ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი გეგმავს, მომავალ კვირაში კლინიკა "ვივამედში" მოინახულოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჟურნალისტებთან კომენტარში მანვე აღნიშნა, რომ ისურვებდა მიხეილ სააკაშვილს სრულყოფილი მკურნალობის საშუალება ჰქონდეს.
"ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, ადამიანები დაბნეულებიც კი არიან. მე ვგეგმავ მომავალ კვირაში პატიმრების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს, თუმცა სრული ინფორმაცია ნამდვილად არ ვიცი. კადრები ხშირად ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან ხოლმე...
მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, სრული მკურნალობა მიიღოს, რათა დაცული იყოს მისი, როგორც ადამიანის, როგორც პიროვნების, როგორც პატიმრის სიცოცხლე", - თქვა მიტროპოლიტმა.
22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.