Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: ლუკაშენკა პრიგოჟინის სიკვდილის ფონზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს


ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის სიკვდილთან მიმართებით, დააბალანსოს ურთიერთობები კრემლთან და პარალელურად, ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ქვეყნის შიგნით.

ISW-ს ყოველდღიურ ანგარიშში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლუკაშენკას განცხადება ეწინააღმდეგებოდა მანამდე მის მიერ დემონსტრირებულ პოზიციას კრემლსა და პრიგოჟინს შორის წარმატებული გარიგების ხელშეწყობის შესახებ.

„ლუკაშენკა მუდმივად ცდილობდა - სუვერენულ ლიდერად წარმოჩენილიყო, რუსეთის მიერ ქვეყნის [ბელარუსის] ამჟამინდელი დე ფაქტო ოკუპაციის მიუხედავად და, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ ხელს შეუშლის ქვეყნის შიგნით იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ პუტინმა, პრიგოჟინის თითქმის დამტკიცებული მკვლელობით, ცალმხრივად დაარღვია „ვაგნერთან“ დადებული შეთანხმება“, - აღნიშნავენ ISW-ს ანალიტიკოსები.

2023 წლის ივნისში, პრიგოჟინის მეთაურობით „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ შუამავლის როლი შეასრულა პრიგოჟინსა და კრემლს შორის, „ვაგნერის“ მეომრების ნაწილი ბელარუსში გადავიდა.

25 აგვისტოს, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელარუსში ყოფნასთან დაკავშირებით ლუკაშენკამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლო მომავალში, დაახლოებით 10 000 „ვაგნერელი“ მოიყრის თავს და დარჩება, ვიდრე ეს ბელარუსს დასჭირდება. „ისინი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ და იმუშავებენ“, - თქვა მან.

ISW აღნიშნავს, რომ მანამდე მცდარად იწინასწარმეტყველა, რომ ლუკაშენკა თავს შეიკავებდა პრიგოჟინის სიკვდილზე საჯაროდ საუბრისგან, რათა არ გაეღიზიანებინა მოსკოვი. ამის საწინააღმდეგო სვლას ამერიკული ანალიტიკური ცენტრი მიაწერს ლუკაშენკას დაუძლეველ სურვილს - გამოჩნდეს როგორც სუვერენული ლიდერი.

„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავი რუსეთის ტვერის ოლქში, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციით, მგზავრთა სიაში, პრიგოჟინის გარდა, შედიოდა მისი მარჯვენა ხელი, დმიტრი უტკინი. ცხედრების იდენტიფიცირების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

XS
SM
MD
LG