Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა უკრაინას ორი ცუდი არჩევანიდან აქვს გასაკეთებელი არჩევანი, რადგან იქ, მისი შეფასებით, „მძიმე მდგომარეობაა“ და უკრაინის ხელისუფლებას, „არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება“:

„ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან ჩიხში არის შესული ეს პერიპეტიები და ომი. გამოსავალი ომის გაგრძელება - მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა... პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც იმის დასტურია, რომ ეს არის ორი ცუდი არჩევანიდან არჩევანის გაკეთება. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენ თავსაც დამართოდა, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ქვეყანას „დამანგრეველი ომისკენ ექაჩებოდნენ გარე ძალები და შიდა ოპოზიცია და „ენჯეოები“.

„ამის საპირწონედ, ვხედავდით ყალბ მჯიღის ცემას, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან იმის გააზრების გარეშე, თუ რას წარმოადგენდა საქართველოში ამგვარი ისტერიის დათესვა“.

20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან მიიღო "სამშვიდობო შეთანხმების" გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.

21 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის პარლამენტს და მთავრობას თანამშრომლობისკენ და განაცხადა: „ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს".

უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო ორ დღეში მხარდაჭერა არაერთმა ევროპელმა ლიდერმაც გამოუცხადა.

ევროკავშირის ლიდერები კი დღეს, იოჰანესბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG