დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას М270 ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების მორიგი პარტია გადასცა. ინფორმაციას ტვიტერის გვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს და წერს, რომ სისტემები უკვე კიევშია.
„დიდი ბრიტანეთი დაგვპირდა. დიდმა ბრიტანეთმა შეასრულა! მადლობას ვუხდი თავდაცვის მინისტრს ბენ უოლისს და ბრიტანელ ხალხს. თქვენი დახმარება საკვირველია და ესოდენ საჭიროა უკრაინისთვის. უკრაინული არმია ამ „შენაძენს“ ოსტატურად გამოიყენებს ბრძოლის ველზე. P.S. მალე მეტი „საჩუქარი“ ჩამოგვივა“, - წერს რეზნიკოვი.
ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა М270-ს (ამერიკული HIMARS-ის ანალოგი) 80 კილომეტრის რადიუსში მოქმედი მაღალი სიზუსტის, ხმელეთი-ხმელეთი ტიპის 12 რაკეტის გასროლა შეუძლია, რაც გაცილებით მძლავრი იარაღია, ვიდრე უკრაინის ხელში დღეს არსებული არტილერია.
რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო საჭიროებებისთვის დამატებით 1.5 მლრდ ევროს გამოყოფასაც დაჰპირდნენ. ამის შესახებ კოპენჰაგენში 26 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების კონფერენციაზე ითქვა.