Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმი და უსაფრთხოება - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 აგვისტოს


ტურიზმი და უსაფრთხოება - როგორ ხვდებიან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში და სხვაგან

ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო, ბინადრობის წესების შემოღებას ითხოვს. უკვე დარეგისტრირდა შესაბამისი ონლაინპეტიციაც. „ქართული ოცნება“ კი ამ მოთხოვნას ომში ჩართვის მცდელობად აღიქვამს.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოსკენ ლტოლვისა და ქვეყანაში დამკვიდრების მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლების გამო შეზღუდვების დაწესებას ითხოვს პარტია „ლელო“ და ინიციატივას ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებით ხსნის. პარალელურად, ვრცელდება ელექტრონული პეტიციაც, რომელსაც 4 აგვისტოს 19:00 საათის მონაცემებით უკვე 15 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.

ბელარუსი და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წელი დარჩენა შეუძლიათ. ერთი წლის შემდეგ, თუკი საქართველოდან ცოტა ხნით გავლენ და ისევ დაბრუნდებიან, ახალი ერთწლიანი ვადის ათვლა 0-დან დაიწყება.

უვიზო რეჟიმის პირობებში, საქართველოს მსგავსი ხელსაყრელი პირობებით რუსეთის მოქალაქეები იმ ქვეყნებშიც კი არ სარგებლობენ, რომლებიც მტკიცე მოკავშირეებად მიიჩნევიან. მაგალითად, სომხეთში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 180 დღე შეუძლიათ, სერბეთში - 30 და ა.შ.

რამდენი ადამიანი შემოვიდა წელს რუსეთიდან და ბელარუსიდან? როგორ ახერხებენ ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლას? ეს და სხვა დეტალები წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

აბსურდული მტკიცებულებები კახელი ბიზნესმენის დაპატიმრების საქმეში

სიღნაღის სასამართლო 8 თვის წინ დაპატიმრებული კახელი ბიზნესმენის საქმის განხილვას ასრულებს. 34 წლის ლევან ბიძინაშვილს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას და ტარებას ედავება. ბიზნესმენი ამბობს, რომ იარაღი სამართალდამცავებმა “ჩაუდეს”.

“არ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა ვაღიარო?! გაფორმებული იარაღები მილაგია სახლში, ის არ გამომიტანია, უკანონოდ არ გადამიადგილებია”, ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც რადიო თავისუფლების კითხვებს წინასწარი პატიმრობის საკნიდან უპასუხა. ლევან ბიძინაშვილს დანაშაულისთვის, რომელსაც არ აღიარებს, 4-დან 7 წლამდე ციხე ელის.

ლევან ბიძინაშვილი “რადიო თავისუფლებას” ციხიდან მიცემულ ინტერვიუში ეუბნება, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწაა, რომელიც არ დათმო.
“დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტრიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან“.

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე გიყვებათ, როგორ “იკერება” საქმე და როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში, თუკი რამდენიმე პოლიციელი თქვენ წინააღმდეგ იდენტურ, თუნდაც აბსურდულ ჩვენებებს მისცემს, პროკურატურა კი ამ ჩვენებებზე დაყრდნობით ბრალდებას წაგიყენებთ.

წაიკითხე მეტი.

პუტინი და ერდოანი ერთმანეთს სოჭში ხვდებიან

სოჭში დღეს ერთმანეთს შეხვდებიან თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები. ეს ვლადიმირ პუტინისა და რეჯებ ტაიპ ერდოანის მეორე შეხვედრაა ბოლო ერთ თვეში და მას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა სისრულეში მოყვანილი შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე უსაფრთხოდ გატანის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში იქნება მარცვლეულთან დაკავშირებული შეთანხმება, ისევე როგორც, სირიაში ქურთების ძალების წინააღმდეგ თურქეთის ახალი შეტევა, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერა აქვს.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ იქნება. კრემლის პრესმდივანმა ამის მიზეზად თურქეთის დელეგაციის მოუცლელობა დაასახელა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

კიევი აკრიტიკებს Amnesty International-ის ანგარიშს, რომელშიც უკრაინის არმიის მიერ ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაზეა საუბარი

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან თავდაცვის დროს უკრაინელი სამხედროები საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო ბაზების შექმნითა და შეიარაღების განთავსებით საცხოვრებელ ადგილებში, მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "ამნესტი ინტერნეიშენალის" განცხადებას უსამართლო უწოდა და ორგანიზაციას მოუწოდა, არ ჩაერთონ "ყალბი რეალობის შექმნაში, სადაც ცოტათი ყველა დამნაშავეა".

წაიკითხე მეტი.

ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის ხიმკის საქალაქო სასამართლომ 4 აგვისტოს 9 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა კალათბურთში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ ბრიტნი გრაინერს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და კონტრაბანდაში.

პროკურატურა სპორტსმენისთვის ცხრა-ნახევარი წლით პატიმრობას მოითხოვდა.

4 აგვისტოს სასამართლოზე თავის ბოლო სიტყვაში გრაინერმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია განზრახვა დაერღვია კანონი.
CNN-ი გრაინერის ერთ-ერთ ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

წაიკითხე მეტი.

„ნაცისტები, ბარში არ შეგვიშვეს“ - რაზე წუხს რუსი ტურისტი თბილისში

თბილისში ერთ-ერთი ცნობილი „დედაენის ბარი“ უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის მოქალაქეებზე „ვიზას“ გასცემს.
„ჩვენ ვიცავთ თანასწორობასა და ერთიანობას, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტვინგამორეცხილი რუსი იმპერიალისტები არ აღმოჩნდებიან ჩვენს ბარში“, - წერია ბარის საიტზე, რომელიც რუს მომხმარებლებს სთხოვს, დაადასტურონ:

  • პუტინისთვის ხმა მიმიცია, ის დიქტატორია
  • ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
  • მომწონს ფრაზა „Russkii Voennii Karabl, Idi Na X*i“
  • დიდება უკრაინას

ასევე, ბარი რუსეთის მოქალაქეებს სთხოვს, პერსონალს ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკონ და ნასვამები არ ჩაერთონ პოლიტიკურ დისკუსიებში.

ამ პოლიტიკის გამო, „დედაენის ბარს“ ათასობით უარყოფით შეფასებას უწერენ სოციალურ ქსელებში. რამდენიმე საათში ათასობით უარყოფით გამოხმაურებას „დედაენის ბარში“ ორგანიზებულ კიბერშეტევად აღიქვამენ.

წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG