Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგაშვილი: ოცნებამ, მოსკოვთან შეთანხმებით,რუსი სპეცაგენტები არ გააძევა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმარი სოსო გოგაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, სადაც "სკრიპალების საქმის" შემდეგ საქართველოდან რუსეთის აგენტების გაძევებაზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან ათანხმებდა იმ აგენტების ვინაობას, ვინც საქართველოდან უნდა გაეძევებინათ. გოგაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ კრემლთან შეთანხმების შემდეგ ქვეყნიდან გააძევა არა 10 დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე აგენტები, არამედ "ერთი ქალი", რომელსაც დიპლომატის სტატუსი არ ჰქონდა.

"ალბათ ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან. მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლიდარობის აქციაში ჩართვა. პირადად მე დამევალა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში. გავაკეთეთ 10 კაციანი სია, (“ფსბ”, “გრუ” და “ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა “ქოცებმა”, “შეგვაქეს” კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს , რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი" - წერია გოგაშვილის ციხიდან გავრცელებულ წერილში. მისი მტკიცებით, ამავე პერიოდში რუსეთმა გამოაძევა "ნამდვილი დიპლომატი" საქართველოდან.

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა გოგაშვილის წერილში მონათხრობის კომენტირებისთვის. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 2018 წელს მოწამლეს რუსული წარმოების ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“.

თავდასხმის განხორციელებაში ბრიტანეთმა დაადანაშაულა გრუ-ს ორი ოფიცერი, რომლებიც ბრიტანეთში ჩავიდნენ რუსლან ბაშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახლებით, რეალურად კი იყვნენ გრუ-ს ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი. 2021 წლის 21 სექტემბერს კი დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სკრიპალების მოწამვლაში მონაწილეობისთვის ბრალი წარუდგინა მესამე პირს, რომელიც სერგეი ფედოტოვის სახელით იყო ცნობილი.

სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა გააკეთეს განაცხადი თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. გაძევება ეხებოდა დაახლოებით 150 ადამიანს.

2018 წლის 29 მარტს საქართველომაც გამოაცხადა გადაწყვეტილება შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაძევების თაობაზე. მას საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს.

XS
SM
MD
LG