რუსეთ-საქართველოს საზღვართან მყოფ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ეხებათ და ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, სამხედრო უწყებებს ურიგებენ. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"საქართველოს საზღვართან გაწვევის ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, მათ რიგებშია სამხედრო კომისარიატისა და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასვლისას ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი გაწვევას. თუ არსებობს მონაცემები, რომ გაწვევას ექვემდებარება, ამ შემთხვევაში მას უწყება გადაეცემა“, - უთხრა წყარომ საინფორმაციო სააგენტოს.
მოგვიანებით, რეგიონის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ “ზემო ლარსთან” უწყებებს მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს ურიგებენ.
მანამდე რეგიონის შსს-მ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 5.5 ავტომობილი დგას რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მათ შორის 3.6 მსუბუქი ავტომობილია.
საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, უახლოეს პერიოდში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა, ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყების ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსის და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით თათბირი გაიმართა.
ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ დაადასტურა ასევე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ქვეითებს საზღვრის კვეთის ნებას რთავს. მათივე განმარტებით, საზღვრის მიმართულებით მანქანების ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ არ მიუმართავთ ყაზახეთისა და საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის ამ ქვეყნებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის არ გაუგზავნია განკარგულება რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში. მათივე განმარტებით, ასეთი არც გეგმაა შემუშავებული.
მანამდე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი რუსეთს არ გადასცემს მის მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის გამო სამხედრო კომისარიატები ეძებენ, თუკი მათ წინააღმდეგ აღძრული არ არის სისხლის სამართლის საქმეები.
მინისტრის თქმით, ყაზახეთს და რუსეთს გაფორმებული აქვთ სამართლებრივი დახმარების და მსჯავრდადებულების და დამნაშავეების ექსტრადიციის შეთანხმება და აქ მთავარი პრინციპია სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება. ახმეტჟანოვის თანახმად, თუ რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ სამხედრო კომისარიატები ეძებენ, ეს არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს რუსეთისთვის მათ გადასაცემად.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, ყაზახეთში ჩავიდა რუსეთის 98 ათასი მოქალაქე და მათგან 64 ათასმა ქვეყანა უკვე დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე ცდილობს ქვეყანა დატოვოს და სახმელეთო გზებით გადავიდეს ძირითადად მონღოლეთის, ყაზახეთის და საქართველოს ტერიტორიებზე.