქვეყნებასაც გეგმავს.

მეტროსადგურებზე ბანერების გაკვრაზე დასმულ კითხვაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში დასავლეთის მხრიდან ომის დაწყების სურვილზე "დისკუსია არ არის შესაძლებელი".

"ბანერებზე, თუ არ ვცდები, წერია, რომ ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს. არ ვიცი, ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს... ჩვენ არათუ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია ამ თემაზე, კითხვებიც კი არ დაგვისვამს საჯაროდ. ჩვენთვის საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის შესაძლებელი. თუმცა საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ. მათ შორის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, კითხვებზე პასუხები და არპასუხები. საზოგადოებამ იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი… საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნებს", - თქვა კობახიძემ.

საქართველოს "ომში ჩათრევის" მცდელობაზე საუბარი "ქართული ოცნების" ლიდერებმა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობაში თავდაპირველად "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებდნენ.

28 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში ომის დაწყება სურს. ამის შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერებს არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში მეორე მარიუპოლი დატრიალდებოდა.

28 ივნისს, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ არსებობენ "დიდი ძალები", რომელთაც საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა ამოძრავებთ.

27 ივლისს "გარკვეული ძალების" მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობები ღია წერილში, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა.

წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება".

ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა გაამხილა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით 21 მარტს შეხვდა. თუმცა დეგნანთან შეხვედრის შინაარსს არ შეხებია.

ელჩმა დეგნანმა 28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ ივანიშვილთან საუბარი ომში საქართველოს ჩართვაზე არ ყოფილა.

"საქართველოს ომში ჩართვის" შესახებ ამერიკის მიმართ ბრალდებას ტვიტერზე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი.

"საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა ვიყოთ მკაფიო: აშშ-ს სურს, ისე დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში, რომ უკრაინამ ერთი ინჩიც არ დაკარგოს. ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. ეს [თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა] აბსოლუტურად მცდარია", - დაწერა კინზინგერმა ტვიტერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG