ეს განცხადება, რომელიც დიდი ოცეულის (G20) სამიტისას, შაბათს გაკეთდა, არის ნაწილი დასავლეთის ძალისხმევისა კიევისთვის უფრო ხელსაყრელი შეთანხმების შესამუშავებლად ხუთშაბათისთვის დაწესებულ ბოლო ვადამდე - იუწყება სააგენტო "როიტერსი".
იოჰანესბურგში მიმდინარე G20-ის სამიტის პარალელურად, ევროპის და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ლიდერები ცდილობდნენ კოორდინირებული პასუხის შემუშავებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, რომ უკრაინა მის მიერ წარმოდგენილ 28-პუნქტიან გეგმას ხუთშაბათამდე უნდა დათანხმდეს.
ლიდერების შეთანხმდნენ, რომ E3-ის ფორმატის, ანუ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის მრჩევლები ეროვნული უშიშროების საკითხებში კვირას ჟენევაში შეხვდებიან ევროკავშირის, აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს, მოლაპარაკების გასაგრძელებლად. "როიტერსი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე თავის წარმომადგენელს იტალიაც გაგზავნის.
აშშ-ის გეგმას, რომელიც რუსეთის მთავარ მოთხოვნებთანაა შესაბამისობაში, მოზომილი კრიტიკა მოჰყვა ევროპის ბევრ დედაქალაქში - ლიდერები ცდილობდნენ დაბალანსებული პოზიციის გამონახვას ომის დასასრულებლად გაწეული ძალისხმევისთვის ტრამპის შექებასა და შეთანხმებაში კიევისთვის მიუღებელი პირობების კრიტიკას შორის.
"28-პუნქტიანი გეგმის საწყისი პროექტი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ელემენტს, რომლებიც აუცილებელი იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის", - განაცხადეს ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ფინეთის, იტალიის, იაპონიისა და ნორვეგიის ლიდერებმა.
"გვწამს, რომ ეს პროექტი არის საფუძველი, რომელსაც დამატებითი დამუშავება დასჭირდება", - დასძენენ ისინი.
ფორუმი