Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: პროტესტის უფლების დაცვაში ხელისუფლებას შეუცვლელი ფუნქცია აკისრია


"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს" - აშშ-ის საელჩო საქართველოში
"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში კვლავ ეხმაურება თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ პროტესტის უფლების დაცვაში ხელისუფლებას შეუცვლელი ფუნქცია აკისრია.

"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო და ელჩი კელი დეგნანი რამდენჯერმე გამოეხმაურნენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"არა რუსულ კანონს" - ამ მოწოდებით ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება.

გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

XS
SM
MD
LG