საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში დადგენილ სავიზო რეგულაციის გადახედვას არ აპირებს. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო დღესდღეობით არანაირი რისკები არ ჩანს.
„საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ, თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს, არ არსებობს. დანარჩენი არის სპეკულაციები და უკავშირდება ისევ და ისევ ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას, რომელშიც, ბუნებრივია, არ შევყვებით რადიკალურ ოპოზიციას", - თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხზე ხელოვნურად არის აჟიოტაჟი ატეხილი.
„[რუსეთის მოქალაქეების] არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება. არავითარი რისკები არ დასტურდება, რა თქმა უნდა, პირველი, ხელისუფლება არის დაინტერესებული იმით, რომ თუ რაიმე რისკები არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს, არავითარი რისკები არ ფიქსირდება. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები, ისინი აკონტროლებენ ამ ყველაფერს. თქვენ გახსოვთ პირველი აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა. წარმოაჩენდნენ ისე, რომ ქვეყანა დაიქცეოდა რამდენიმე დღეში, თუმცა გავიდა ნახევარი წელი და არაფერი არ მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი. ზუსტად ასევეა შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟი", - მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.
ოპოზიციური პარტია „ლელო" უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან მოითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან. „ლელო" მოითხოვს დროებითი ზომების შემოღებას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ბლოკის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა კომპრომისი გამონახონ და უთანხმოება გადალახონ დისკუსიაში, რომელიც ეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას, როგორც სანქციას მოსკოვის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრაზე.
31 აგვისტოს, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეს, ბორელმა ჟურნალისტებს უთხრა, "მოგვიწევს შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება".
რუსებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ბოლო დღეებში დაისვა აქტიურად, მაგრამ საიმისოდ, რომ ეს ზომა რუსეთის მიმართ მორიგ სანქციად იქცეს, ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.