უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა საინფორმაციო ტელემარათონის მსვლელობისას ისაუბრა იმ პირობებზე, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან.
„გაიყვანეთ ჯარები, დადექით სადმე საზღვრიდან მოშორებით და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ლაპარაკს. ყველაფერი, რაზეც რუსეთი ლაპარაკობს, ეს არ შეეხება მოლაპარაკებებს. ეს არის ადამიანების კვნესა, რომლებიც ხვდებიან, რომ აგებენ, გამოიყურებიან საცოდავად, მაგრამ სურთ ან ოპერატიული პაუზის აღება, ან გაჩერება სადმე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
პოდოლიაკის განცხადებით, მხოლოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს მოლაპარაკებების დაწყების დრო:
„ხომ არ შეიძლება, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ეფექტურად იბრუნებდნენ ხერსონის ოლქს, ხოლო ამ დროს ვიღაც გვთავაზობდეს მოლაპარაკებებს, რომ წაგებულმა რუსეთმა რაიმე მაინც მიიღოს, ანუ წაიღოს მთელი რიგი ტერიტორიები“.
პოდოლიაკი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ რუსეთისაგან უნდა მიიღოს მიყენებული ზიანის კომპენსაცია, ხოლო უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და დაისაჯონ.
უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსეთის ჯარმა დატოვა, უკრაინელი მოხელეები ბრუნდებიან და იწყებენ „სტაბილიზების“ პროცესს, მუშაობას შეუდგა პოლიცია, სახელმწიფო რადიო და ტელევიზია. ქალაქში ჩავიდა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი იაროსლავ იანუშევიჩი.
ხერსონი რამდენიმე თვე ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად.“