Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში პუტინის ვიზიტის წინ უკრაინის საელჩო „დამალეს“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბიშკეკში, სახელმწიფო რეზიდენციაში ალა-არჩა. 2025 წლის 26 ნოემბერი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბიშკეკში, სახელმწიფო რეზიდენციაში ალა-არჩა. 2025 წლის 26 ნოემბერი

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის წინ, უკრაინის საელჩოს შენობასთან დიდი ეკრანი დადგეს.

პუტინი ბიშკეკში 26 ნოემბერს ჩავიდა, მეორე დღეს კი მონაწილეობა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში.

სამიტი ჩატარდა ყირგიზეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში. ქუჩის მეორე მხარეს უკრაინის საელჩოს შენობაა. მის წინ კონსტრუქციების აღმართვის შესახებ ჯერ კიდევ 20 ნოემბერს წერდა ჟურნალისტი გრიგორი პირლიკი თავის ტელეგრამ-არხზე „უკრაინა-ცენტრალური აზია“.

უკრაინის საელჩოსთან აღმართულ კონსტრუქციაზე დაამონტაჟეს დიდი ეკრანი, რომელმაც სრულად დაფარა იქ აღმართული უკრაინის დროშა.

ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეკრანი დამონტაჟდა „პროტოკოლური ღონისძიებების ვიზუალური თანხლებისა და სამთავრობო ვიდეომასალების დემონსტრირებისთვის“.

მედიამ უკრაინის საელჩოს „დამალვა“ პუტინის ვიზიტს დაუკავშირა, რაც არ გამორიცხა უკრაინის ელჩის მრჩეველმა დენის ავტონომოვმაც. მან რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს უთხრა, რომ „მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აშკარად არის“.

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ალექსანდრ იუნაშევის ცნობით, ბიშკეკში პუტინის ვიზიტისას ეკრანზე რუსეთის დროშას აჩვენებდნენ.

ერთი წლის წინ, 2024 წლის 27 ნოემბერს, როცა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა მასპინძლობდა და მას პუტინიც ესწრებოდა, ოპერის თეატრთან დამონტაჟებულ ეკრანზე რუსეთის დროშის ნაცვლად უკრაინის დროშა გამოჩნდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ჰაკერების ნამოქმედარი იყო, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG