Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდებენ დეესკალაციისა და მოლაპარაკებისკენ


რუსეთის "სამშვიდობო ძალების" სამხედროები ყარაბაღში. 2020 წლის დეკემბერი
რუსეთის "სამშვიდობო ძალების" სამხედროები ყარაბაღში. 2020 წლის დეკემბერი

აშშ-მა ღრმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-ის მოწოდებაა დაუყოვნებლივი ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისა და შემდგომი ესკალაციის აღკვეთისკენ. პრაისის თანახმად, დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველი და მდგრადი გადაწყვეტის აუცილებლობას.

კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდა ევროკავშირმაც. მისი განცხადებით, აუცილებელია დაძაბულობის შემცირება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულად დაცვა და მოლაპარაკების სფუძველზე სიტუაციის მოგვარების გზების მოძებნა. ევროკავშირი ადასტურებს, რომ კვლავაც მზად არის ამ პროცესს დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად.

ბოლო დღეებია მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სიმაღლის დასაკავებლად „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტულ-დივერსიული ოპერაციის" შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, რასაც მოჰყვა საპასუხო შეტევა და კონტროლის დამყარება რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, 2 სამხედრო დაიღუპა და 19 დაიჭრა.

მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შემდეგ მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა, რეგიონში კი, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა.

XS
SM
MD
LG