Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები: კახოვკის ჰესის დანგრევის გამო ზაპოროჟიეს აესი განუსაზღვრელი ვადით იქნება გაჩერებული


კახოვკის კაშხლის დანგრევის გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის განუსაზღვრელი ვადით გამოვიდა მწყობრიდან.
კახოვკის კაშხლის დანგრევის გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის განუსაზღვრელი ვადით გამოვიდა მწყობრიდან.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების მთავარი შედეგი უშუალოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის იქნება ის, რომ აესი ახლა განუსაზღვრელი ვადით იქნება გამორთული. ამის შესახებ BBC იტყობინება ექსპერტებზე დაყრდნობით.

„ვფიქრობ, ის უკვე არაერთი წლით გამოეთიშა ეროვნულ სახალხო მეურნეობას. ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენი წლით. მაგრამ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ჩაირთვება“, - ამბობს ოლექსანდრ კუპნი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდა 1988-2009 წლებში. ზაპოროჟიეს აესში ის რამდენიმე წელი მუშაობდა და სადგურზე ორი ენერგობლოკის მშენებლობას კურირებდა.

ზაპოროჟიეს აესში სულ ექვსი ენერგობლოკია და გასული წლის სექტემბრიდან ყველა გაჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აესი ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებს.

მაშინაც კი, თუ წარმოვიდგენთ, რომ „ხვალ მოხდება სასწაული, უკრაინა გაათავისუფლებს ზაპოროჟიეს აესს და მის ამუშავებას მოისურვებს,“ ეს ვერ მოხერხდება კახოვკის წყალსაცავში წყლის ნორმალური დონის გარეშე, განაცხადა ნორვეგიული ეკოლოგიური ორგანიზაცია Bellona-ს ატომური პროექტის ექსპერტმა დმიტრი გორჩაკოვმა.

ამასთან, ამ დროისთვის კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო ზაპოროჟიეს აესის უსაფრთხოებისთვის არანაირი რისკი არ არსებობს. ამაზე BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ეთანხმებიან ოფიციალურ პირებს.

„აშკარაა, რომ კაშხლის განადგურება გამოიწვევს წყლის დონის შემცირებას კახოვკის წყალსაცავში. მაგრამ ეს არის უზარმაზარი რეზერვუარი, საიდანაც წყალს იღებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად. ოღონდ არაპირდაპირი გზით. იქ არის სპეციალური იზოლირებული გამაგრილებელი აუზი და მასში წყალი არ იკლებს“, - ამბობს გორჩაკოვი.

გამაგრილებელი აუზის დონე უფრო მაღალია, ვიდრე კახოვკის წყალსაცავი და იგი წყალსაცავისგან დაცულია საკუთარი კაშხლით, რომელსაც შეუძლია წყლის შეკავება, განმარტავს კუპნი.

გარდა ამისა, გამაგრილებელი აუზის წყალი არ გამოიყენება ზაპოროჟიეს აესის რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად - მისი ძირითადი მოცულობა გამოიყენებოდა ტურბინის კონდენსატორის გასაგრილებლად, მაგრამ ახლა, როდესაც ქარხანა ცივ მდგომარეობაშია და ტურბინები არ მუშაობს, გამაგრილებელი აუზის წყალი მცირე რაოდენობით გამოიყენება.

ახლა ზაპოროჟიეს აესის ენერგობლოკები ცივდება არა პირდაპირ კახოვკის რეზერვუარიდან და არა გამაგრილებელი აუზიდან, არამედ სპეციალური სასხურებელი აუზების სისტემის დახმარებით, რომლებიც განლაგებულია სადგურის ტერიტორიაზე, განმარტავს გორჩაკოვი.

„ეს სისტემა მოიხმარს ცოტა წყალს და აუცილებლობის შემთხვევაში მისი შევსება შესაძლებელია სხვადასხვა გზით - როგორც რეზერვუარიდან, ასევე გამაგრილებელი აუზიდან. იმის გამო, რომ აუზი იზოლირებულია და სადგური თითქმის ცხრა თვის განმავლობაში გათიშულია, ამ დროის განმავლობაში მისი გაგრილების საჭიროება საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ სადგურს ახლა უშუალო საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადა ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტმა დმიტრი გორჩაკოვმა BBC-ს.

XS
SM
MD
LG