Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელებისთვის მუშაობისას დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება


პოლიცია პარლამენტის შენობის წინ უწყვეტი ანტისამთავრობო აქციის პირისპირ. 22 ოქტომბერი, 2025 წელი
პოლიცია პარლამენტის შენობის წინ უწყვეტი ანტისამთავრობო აქციის პირისპირ. 22 ოქტომბერი, 2025 წელი

მოკლედ

  • შსს-მ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც პოლიციელების და მაშველების სოციალური დაცვის გარანტიები უმჯობესდება.
  • ცვლილებებით, პოლიციელებს მიეცემათ შესაძლებლობა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო, აიღონ ანაზღაურებადი შვებულება ერთი წლის ვადით და ამ დროის განმავლობაში მათი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
  • სოციალური სიკეთეები, სავარაუდოდ, გავრცელდება პოლიციელების ოჯახის წევრებსა და ყოფილ პოლიციელებზეც.

შსს-ს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, ცვლილებები შედის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ცვლილებების შემდეგ:

  • გაორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, ნაცვლად 15 000 ლარისა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა.
  • ასევე, დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული - 500 ლარისა, განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით.
  • იზრდება ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა, გადაეცემა 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.
  • ასევე, კანონს ემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მისი გადაუდებელი სამედიცინო სერვისის, რეაბილიტაციის და ტრანსპორტირების თანხებს სრულად სახელმწიფო დაფარავს. მეტიც, 1-წლიანი ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი ხანგრძლივი შვებულების აღება შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ჯანმრთელობის პრობლემები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ გაჩენილა. ამ შემთხვევაში შვებულება გაიცემა 4 თვით და სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს კიდეც.
  • სოციალური გარანტიები შეიძლება, გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.
  • სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად გაიწერება მინისტრის ბრძანებით. ანალოგიური ცვლილებები შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა იმავე გარანტიებით ისარგებლონ მეხანძრე-მაშველებმა”.


ფორუმი

XS
SM
MD
LG